Accessibility links

logo-print

”ცხინვალის მოვლენებმა” ეკონომიკური პრობლემები უკანა პლანზე გადაიტანა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ეკონომიკური პროცესები, ბუნებრივია, უკანა პლანზე გადასწია. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი ირანს

სტუმრობდა და ამ ვიზიტის წმინდა პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად ექსპერტები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას გამოყოფენ.

თეირანში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა თავის ირანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში ირანული გაზის ტრანსპორტირება შესთავაზა. ეს თემა შემდგომ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ირანის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას დეტალურად განიხილა.
თეირანს მიაჩნია, რომ ქართული მხარის წინადადება ირანისა და საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს შეესაბამება და იგი ორი ქვეყნის სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.

ამ გლობალური პროექტის გარდა, ირანში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ ქვეყანაში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრის მიზნით უახლოეს გეგმებზეც დაიწყო მოლაპარაკება. არ არის გამორიცხული უკვე მიმდინარე წელს, საჭიროების შემთხვევაში საქართველომ ირანიდან გაზი მიიღოს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, შეთანხმება ირანის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირანში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიუღებლად მიიჩნევდა მხოლოდ რუსეთიდან გაზის მიღებას და სერიოზულად განიხილავდა ქვეყნისათვის გაზის მიწოდების სარეზერვო ვარიანტის ამოქმედებას.
ირანიდან საქართველო გაზს მიიღებს უკვე არსებული ქსელით, რომლის აღდგენას სულ ოთხი თვე და 1 800 000 დოლარი დასჭირდება.
გილაურის თქმით, ირანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება საქართველოდან ირანში მინერალური წყლის მიწოდების თაობაზე.
”მიუხედავად იმისა, რომ ირანული გაზი რუსულზე ორჯერ ძვირი ღირს, გაზის მიღების ალტერნატიული წყარო მოძებნილია,“ - აღნიშნავს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.

საინტერესოა, რომ ირანიდან ალტერნატიული ენერგორესურსის მიღების თაობაზე ადრეც იყო საუბარი, თუმცა წინა ხელისუფლებამ ამ პროექტის რეალიზება ვერ მოახერხა. ეკონომიკის ექსპერტი სოსო სიმონიშვილი იხსენებს:

[სოსო სიმონიშვილის ხმა] ”საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში სსრკს-ს და ირანს შორის არსებობდა საკმაოდ სერიოზული გაზსადენი. მოგეხსენებათ, ირანი ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით, როგორც გაზით ისე ნავთობით, და ამ გაზსადენით ამიერკავკასიის რესპუბლიკები მარაგდებოდა ბუნებრივი აირით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს გაზსადენი გაჩერდა, ფუნქციონირება შეწყვიტა. რაღაც მონაკვეთი, მგონი, სერიოზულად არის დაზიანებული და სერიოზული ენერგოკრიზისის პერიოდში დადგა ამ გაზსადენის აღდგენის საკითხი, თუმცა ეს საუბრები შემდეგ აღარ გაგრძელდა და, აი, ამჟამად ისევ მიმდინარეობს ამაზე საუბარი და, შესაძლებელია, განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია.”

გასულ კვირას ქართველ ექსპერტებს შორის ასევე აქტუალური იყო რუსეთის საბანკო სექტორში განვითარებული მოვლენების საქართველოზე შესაძლო გავლენის თემა. ეს თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც 1998 წლის რუსულმა ”ფინანსურმა ქარბორბალამ” და დეფოლტმა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს და, მათ შორის, საქართველოსაც დაატყო თავისი ნეგატიური კვალი. მაშინ საქართველომ საბანკო კრიზისი თავიდან აიცილა, თუმცა ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და ფინანსურ ბაზარს მაინც სერიოზული პრობლემები შეექმნა. რამდენად შეესაბამება რამდენიმე რუსულ ბანკში შექმნილი ლიკვიდურობის პრობლემა ტერმინს ”კრიზისი”, ამის შესახებ დღეს არამარტო ქართველი ფინანსური ექსპერტები მსჯელობენ. ”გუტა ბანკში” შექმნილი პრობლემა, ”ალფა ბანკის” ირგვლივ განვითარებული ჭორები და ”სოცბიზნესბანკისათვის” ლიცენზიის გამოთხოვა რუს ბანკირებს და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის ფინანსურ სექტორში მოსალოდნელ კრიზისზე დაიწყონ საუბარი და ამჟამინდელ აჟიოტაჟს ისინი წმინდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს მიაწერენ. რამდენიმე, თუნდაც, სოლიდურ ბანკთან დაკავშირებული ლიკვიდურობის პრობლემა, მართლაც, ჯერ არ იძლევა შეშფოთების საფუძველს, თუმცა გარკვეული გათვლების გაკეთება და პრევენცია, ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას არ აწყენდა, მით უმეტეს, როცა რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ამ ქვეყანაში ბევრი ქართველია დასაქმებული.

საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს 1998 წლის ფინანსურ კრიზისთან ამჟამინდელი პრობლემების დაკავშირება მთლად მართებულად არ მიაჩნია, თუმცა, თუ პრობლემები რუსულ საბანკო სივრცეში გაგრძელდა და მისი ლოკალიზება ვერ მოხერხდა, არ არის გამორიცხული ”მტკივნეული სცენარის” განვითარებაც. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარტყმას რამდენიმე მიმართულებით უნდა ველოდეთ. ერთი, ეს არის ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის დიდ ნაწილს სწორედ რუსეთი განსაზღვრავს. თუ რუსეთში საბანკო კრიზისი და, რაც კიდევ უფრო საშიშია, ზოგადი ფინანსური კრიზისი განვითარდა, საქართველოდან ექსპორტი ამ ქვეყანაში შემცირდება, რადგან ექსპორტი ავტომატურად გაძვირდება, მისი მოხმარება კი იკლებს, ხოლო იმპორტი, პირიქით, იაფდება და, შესაბამისად, მისი ოდენობა საქართველოში გაიზრდება, რაც უკვე ჩვენი ფინანსური ბაზრისათვის არის ნეგატიური. დღეს რუსეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, ოჯახებში გამოგზავნილი ტრანსფერების სახით, ქვეყანაში ვალუტის სერიოზულ შემოდინებას უწყობენ ხელს და, თუ ამ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისმა მოიცვა, ეს გადმორიცხვები, ბუნებრივია, შემცირდება, რაც, ვალუტის შემოდინების შემცირების და აქედან გამომდინარე ”გვერდითი” მოვლენების გარდა, სოციალური ფონის გაუარესებასაც შეუწყობს ხელს. თუმცა ეს ყოველივე ყველაზე უარესი სცენარია, რომლის განვითარების საშიშროება, ექსპერტების შეფასებით, მინიმალურია. იმავე ბანკების ასოციაციის დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ დღევანდელი რუსეთი გაცილებით მდგრადი და მდიდარი სახელმწიფოა, ვიდრე ეს 1998 წელს იყო, და დასავლური ფინანსური წრეების მისდამი დამოკიდებულებაც პრინციპულად განსხვავებულია:

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] ”მე მეეჭვება რუსეთში გრძელვადიანი ფინანსური კრიზისი ვინმემ დაუშვას, იმიტომ რომ, საქართველოს გარდა, რუსეთში არის შესული ძალიან დიდი ინვესტიციები, გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები, არის მსხვილი უცხოური კომპანიები, რომელთათვისაც რუსეთის კრიზისი იქნება წამგებიანი. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთში გლობალურ ფინანსურ კრიზისს არც დაუშვებს. ”

ამდენად, ექსპერტები რუსეთისა და, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკისთვის ნეგატიური სცენარის განვითარებას არ ვარაუდობენ. იმედია, ეს ვარაუდები გამართლდება, რადგან ქართულ ეკონომიკას, ”საგარეო შოკების” გარდა, საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს.
XS
SM
MD
LG