Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ცივი ომი ცხინვალის კონფლიქტის ფონზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების პარალელურად, რთულდება ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. 10 ივლისს გამართულ

ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალში ვითარების ესკალაციაში რუსეთის „გარკვეული ძალები“ დაადანაშაულა. მისივე განმარტებით, მდგომარეობის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში, ეს იქნება არა ქართულ-ოსური, არამედ საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი. რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება?


ზუსტად ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვის იპოდრომზე პრეზიდენტ პუტინის სახელობის პრიზზე გამართულ რბოლას ესწრებოდა. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ საუბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მან თავისი რუსი კოლეგისგან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პირობა მიიღო.
უფრო ადრე - წელს, იანვარში - თავის საინაუგურაციო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან მეგობრობის იმედი აქვს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ საქართველოს არ სჭირდება რუსეთი, როგორც მტერი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მეგობარი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მოკავშირე, როგორც ძლიერი პარტნიორი. და მე მინდა დღეს რუსეთს გავუწოდო, ქართველი ხალხის სახელით, მეგობრობის ხელი.“
ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე საქართველოს პრეზიდენტის ტონი კარდინალურად იცვლება:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ ეს არის სპეციალურად ინსპირირებული იმისათვის, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები და სასიკეთო ძვრები შეაჩერონ; იმისათვის, რომ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი დაასუსტონ და ეს არის პირდაპირ ინსპირირებული იმპერიალისტური ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“
პარალელურად, იგი მაინც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს და მისი კეთილგონივრულობის სჯერა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვა რუსეთის გარკვეულ ძალთა მოქმედების შედეგია.
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ეს განმარტება, ძნელი სათქმელია. ერთი კი ფაქტია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი თითქმის ყოველდღიურად საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს: 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენებისადმი, ვინაიდან იქ რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ; ოდნავ მოგვიანებით კი ასევე რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ცხინვალის მიმდებარე რაიონში 3 ათასი ქართული წარმოშობის შეიარაღებული პირია გამაგრებული. ასეთი განცხადებები კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში კვლავ ცივი ომის პერიოდი დადგა.
რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მორიგი გართულება? - ამ კითხვის პასუხად, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა:
[ ალექსანდრე რონდელის ხმა] „რუსეთი ეცდება, არ წავიდეს ზედმეტ გამწვავებაზე, ის სტატუს-კვო შეინარჩუნოს, რაც არის, იმიტომ რომ ძალიან გამწვავება ნიშნავს საქართველოს დაჩაგვრას და ასეთი დაჩაგვრის უფლებას არავინ მისცემს. თუმცა, თეორიულად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კოკოითის მცდელობები, რომ რაღაც კონფლიქტი გამოეწვია, იმისთვის იყო, რომ სტატუს-კვო შეენარჩუნებინა და თანდათანობით, დროის განმავლობაში, ბუნებრივი გახდებოდა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. მათ ასე ჰგონით, რომ დრო მიაჩვევს ყველას - ეს რუსეთის ნაწილიაო.“
საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი გუბაზ სანიკიძე, რომლის პროგნოზითაც, მოვლენათა საქართველოსთვის წამგებიანი სცენარით განვითარების ალბათობა ძალიან დიდია:
[გუბაზ სანიკიძის ხმა] „ სამაჩაბლო დღეს დაკარგულია. მით უმეტეს, დღეს ისე იქცევიან, რომ ამას გააფორმებენ, როგორც ჩანს. პირველ და მეორე ღამეს იყო ძალიან რეალური შანსი იმისათვის, რომ ჩვენ შევსულიყავით ცხინვალში სამხედრო თვალსაზრისით და არა კმარელებით და ბუშტებით.“
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამხედრო მოქმედებების განახლებას კონფლიქტის ზონაში. ამასვე აცხადებს ცხინვალის ხელისუფლება. პარალელურად ორივე მხარე გარკვევით ამბობს, რომ მზად არის, თავდასხმის შემთხვევაში, აგრესიის მოსაგერიებლად. იარაღის ჟღარუნი სამაჩაბლოში გრძელდება.
XS
SM
MD
LG