Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ დედაქალაქში,

კულტურული ცხოვრების “მკვდარი სეზონის” დროს შესაძლებელი გახდებოდა ქართული კულტურის მუშაკების თავმოყრა და მორიგი “კულტურული”, თუ “პოლიტიკური” აქციის გამართვა. რაც გნებავთ ის უწოდეთ, თბილისში, საბერძნეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციას.… ფაქტია, რომ 5 და 6 ივლისს ქართველი მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები საბერძნეთის საელჩოსთან იმიტომ არ შეკრებილან, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონობა მიელოცათ. “მოვითხოვთ ქართული სიწმინდეების დაბრუნებას” – გამოაკრეს მათ საპროტესტო პლაკატი, რომლის ადრესატი, რა თქმა უნდა არა მარტო საბერძნეთის მთავრობა, არამედ თუ გნებავთ ასე ვთქვათ “მსოფლიო საზოგადოება” იყო… მათ შორის საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლება, იუნესკო, და საერთოდ, უბრალო ხალხი, ვინც პატივს სცემს ერის კულტურიას და ისტორიას.

პირველი გზავნილი, უფრო სწორად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო. 4 ივლისს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ხელყოფილია შოთა რუსთაველის ხატი და წარწერა, რომელშიც მკაფიოდ იკითხებოდა პოეტის ვინაობა

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “ვთხოვთ ისრაელის მთავრობას ყველანაირად დაგვეხმაროს, რომ გავიგოთ, რა მოხდა და შემდეგ პროცედურებში დაგვეხმაროს... ელჩი დაუკავშირდა არქეოლოგიურ პოლიციას, რომელიც გამოიძიებს, თუ რა მოხდა....1.50 ფაქტია, რომ იქ არავინ შედის ისეთი, რომ ეს არ იყოს ნებადართული. ჯვრის მონასტერი იმყოფება ბერძნების მფარველობის ქვეშ და ვერაფერი იქ ვერ მოხდება, რაც მათი ნებადართული არ არის. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ რაც მოხდა არ არის მხოლოდ ვანდალური და კრიმინალური მოვლენა”

გაგახსენებთ, რომ რუსთაველის ფრესკას გასული საუკუნეების შუა წლებში აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და პოეტმა ირაკლი აბაშიძემ მიაკვლიეს და სწორედ ამ ფრესკით დაამტკიცეს ჯვრის მონასტრის ქართული წარმომავლობა. თუმცა საბერძნეთის საპატრიარქო, რომელიც ისრაელში არსებული ქართული ქრისტიანული სიძველეების მფლობელია, ქართული მხარისთვის ეკლესიების დაბრუნებაზე ყოველთვის უარს ამბობდა. მთელი კვირის მანძილზე ქართველი ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ჯვრის მონასტერში, ქართული სულიერების ამსახველი ეს უკანასკნელი ნიშანი წაშალა იმ ხალხმა, ვინც თავის თავს ამ ძეგლის “ბატონ-პატრონად” აცხადებს – ამიტომაც მოეწყო საპროტესტო აქცია სწორედ საბერძნეთის, და არა, დავუშვათ, ისრაელის საელჩოს წინ. ამ კვირის დასაწყისში ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ისრაელში მცხოვრებ ქართველ მომღერალს ნეკა სეფისკვერაძეს. ნეკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯვრის მონასტრის განადგურებული ფრესკა იხილა.

[ნეკა სეფისკვერაძის ხმა]: 00.35 “რამდენიმე დღის წინ ვიყავით ჯვრის მონასტერში სალოცავად, პირველი, რაც თვალში მოხვდა იყო ძირს დაგდებული ქართული ხატები, ასევე ხატი, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ გადასცა ჯვრის მონასტერს საჩუქრად, ტაძარში შემოგვებება მზია გაჩეჩილაძე, ელჩის მეუღლე, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთაველის ფრესკა დაზიანებულია… სახე მთლიანად წაშლილია და წაშლილია წარწერის რამდენიმე ასო… არავინ იყო ტაძარში, რამე კომენტარი რომ გაეკეთებინა ამაზე”

ნეკას ვკითხეთ, როგორი რეზონანსი მოჰყვა ისრაელში ქართული კულტურის ძეგლის ხელყოფას.

[ნეკა სეფისკვერაძის ხმა]: “ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ისრაელში ამ ფაქტმა, გაზეთები, შეიძლება ითქვას აჭრელებულია ამ ყველაფრით, ისტორიაა მოყოლილი ამ ფრესკის, რათა გასაგები იყოს ებრაული მოსახლეობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ყველაფერი”

თითქმის მთელი კვირის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ბოდიშს უხდიდა ისრაელის ელჩი რივკა კოენი. ბარბაროსულ აქტს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაემთხვა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის დაარსების 15 წლის იუბილე, რომელიც სასტუმრო “მარიოტში” 6 ივლისს აღინიშნა. პრეზენტაციაზე ცნობილი ქართველი მომღერლების ახალი ალბომისა “სიყვარულით საქართველოდან”, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ებრაული სიმღერები შევიდა, წაიკითხეს ებრაელთა მთავარი რაბინის წერილი, რომელშიც ღრმა გულისტკივილია გამოთქმული ჯვრის მონასტერში განხორციელებული ფაქტის გამო. საინტერესოა, რომ ქართველ მომღერლებს, რომლებიც ამ დისკზე ჩაწერილ სიმღერებს ასრულებენ, ისრაელთან ბევრი რამ აკავშირებთ. რუსთაველის ფრესკის განადგურების მცდელობამ ისინი, ცხადია, აღაშფოთა, თუმცა ყოველი მათგანი ვანდალურ აქტს განსხვავებულად აფასებს. მაგალითად, ირმა სოხაძე მართებულად არ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს რუსთაველის ფრესკა ჯვრის მონასტერში კარგად იყო დაცული, რომ თითქოს ბერძენი მღვდელთმთავრები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქართველები ფრესკასთან ახლოს არ მიეშვათ.

[ირმა სოხაძის ხმა]: “მე თხუთმეტი წლის წინ ვიყავი ისრაელში, მქონდა დასამახსოვრებელი გასტროლები, ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს ისრაელთან...3.30 სწორედ მაშინ ვნახე პირველად ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკა... ეს არის პატარა ფრესკა, მაგრამ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ - “იყო”, ვამბობ “არის”, რადგან ეს ფრესკა აღდგება რა თქმა უნდა... რადგან აღდგება... ერთი რამე მინდა გითხრა, რომ არავითარი დაცვა, როგორც ეხლა ამბობენ, რომ იქ ვერავინ შევიდოდა. ჩვენ შევდიოდით, გამოვდიოდით, მავნებელი რომ ყოფილიყო ჩვენს შორის, მე მგონი ყურადღებას არავინ მოგვაქცევდა,. სურათიც გადავიღეთ “ჩახუტებულებმა” რუსთაველთან”

ქართველ არტისტებს იმედი აქვთ, რომ ასეთ სურათებს კიდევ მრავალჯერ გადაიღებენ რუსთაველის აღდგენილ ფრესკასთან. სულ ერთია სად - ისრაელში, თუ საქართველოში. ირმა სოხაძე დარწმუნებულია, რომ რუსთაველის ფრესკის აღდგენა შესაძლებელი გახდება, მაგრამ ახლა ნამდვილად გაჭირდება იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რომელიც ხალხებს შორის გაჩნდა. რუსთაველის ფრესკის განადგურების მცდელობამ ქართულ საზოგადოებას არა მარტო თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიქტი გაუმძაფრა. საქართველოში ახლა იხსენებენ ქვეყნის რეგიონებში კათოლიკური ტაძრების შებილწვის მცდელობებსაც. ამ ვანდალურ აქტებს ქართველი კულტურის მოღვაწეები არ გამოხმაურებიან. არც მიტინგები გაუმართავთ და არც ხელისუფლებისგან მოუთხოვიათ დამნაშავეების დასჯა.

ირმა სოხაძე აღნიშნავს, რომ ახალი დისკი “სიყვარულით საქართველოდან” განსხვავებული კულტურების მშვიდობიან თანაარსებობას ასახავს. ქართველი მომღერალი გვიამბობს, თუ როგორ ჩართეს მისი კომპოზიცია საქართველო-ისრაელის ამ ახალ პროექტში

[ირმა სოხაძის ხმა]: “ნეკა სეფისკვერაძემ დამირეკა ამ ათი თვის წინ და მითხრა, რომ ქართველი მომღერლები, ვისაც აქვს სიმღერა ივრიტზე, უნდა შევიდნენ ამ დისკზე, დისკს უნდა დარქვეოდა “სიყვარულით საქართველოდან” (ასეც დაერქვა)... ისრაელში რომ მივდიოდი რამდენიმე სიმღერა ჩამივარდა ხელში. იყო პოპულარული სიმღერებიც, მაგრამ მე აღმოვაჩინე ეს უძველესი სიმღერა, მერე ვაჩვენე ივრითული ენის სპეციალისტებს, ლაპარაკია “ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანზე”, რომ პრინციპში ყველანი ერთნაირები ვართ, მიუხედავად რელიგიური, რასობრივი კუთვნილებისა.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG