Accessibility links

ქართველი მშვიდობისდამცველები და მათი მისია შიდა კონფლიქტებში


ცხინვალის ცენტრში მუხლზე დაჩოქილი და

კეფაზე ხელებშემოწყობილი შინაგანი ჯარისა და პოლიციის წარმომადგენლები მსოფლიო პრესამ კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართველ მშვიდობისდამცველებად მონათლა. ეს საინფორმაციო ლაფსუსი, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, იმდენად მოგებიანი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომ ოფიციალურ პირთაგან არავის უცდია ამ ინფორმაციის კორექტირება. არადა, ეს საჭირო იყო თუნდაც იმისათვის, რათა საქართველოს მოქლაქეებს არ დაეუფლოთ სკეპტიციზმი შიდა კონფლიქტების ზონაში განლაგებული საკუთარი სამშვიდობო ძალების მიმართ.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის მისამართით გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონებში ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად დღემდე რუსი მშვიდობისდამცველები რჩებიან. ამაში იოლად დარწმუნდება ყველა, ვინც არსებულ ვითარებას გაეცნობა. მაგალითად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში საქართველოს მხოლოდ ერთი ასეული სამხედრო დამკვირვებელი ჰყავს. მათი შტაბი განლაგებული ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც თითო-თითო დამკვირვებელი ყოველდღიურად გადის კონფლიქტის სამხრეთ და ჩრდილოეთ სექტორში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების პოსტებზე. ამასთან საყურადღებოა, რომ ქართველ სამხედრო დამკვირვებლებს სატაბელო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არა აქვთ, მაშინ როდესაც კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს ცისფერჩაფხუტიანებს შეიარაღებაში ცეცხლსასროლი იარაღის გარდა აქვთ მძიმე საბრძოლო ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და რამდენიმე ერთეული საბრძოლო ვერტმფრენი.

[ვალერი ჯაფარიძის ხმა] "კი, დომინირებენ რა თქმა უნდა რუსეთის სამშვიდობო ძალები, რადგან ერთადერთი შეიარაღებული ძალა კონფლქიტის ზონაში, როგორც იარაღის ისე საბრძოლო ტექნიკის მხრივ, არის რუსეთის სამშვიდობო ძალები. დამარჩენი, რუსეთის სამშვიდობო პოსტებზე მდგრაი თითო-თითო ჩვენი სამხედრო დამკვირვებელი, არსი უაიარაღო."

განაცხადა ჩვენთან საუბარში ქართული სამხედრო დამკვირვებელთა წარმომადგენლობის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვალერი ჯაფარიძემ, რომლის ქვეშევრდომს, ასეთი არათანაბარი პირობების მუხედავადაც კი კონფლქტის ზონაში მომხდარი მანდატის არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გამოჰპარვიათ.
ასეთი დომინანტური როლი კი რუს სამხედროებს საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ 1994 წელს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმებით მიანიჭა. თანაც, რაც ყველაზე პარადოქსულია, კონფლიქტის ზონად გამოცხადა გალის რაიონი, სადაც 1992-93 წლების სამხედრო დაპირისპირების დროს, რომ იტყვიან თოფიც არ გავარდნილა.


ზუგდიდში დისლოცირებული ქართულ სამხედრო წარმომადგენლობასთან შედარებით, გაცილებით მეტი უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი ცხინვალის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალები.
1992 წლის 24 ივლისს დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, საქართველოსა და რუსეთს თითო-თითო ბატალიონის ყოლის უფლება აქვს, საბრძოლო შეიარაღებისა და ტექნიკის ქვოტებიც თითქმის თანაბარია და, გარდა ამისა, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავისუფლად გადაადგილდებიან სეპარატისტების მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე. როგორც კონფლიქტის ზონაში ქართველ მშვიდობისდამცველთა ყოფილმა სარდალმა, გენერალი ზაურ უჩაძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, პარიტეტი სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურების უფლებამოსილებაშიც არსებობდა.

[ზაურ უჩაძის ხმა] "ამ კონფლიქტის ზონაში სამივე მეთაურს ერთანირი უფლება აქვს, მაგრამ ძირითადი განკარგვის უფლება აქვს რუსეთს, რადგან ის[რუსი მეთაური] ითვლება სარდლად, დანარჩენები კი არიან უფროსი მეთაურები."

თუმცა, სამხერთი ოსეთის შემთხვევაში სულს ხვა რიგის პრობლემა არსებობდა – საქართველოს ყოფილი ხელისუფლება არასაერიოზულად ეკიდებოდა საკუთარ სამშვიდობო პოტენციალს და ბოლო დრომდე თითქმის დაუკომპლექტებელი და უყურადღებოდ მიტოვებული ჰყავდა ნიქოზში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი. მხოლოდ 31 მაისს კონფლიქტის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილების შეყვანით შეავსო საქართველომ აუთვისებელი სამშვიდობო კვოტა და ერთგვარი რეზერვის სახით, განალაგა მძიმე საბრძოლო ტექნიკა გორში.

შესაბამისად, რაკი საშტატო შეიარაღების ტარების უფლებით სარგებლობენ, ამიტომაც ბევრი ადამიანი გაკვირვებით კითხულობს, თუ რატომ ჩაბარდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 40-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე ოსურ დესანტს? რატომ არ გამოიყენეს მათ მინიჭებული უფლება, გაეხსნათ ცეცხლი აუცილებელი მოგერიების მიზნით, რაც ნებისმიერი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებში ჩაბმულ სამშვიდობოთა შეუვალი უფლებაა?
მაგრამ საქმეც ის არის, რომ დატყვევებული რაზმი არ მიეკუთვნებოდა ქართულ სამშვიდობო ძალებს, ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ამ ინცინდენტის კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "სხვა დანაყოფებში, რომლებიც რეგიონში იმყოფებიან, ეს ფაქტი აღქმული იქნა ცალსახად ცუდად, იმ გაგებით, რომ იარაღის დაყრა არ უნდა მომხდარიყო. მით უფრო, რომ ვინც მათ ალყა დაარტყა არც ისინი იყვნენ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები, ისინი თვითმარქვია ოსური ხელსიუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შევიდნენ. და ამ დანაყოფს, წესით, იარაღი არ უნდა დაეყარა. ეს არის ომის დაუწერელი კანონი, რომ ასეთ შემთხევაში ის[ქვედანაყოფი] იარაღს არ ყრის."

ცხინვალის ცენტრში მუხლზე დაჩოქილი და კეფაზე ხელებშემოწყობილი შინაგანი ჯარისა და პოლიციის წარმომადგენლები მსოფლიო პრესამ კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართველ მშვიდობის დამცველებად მონათლა. რამაც საინფორმაციო ომში თვითაღიარებული სამხრეთო ოსეთის სეპარატისტების სრული დამარცხება გამოიწვია. მაგრამ მეორე მხრივ სერიოზული ზიანი მიადგა ქართველი მშვიდობისმყოფელების ავტორიტეტს და მუნდირის ღირსებას. მით უფრო, რომ ქართული სამშვიდობო დანაყოფები ის ერთადერთი რეალური სამხედრო პოტენციალია, რითაც ქვეყანა საკუთარ სახეს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში წარმოაჩენს.
XS
SM
MD
LG