Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონის პრობლემას საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-საქართველის ურთიერთობის პრობლემად განიხილავს


ცხინვალის რეგიონში განახლებულ დაპირისპირებას საქართველოს ხელისუფლება არა ქართველებსა და ოსებს, არამედ რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირებად განიხილავს და,

აქედან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონის პრობლემის გამო ურთიერთობა სწორედ რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა გაირკვეს. პრეზიდენტი სააკაშვილი ორშაბათს ლონდონში გაემგზავრა დაპირებით, რომ ყველას გააგებინებს რეალურად რა ხდება საქართველოში; სამშაბათს კი მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან შესახვედრად ჩავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი. უკვე 14 ივლისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის ირგვლივ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. მოკლედ, საქართველოს პრობლემაზე მოლაპარაკებათა ცენტრი უწინდებურად მოსკოვი ხდება. იქ საქართველოს მხარე მკაცრად აპირებს საკუთარი პოზიციის დაცვას.

ცხინვალის რეგიონში წარმოქმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც ჩადის. მისი თქმით, იქ საქართველოს მხარის პოზიცია იქნება მკაცრი და, ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს სურს ნებისმიერი პრობლემა გადაჭრას ოცდამეერთე საუკუნის შესაფერი ურთიერთობით და არა ომით.

[გოგა ხაინდრავას ხმა] “ჩვენ არა გვაქვს პრობლემა ძალადობაზე პასუხის გაცემის, მაგრამ ჩვენ არ გვინდა აქამდე მივიდეს საქმე. ჩვენ მოვითმენთ ბოლო წუთამდე, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ საშიშროება, ვუპასუხებთ ადეკვატურად და ძალიან მძიმედ დამთავრდება ეს. “

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე საუბარი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ქმედებებზე კონფლიქტის ზონაში, ამავე ზონაში რუსეთის მხრიდან შეიარაღებისა და შეიარაღებული ფორმირებების შესვლაზე და ასე შემდეგ. ოსური მხარის მტკიცებით, კონფლიქტის ზონაში 2000-მდე ჩრდილოკავკასიელი და დნესტრისპირელი მოხალისე იმყოფება. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით კი, რომელიც მან ლონდონში გამგზავრების წინ გააკეთა,საქართველოს დაზვერვამ ზუსტად იცის, რა რაოდენობის საბრძოლო საშუალება შემოვიდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან. ამავე განცხადების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის მხრიდან 190 შეიარაღებული კრიმინალია შესული და ისინი ჯავაში ტურბაზაში ჰყავთ განთავსებული. საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში გამგზავრებამდე აღნიშნა ისიც, რომ საქართველო ცხინვალის რეგიონში მოქმედ სამშვიდობოებს უკან არ დაუბრუნებს ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებულ საბრძოლო მასალას და გამოთქვა მზადყოფნა, ეს მასალა რუსების თანდასწრებით განადგურდეს.

როგორც ცნობილია, ცხინვალში შემდგარ მოლაპარაკებაზე რუსმა სამხედროებმა ცხინვალში ტყვეობაში დარჩენილი 3 ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ სწორედ ამ საბრძოლო მასალის უკან დაბრუნება მოითხოვეს. შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის მსჯელობის საგნად ეს მოთხოვნაც იქცევა. გოგა ხაინდრავას თქმით, საქართველოს მხარე მოსკოვში ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით თავის პოზიციას მკაცრად დაიცავს. როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით ურთიერთობის გარკვევა რუსეთსა და საქართველოს შორის სერიოზულად იწყება. საქართველოს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ თუ ანტიქართული კამპანიის წარმოებაში პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობას შეიტყობს, ამის შესახებ აუცილებლად იტყვის. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამშვიდობოები სეპარატისტების მხარეს არიან და, აქედან გამომდინარე, რუსეთის სამშვიდობოების მანდატი საქართველოში, ზოგადად, გადასახედია.

რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებების გაკეთების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში საერთაშორისო მხარდაჭერის იმედით გაემგზავრა. თბილისიდან კი ქართველმა პარლამენტარმა ქალებმა რუსეთის დუმას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG