Accessibility links

logo-print

მონაწილეობს თუ არა ქართული და ოსური საზოგადოება კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების პროცესში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აქამდე ქართულ-ოსური კონფლიქტი, აფხაზეთის კონფლიქტისგან განსხვავებით, გაცილებით ადვილად მოსაგვარებლად მიაჩნდათ. შესაძლოა, ამგვარ ხედვას იმანაც შეუწყო ხელი,

რომ ვითარების დაძაბვამდე ცხინვალში ჩასვლა დიდ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ამ აჯანყებული რეგიონის ქართული სოფლები ისე არ დაცლილა, როგორც ეს აფხაზეთში მოხდა. თუმცა ბოლო დღეების მოვლენებმა დაადასტურა, რომ ვითარების დაძაბვასთან ერთად ქართულ და ოსურ საზოგადოებას შორის პოლარიზება იზრდება.



მონაწილეობს თუ არა ქართული და ოსური საზოგადოება კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარების პროცესში? - ეს კითხვა, შესაძლოა, უადგილოდაც გამოიყურებოდეს თბილისსა და ცხინვალში ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების ფონზე, როცა საპროტესტო თუ მხარდამჭერი აქციის ყველა მონაწილე ცალსახად აცხადებდა, რომ დაუშვებელია საომარი მოქმედებების განახლება და რომ დაძაბულობა მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა შენელდეს. სხვა მხრივ, მხარეების მოთხოვნები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: თბილისში გამართული აქციების მონაწილეები ედვარდ კოკოითის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, ცხინვალში გამართულ აქციებში კი ქართველთა აგრესიისგან დასაცავად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნას აყენებენ.
ანთროპოლოგი ზაალ ქიქოძე, რომელიც ბოლო დრომდე ხშირად დადიოდა ცხინვალში, ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის მანძილზე ქართველებსა და ოსებს ერთმანეთის მიმართ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებში არაფერი შეუცვლიათ:
[ზაალ ქიქოძის ხმა] „ფაქტია და ასე მოხდა, რომ ჩვენ ასეთი შაბლონი ჩამოგვიყალიბდა, რომ ოსები არიან გამცემლები და, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ზურგში ჩაგვარტყამენ ხანჯალს. იმათ - პირიქით: როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ჩვენ ჩავარტყამთ. ასეთი შაბლონია. ამ შაბლონის წასაშლელად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.“
ზოგადად, ზაალ ქიქოძე ოსურ საზოგადოებას სამ ნაწილად ყოფს: ე.წ. პოლიტიკური ელიტა, რომლის უმრავლესობას რუსეთიდან ჩამოსული პირები წარმოადგენენ; ახალგაზრდები, რომლებიც სრულიად გაუცხოებულები არიან ქართველებისგან, და საშუალო ასაკის ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს ქართველებთან თანაცხოვრების წლები:
[ზაალ ქიქოძის ხმა] „პირველი - ელიტა, რომელსაც, გნებავთ, სხვა პოლიტიკური მოტივაცია აქვს, გნებავთ - დავალებას ასრულებს; ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან იომონ და მოკვდნენ. და საშუალო ფენა, რომელიც ჩემი თაობაა, საქართველოც იცის, ქართულიც იცის და, რეალურად, ქართველია - ისინი როგორც კი კომპრომისზე იწყებენ ლაპარაკს, ახალგაზრდები „მკერდს იღეღავენ“. (სტილი დაცულია)
ზაალ ქიქოძის პროგნოზით, ქართულ-ოსური კონფლიქტი ისე სწრაფად ვერ მოგვარდება, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია:
[ზაალ ქიქოძის ხმა] „ ადამიანს რა უნდა? არ ვიცი, ვინმესთან თუ გიჩხუბიათ - ადამიანს მოფერება უნდა....ერთი რამ ჩემთვის ცხადია: ეკონომიკურად ჩვენ ძალიან ღატაკი ქვეყანა ვართ და მომხიბვლელები დიდი ხანი ვერ გავხდებით.“
შესაბამისად, ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია დრო და მოთმინება. იმედია, ქართულ და ოსურ საზოგადოებას ეს თვისებები აღმოაჩნდება.
XS
SM
MD
LG