Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწამეს თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფი სულხან მოლაშვილი


2003 წლის ნოემბრის მოვლენებამდე შევარდნაძის ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.

ასეთი ზეწოლის შედეგად, ბოლო წლებში თითქმის მინიმუმამდე იყო დაყვანილი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და, მით უმეტეს, წამების შემთხვევები. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალი ხელისუფლება იმას ჩაიდენდა, რის უფლებასაც საზოგადოება ძველ ხელისუფლებას არ აძლევდა. მაგრამ მოხდა საწინააღმდეგო. ახალი ხელისუფლების წევრებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები კვლავ უხეშად ირღვევა.

პოსტრევოლუციურ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გახმაურებულ ფაქტად შევარდნაძის დროინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმე იქცა. მოლაშვილის უფლებების უხეშად შელახვის ამბავი ქართულმა საზოგადოებამ სულ ახლახან შეიტყო, ისიც - ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაციის უშუალო ჩარევის წყალობით. ბოლო დრომდე თავად მოლაშვილიც თავს იკავებდა ადვოკატებისა და ადამიანის უფლებადამცველებისთვის საკუთარი უფლებების დარღვევის და, მით უმეტეს, წამების შესახებ ეამბნა. რატომ?

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ყველაზე დიდი არგუმენტი, რაც მას გააჩნდა, ამის გახმაურებას არაფერი სერიოზული არ მოჰყვებოდა, გარდა იმისა, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია დაჩქარდებოდა.” (სტილი დაცულია)

რომ არა ადამიანის უფლებადამცველთა აქტიურობა, მოლაშვილის წამების ამბავი ციხის კედლებს არ გასცდებოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ხელისუფლებამ თავის გასამართლებლად ყველაფერი თავად მოლაშვილს გადააბრალა და განაცხადა, ეგ თვითონ დაიზიანებდა საკუთარ თავსო. არადა, ამ ვერსიის გასამყარებლად ქართველ სამართალდამცველებს არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ მოლაშვილის სხეულზე დაზიანებები საერთოდ არ შეუმჩნევიათ:
[ზურაბ აბაშიძის ხმა] “ჩვენ როდესაც ჩავატარეთ მოკვლევა, ასევე დოკუმენტებში ჩანს, რომ როდესაც ის შემოვიდა და დათვალიერება მოხდა მისი სხეულის, არაფერი, ანუ წამების კვალი, არ აღენიშნებოდა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ, ალბათ, სადღაც რაღაც არის გაპარული. ამიტომ ჩვენ კიდევ დეტალურად ვსწავლობთ ამ საკითხს.”(სტილი დაცულია)

ეს იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზურაბ აბაშიძე. თუმცა, როგორც ადასტურებს ექსპერტიზა, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა, მოლაშვილს აღენიშნება ხანდაზმული დაზიანებები,
რომელიც, მოლაშვილისვე ჩვენების მიხედვით, მას დაკავებიდან რამდენიმე საათში მიაყენეს.

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] ”მან ისეთი დეტალური ინფორმაცია მომცა ამ დაზიანებების შესახებ, არ არსებობს ექსპერტი, რომელსაც ამაში შეიძლება ეჭვი შეეპაროს. როცა მორფოლოგიურად უყურებ, ჩანს ამის ხანდაზმულობაც და ყველაფერი.” (სტილი დაცულია)

მოლაშვილს ასევე აღენიშნება ფეხის ტერფების დაზიანება, რომელიც შეიძლება ცემის შედეგი იყოს. იგი ასევე ელექტროშოკით წამების ფაქტსაც აღწერს, თუმცა ექსპერტიზას ამის დამამტკიცებელი მასალა ჯერ არ მოუკვლევია. როგორც კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ადამიანის უფლებადამცველებს განუცხადა, წამებისას მისგან იმის აღიარებას მოითხოვდნენ, რომ შევარდნაძის დაკვეთებს ასრულებდა და ფულის გამოძალვით იყო დაკავებული.

ოფიციალურად წაყენებული ბრალდების მიხედვით კი, მოლაშვილს პროკურატურა 37 ათას ლარს ედავება, რომელიც მან თითქოს უკანონოდ პრემიის სახით დაურიგა კონტროლის პალატის თანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG