Accessibility links

logo-print

ქორეოგრაფიული სასწავლებელი 70 წლისაა


ქართული ბალეტი წელს თავის მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავს:

70 წლის წინათ თბილისში დაარსდა ქორეოგრაფიული სასწავლებელი, რომელშიც სხვადასხვა დროს სწავლობდნენ თანამედროვე ქართული, რუსული, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები. თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს დღეს ძალიან უჭირს... თუმცა ბალეტის ვარსკვლავთა სამჭედლოდ ცნობილი სასწავლებლის ისტორიას სხვა, უფრო მძიმე, პერიოდებიც ახსოვს. მახსენდება, მაგალითად, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი, როცა კომუნისტურ ხელისუფლებაში ახლად მისულმა ედუარდ შევარდნაძემ ბრძოლა დაუწყო ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორს ვახტანგ ჭაბუკიანს.

თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს 70 წელი უსრულდება. თუმცა “ბალეტის ვარსკვლავთა სამჭედლოს” დაარსების თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ1916 წელი, როცა მარიამ პირინიმ თბილისში საბალეტო სტუდია გახსნა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იტალიელმა ბალერინამ, რომელიც 1888-97 წლებში ტურინის ოპერის თეატრის წამყვანი მოცეკვავე იყო, საქართველოში გასტროლების შემდეგ თბილისში დარჩენა გადაწყვიტა და სახაზინო თეატრში (დღევანდელ ოპერისა და ბალეტის თეატრში) დაიწყო მუშაობა. საქართველო ისე შეუყვარდა, რომ თეატრიდან წასვლის შემდეგ იტალიაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ჯერ საკონცერტო, შემდეგ კი პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. 1920 წელს, ახლა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, პირინის საბალეტო სტუდია ოპერისა და ბალეტის თეატრის სკოლად გადაკეთდა, იმ სკოლად, რომელიც მოგვიანებით ვახტანგ ჭაბუკიანმა დაამთავრა.

და მაინც, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დაარსებას ჩვენში უფრო მეტად დავით ჯავრიშვილს უკავშირებენ. იგი იყო 1934 წელს ოპერის თეატრთან გახსნილი ქორეოგრაფიული სტუდიის პირველი ხელმძღვანელი.

1936 წელს პირინისა და ჯავრიშვილის სასწავლებლები გაერთიანდა. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სკოლა გახდა საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვმა პირველად იხილა ქართული ბალეტის ვარსკვლავები, მას შემდეგ, რაც ვახტანგ ჭაბუკიანის ოსტატობაზე მსოფლიო ბალეტის სამყარო ალაპარაკდა.

1950 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორად დანიშნეს. “ვარსკვლავების სამჭედლოს” იგი 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა. მაგრამ ვახტანგ ჭაბუკიანის აქტიურობა ბევრს აღიზიანებდა კიდეც.

70-იანი წლებიდან დაიწყო კამპანია ქორეოგრაფული სასწავლებლის, უფრო სწორად, მისი დირექტორის, ვახტანგ ჭაბუკიანის, წინააღმდეგ. ეს პროცესი 1972 წელს დასრულდა – ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლით და ვახტანგ ჭაბუკიანის განთავისუფლებით სასწავლებლის დირექტორის პოსტიდან. ხელისუფლება ადანაშაულებდა ჭაბუკიანს იმაში, რომ მას არ ჩამოჰყავდა პედაგოგები მოსკოვიდან და ლენინგრადიდან, რომ მხოლოდ ადგილობრივი კადრებით კმაყოფილდებოდა... რაც იმას ნიშნავს, რომ ჭაბუკიანის განთავისუფლების და ამით ქორეოგრაფიული სასწავლებლის დაშლის ან, საერთოდ, გაუქმების ბრძანება მოსკოვიდან მოდიოდა. საბჭოთა ბალეტის იდეოლოგებს არ მოსწონდათ, რომ რუსული ბალეტის კადრებს ახლა უკვე თბილისი ზრდიდა... ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები ხშირად მოსკოვში ან ლენინგრადში აგრძელებდნენ მუშაობას და ცოტა ხანში დიდი თეატრის ვარსკვლავები ხდებოდნენ. მერე კი მათ ბიოგრაფიაში აღინიშნებოდა: “დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი”.

მაგრამ ედუარდ შევარდნაძის კომუნისტური ხელისუფლება ქორეოგრაფიული სასწავლებლის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სხვაგვარად ასაბუთებდა. გაისმა სრულიად აბსურდული ბრალდებები. მაგალითად, ჭაბუკიანს თურმე სასწავლო ცხრილი არ ეკიდა კედელზე, რაც პედაგოგიური დისციპლინის დარღვევად ჩაითვალა.

“ჩვენი ბალეტი ჰგავს იმ ლამპას, რომელშიც ნავთი გამოილია და ფითილიღა ანათებს,” – წერდა 1972 წელს ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”.

[მუსიკა]

მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებელი 80-იან, 90-იან წლებში დღევანდელი რუსული ბალეტის ვარსკვლავებმა - ნინო ანანიაშვილმა, ნიკა ცისკარიძემ ,ირმა ნიორაძემ - დაამთავრეს, სასწავლებლის პედაგოგებს საქართველოს ხელისუფლება ღვაწლს მაინც არ უფასებდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქორეოგრაფიული სასწავლებელი ჩუბინაშვილის ქუჩაზე გადაიტანეს... ჩვენთან საუბარში ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ ამ დროიდან სასწავლებლის არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “თვითონ ეს შენობა არის ძალიან ცუდ ადგილას გადატანილი. ვახტანგ ჭაბუკიანმა ააშენა პლეხანოვზე, იყო ბრწყინვალე ადგილი. იქ შეიძლებოდა ეზოში დარბაზების მიშენება. ახლა კი არანაირად არ მიეკუთვნება საბალეტო სივრცეს. შენობა საუკუნის დასაწყისშია აშენებული. იქ ფაბრიკა იყო, როცა გადავიდნენ. ის რემონტიც გაუმართლებელი იყო. ახლა გამოდის, რომ დანგრეულ შენობაში გააკეთებენ რემონტს და არაფერი გადაწყდება.”

თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლით შევარდნაძის ხელისუფლება არასდროს დაინტერესებულა. როგორც ჩანს, ამ სასწავლებლის სახელი შევარდნაძეში კვლავ ვახტანგ ჭაბუკიანის ასოციაციას იწვევდა... არც ისაა გამორიცხული, რომ პოსტკომუნისტური საქართველოს კულტურაში ბალეტს, უბრალოდ, აღარ მიიჩნევდნენ ხელოვნების პრიორიტეტულ დარგად.

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “კლასიკა და ფოლკლორი შეიძლება გქონდეს და კარგია, მაგრამ ის ბალეტი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ის ვახტანგი და ის ტრადიციები, ძალიან ცოტა ქვეყანას ექნება იმავე ევროპაში. ამიტომ ამ დონეზე გაჩერება და არანაირი მოქმედებები არაფერია... ვახტანგის შემდეგ არ ყოფილა მცდელობა, რომ ქართული დასის შეკვრა მომხდარიყო და ქართულ დასს ჰქონოდა საზღვარგარეთ სახელი, მაგრამ ამხელა ტრადიციაა.” (სტილი დაცულია)

ქორეოგრაფიული სასწავლებლის საამაყო ისტორიის გახსენება არ სურთ არც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ყოველ შემთხვევაში, თამაზ ვაშაკიძის თქმით, ოპერის ხელმძღვანელობა ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ უძველესი სასწავლებლის დახურვა აუცილებლად იმოქმედებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომავალზე. არსებითად უკვე მოქმედებს კიდეც: რაც დრო გადის, საბალეტო დასის შემადგენლობა მცირდება:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა]“ოპერა უნდა ტეხდეს განგაშს, რომ მას ეკარგება კადრი, სასწავლებელი უფუნქციოა... დაირღვა ეს ბალანსი.”

ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი ემდურის სასწავლებლის იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც დღეს მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებად იქცნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავიანთ ინტერვიუებში ისინი ხშირად საუბრობენ ვახტანგ ჭაბუკიანის ღვაწლზე და, როგორც წესი, თავიანთ თავს ჭაბუკიანის მოწაფეებად მიიჩნევენ. თუმცა ავიწყდებათ, რომ სიცოცხლის ბოლოს ვახტანგ ჭაბუკიანის მთავარი საზრუნავი სწორედ ქორეოგრაფიული სასწავლებელი გახდა. “ჭაბუკიანის მოწაფეობა” ბალეტის სამყაროში თავისთავად ბევრს ნიშნავს, თუმცა საუბარს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გატარებულ ბავშვობაზე რატომღაც ბევრი ერიდება:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “არც ერთი ვარსკვლავი არ მოვიდა სასწავლებელში და არ ნახა ბავშვები... არავის არ უნდა მათი თანხა, არავის არ უნდა მათი გადმორიცხვები. ელემენტარულად, მოდი და მოსაწვევები დაურიგე ბავშვებს... როცა ამბობენ, რომ საქართველოს ბალეტისთვის ზრუნავენ, ეს არ არის ზრუნვა... შეიძლებოდა ერთი სპექტაკლი მათთვის გეცეკვა...ხომ?”

ჭაბუკიანის გარდაცვალების შემდეგ თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი დაარქვეს... დღეს “ვარსკვლავთა სამჭედლო” ბალეტისთვის სრულიად უცხო გარემოში აღნიშნავს 70 წლის იუბილეს. გაკვეთილების ცხრილი კედელზე ისევ არ არის გაკრული. არ არის მიტომ, რომ გაკვეთილები სხვადასხვა შენობაში ტარდება და წინასწარ არავინ იცის, სად მოუწევს მეცადინეობა... და კიდევ იმიტომაც, რომ კედელი დანგრევის პირასაა. ყველაფერი ეს ძალიან ჰგავს ფედერიკო ფელინის “ორკესტრის რეპეტიციას”... საქართველოში ბალეტის ახალ ვარსკვლავებს ამზადებენ, მაგრამ დღეს არც ბალეტი სჭირდებათ მაინცდამაინც და არც “ბალეტის ვარსკვლავთა სამჭედლო”.
XS
SM
MD
LG