Accessibility links

შიდსი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ეკონომიკურსა და სოციალურ განვითარებას


ორი დღეა, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკისაკენ, სადაც კვირას მუშაობა დაიწყო შიდსთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო კონფერენციამ.

გაეროს მონაცემებით, მხოლოდ შარშან იმუნოდეფიციტის ინფექცია ხუთ მილიონ ადამიანს შეეყარა, სულ კი მსოფლიოში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა 35 მილიონს აღწევს. ფორუმის ადგილად კი ბანგკოკი იმიტომ შეირჩა, რომ იმუნოდეფიციტის ინფექციის მატარებელთა 25 პროცენტი სწორედ აზიის ქვეყნებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, აზიის ქვეყნებთან შედარებით, ვითარება ნაკლებად საგანგაშოა, შიდსის შემთხვევები, სამწუხაროდ, იქაც მატულობს, თანაც, ექსპერტთა თქმით, ამ დაავადების გავრცელებისათვის საქართველოში ნოყიერი ნიადაგი არსებობს.

შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება. თუმცა, ტაილანდის დედაქალაქში მიმდინარე ფორუმი თავისი მასშტაბით ყველა წინამორბედს აღემატება. გაეროს მიწვევით, ბანგკოკში ოცი ათასამდე პოლიტიკოსმა, მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ მოიყარა თავი, რათა დაეფიქსირებინათ, რომ შიდსის გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათი ქვეყნების ეკონომიკურსა და სოციალურ განვითარებას; შესაბამისად, საფრთხეს უქმნის მსოფლიოსაც. თავის მიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გაერთიანებული ძალისხმევით დაუპირისპირდნენ შიდსის გავრცელებას.

[კოფი ანანის ხმა] "ამ კონფერენციაზე ბევრ ქვეყანას ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები წარმოადგენენ. მაგრამ მოდით, სიცხადე შევიტანოთ. შიდსთან ბრძოლა მთავრობათა სრულ მონაწილეობას მოითხოვს - ქვეყნების უმაღლეს ხელმძღვანელთა ჩათვლით. შიდსი გაცილებით მეტია, ვიდრე ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისი. ეს არის საფრთხე თვით ქვეყნების განვითარებისთვის."

მთავრობათა მეთაურებიც, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან, სადაც, გაეროს მონაცემებით, ბოლო წლებში ყველაზე სწრაფად ვრცელდება იმუნოდეფიციტის ვირუსი, პირობას დებენ, რომ დამატებით თანხმებს გამოყოფენ შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე მოიქცა, მაგალითად, ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარე ვან ჟიბაო, რომელმაც პრესაში შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში იმუნოდეფიციტის ვირუსის 840 ათასი მატარებელია. თუმცა გაეროს მონაცემებით, სინამდვილეში ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით უფრო დიდია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2010 წლისათვის ჩინეთში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს.

მაგრამ ერთია მთავრობათა მზადყოფნა, და მეორეა შიდსის დაავადების პროფილაქტიკა, რაც თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. ამ მხრივ ბანგკოკში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია დიდად არ განსხვავდება წინამორბედებისაგან. კონფერენციის მონაწილეები კვლავ იმაზე ბჭობენ, რა არის საუკეთესო საშუალება იმუნოდეფიციტის ვირუსისაგან თავის დასაცავად – პრეზერვატივის ხმარება თუ ყოველგვარი ცდუნებისაგან თავის შეკავება, რასაც უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ "თავშეკავების პრაქტიკა" უწოდა.

[იოვერი მუსევენის ხმა] "თავშეკავების პრაქტიკა და ერთმანეთის ერთგულება პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხევაში კი ბატონო, გამოიყენეთ პრეზერვატივი. მაგრამ თავშეკავება უფრო საიმედოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება."

საერთაშორისო კონფერენციაზე უგანდის პრეზიდენტის გამოსვლას შემთხვევით არ მიუქცევია საყოველთაო ყურადღება. განვლილ პერიოდში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლოს პოლიტიკა მიმართული იყო კაუჩუკის პრეზერვატივების გამოყენებისკენ, რაც იმუნოდეფიციტის ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად იყო აღიარებული. მაგრამ ამგვარმა პოლიტიკამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე ე.წ. კონსერვატული ქვეყნის, მათ შორის უგანდის მთავრობა დაუპირისპირდა ამგვარ "სამარცხვინო" პოლიტიკას და დაავადების საფუძვლად სწორედ ტრადიციული ცოლ-ქმრული ურთიერთობებიდან გადახვევა დაასახელა.

როგორც რადიო "თავისუფლებას" საქართველოს
ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი სტვილიამ განუცხადა, ოჯახის სიწმინდის დაცვა შიდსის პროფილაქტიკის თვალსაზრისითაც უდავოდ ასრულებს გარკვეულ დადებით როლს.

[ქეთი სტვილიას ხმა] "შეიძლება ეს მართლაც ასე იყო. შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი ტრადიციები, რაც ოჯახის სიწმინდეს შეეხება, გარკვეულ პოზიტიურ როლს თამაშობენ. ბევრ პროგრამებში დიდი აქცენტი არის გადატანილი თავდაცვის საშუალებების პროპაგანდაზე, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთლად სწორი არ არის. ორივე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის სიწმინდე და ალტერნატიულ შემთხვევებში, თავიც უნდა დავიცვათ."

აღსანიშნავია, რომ ბანგკოკში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში თავად ამ ცენტრის უფროსი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძეც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ აზიის, აფრიკისა და აღმოსაველთი ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით შიდსის პრობლემა საქართველოში არ დგას ისე მწვავედ, როგორც ჩვენთან საუბარში ქეთი სტვილიამ განაცხადა, იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადების შემთხვევები და რისკის ფაქტორიც წარსულ წლებთან შედარებით იზრდება.

[ქეთი სტვილიას ხმა] "შემთხვევები ჩვენთან არ არის საგანგაშო, მაგრამ რისკი არის მაღალი, რადგან ინტრავენური ნარკომანია ჩვენთან არანაკლებ ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში. ეს ქვეყნები კი აღიარებულია ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი ეპიდემიის ქვეყენებად, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების 80 პროცენტი სწორედ ამ ქვეყნებში დაინფიცირდნენ. გარდა ამისა მიგრაციის დონე მაღალია, განათლების, ცოდნის დონე მოსახლეობაში დაბალია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ მაღალი რისკის ქვეშ. და არანაირად არ ვართ დაცული, რომ იგივე სურათი, რაც რუსეთშია, საქრთველოშიც არ განმეორდება."

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის 550 შემთხვევა, სხვადასხვა დროს ამ სენით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 93-ს აღწევს. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1994 წელს შიდსთან ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამაც შექმნა. შარშან გლობალური ფონდის ფარგლებში საქართველოსათვის გამოიყო 12 მილიონი დოლარი, რომელსაც ქვეყანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთლიანად შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარს.
XS
SM
MD
LG