Accessibility links

logo-print

რატომ აკრიტიკებს აშშ-ის სენატი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს?


9 ივლისს აშშ-ის სენატის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ამ ქვეყნის წამყვანი სადაზვერვო უწყების - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაობა.

კერძოდ კი მისი მუშაობა ერაყის ომის დაწყებამდე. ვინ და რატომ აკრიტიკებს უწყებას, რომელსაც ინგლისური აბრევიატურით “CIA”-დ ვიცნობთ?

აშშ-ის სენატის კომიტეტი, რომელიც დაზვერვის საკითხებზე მუშაობს და ქვეყნის სადაზვერვო უწყებების მუშაობას ამოწმებს, 18 წევრისაგან შედგება. მათს მიერ ჩატარებულ შემოწმებას კი, როგორც პარასკევს გაირკვა, მკაცრი კრიტიკა მოჰყვა: კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ პატ რობერტსის განცხადებით, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სათანადოდ ვერ გააანალიზა ინფორმაცია სადამ ჰუსეინის შეიარაღების პროგრამებზე. ამის შედეგი კი გახდა ის, რომ თეთრმა სახლმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი ამერიკისათვის პირდაპირ და უშუალო საფრთხედ მიიჩნია. სენატორ პეტ რობერტსს შემდეგი დასკვნა გამოაქვს: [რობერტსის ხმა] “ყველა პრობლემის თუ არა, მათი უმეტესობის გამომწვევი მიზეზებია უხეირო თანამშრომლობა და მენეჯმენტი. მათ, უბრალოდ, დაფინანსების, ან კადრების გაზრდით ვერ გამოასწორებ”.

სადაზვერვო სამმართველოსადმი კრიტიკაში ახალი არაფერია: თვით ამ უწყების დირექტორმა, ჯორჯ ტენეტმა აღიარა სერიოზული პრობლემები ივნისში თანამდებობიდან გადადგომისას. სულ ახლახანს კი, ორშაბათს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა ხარვეზები დაზვერვის მუშაობაში. [ბუშის ხმა]“გვჭირდება მეტი მზვერავი მთელს მსოფლიოში. გვჭირდება საუკეთესო ტექნოლოგია საფრთხის აღმოსაჩენად. გვჭირდება დაზვერვის უწყებათა შორის უკეთესი კოორდინაცია. გვჭირდება - კონგრესს სჭირდება - საუკეთესო დაზვერვა ამერიკელი ხალხის დასაცავად”, აღნიშნა ჯორჯ ბუშმა და იქვე შეეხო ერაყის საკითხს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია ერაყში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსებობაზე არაზუსტი გამოდგა, სადამ ჰუსეინის დამხობა მაინც გამართლებული იყო: ამერიკელი ხალხის დასაცავად.

ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი ჯეკ სპენსერი, რომელიც ვაშინგტონში განთავსებულ კვლევით ცენტრში მუშაობს. მასვე არასწორად მიაჩნია დასკვნა, თითქოს ერაყში ომის გამო სათანადო ყურადღება არ დათმობია ბრძოლას ტერორისტულ ქსელ ალ-ყაიდის წინააღმდეგ. ასეთი დასკვნა კი არაერთ ექსპერტს გამოაქვს, მათ შორის ჯონათან კლარკს - ასევე ვაშინგტონში მოღვაწე ექსპერტს, თანაავტორს წიგნისა: “ამერიკა მარტოდმარტო: ნეოკონსერვატორები და მსოფლიო წესრიგი”.

კლარკმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ ერაყზე ყურადღების გადატანით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ხელიდან გაუშვა ალ-ყაიდის ლიდერ ოსამა ბინ-ლადენის შეპყრობის შანსი: [კლარკის ხმა] “ვფიქრობ, რომ ძალისხმევის, რესურსების, სამხედრო ძალის ერთი მიმართულებით - კერძოდ ერაყისაკენ წარმართვამ, დიდად ვერ შეუწყო ხელი ამ მიზნის მიღწევას. ის კი არა, შესაძლოა, საწინააღმდეგო მიმართულებით წაგვიყვანა. 11 სექტემბრის თავდასხმები ადამიანების კონკრეტული ჯგუფის ნახელავია და ეს ჯგუფი, არსებითად, ჯერაც არ შეუპყრიათ”.

კლარკი იმასაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება ერაყში ომის დაწყების საკითხზე არ მოჰყოლია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებულ არასწორ ინფორმაციას. ეს გადაწყვეტილება ბუშის ადმინისტრაციას ადრევე ჰქონდა მიღებული: ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრამდე.
XS
SM
MD
LG