Accessibility links

logo-print

რა მოელის ''იუკოსს''?


“იუკოსი“ რუსეთის ერთი რიგითი კომპანია არ არის. მასზე მოდის რუსეთის ნავთობის მეხუთედის ექსპორტი - და ეს, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პირობებში.

“იუკოსივეა” რუსეთში ყველაზე ცნობილი კომპანია და ის, რაც “იუკოსის” თავს ხდება, ათი ათასობით ადამიანის ბედზე ახდენს გავლენას - ყველა იმ ადამიანის ბედზე, ვინც “იუკოსშია” დასაქმებული, ან “იუკოსის” აქციებს ფლობს. “იუკოსი” ერთგვარი ინდიკატორის როლითაც არის დატვირთული - ხომ შეიძლება, მისი ბედი სხვა კომპანიებმაც გაიზიარონ? მაშ, ღირს რუსეთში ინვესტირება?

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით სავსებით ბუნებრივია უზარმაზარი ინტერესი, რომელსაც “იუკოსთან” დაკავშირებული ყოველი სიახლე იწვევს შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც “იუკოსის” ხელმძღვანელი და აქციების უდიდესი მფლობელი, მიხაილ ხოდორკოსვკი დააპატიმრეს. ხოდორკოვსკის თაღლითობისა და გადასახდების გადაუხდელობის ბრალდებებს უყენებენ, ხოლო მისი კომპანიისაგან მილიარდობით დოლარის გადახდას მოითხოვენ.

ამჟამად ყურადღების ცენტრში დგას “იუკოსის” წინადადება, რომ მზადაა, 7,5 მილიარდი დოლარი გაიღოს გადასახადების გასასტუმრებლად - მაგრამ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვინაიდან ერთბაშად გადახდის შემთხვევაში გაკოტრდებოდა!

რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია პასუხი ამ ინიციატივაზე - მისი განხილვა, როგორც იუწყებიან, ახლა მიმდინარეობს. მაგრამ, მაინც რა გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი? დაყაბულდება რუსეთის ხელისუფლება სამწლიან ვადას, თუ “იუკოსის” გაკოტრებას ამჯობინებს? ამ შეკითხვით ჩვენი რადიოს თანამშრომელმა მარკ ბეიკერმა მიმართა რონალდ სმიტს - მოსოკოვში მოღვაწე საფინანსო ექსპერტს. [სმიტის ხმა] “50-50-ზეა იმის შანსი, რომ მთავრობა ან გააკოტრებს კომპანიას (ან გააკოტრებს, ან გააუქმებს - ეს ყველაზე უარესი ვარიანტია), ან კიდევ დაიდება რაიმე შეთანხმება “იუკოსის” აქციების მფლობელებს, კომპანიასა და მთავრობას შორის - პრაქტიკულად, კომპანიაზე კონტროლის მთავრობისათვის ჩაბარების შესახებ”.

რუსეთის პრეზიდენტი “იუკოსის” საქმეს წარმოსახავს ძალისხმევად, რომლის მიზანია ეკონომიკური დანაშაულის აღმოფხვრა. მაგრამ არიან ისინიც, ვინც “იუკოსის” შევიწროვებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხედავს, რახან ხოდორკოვსკი (ასეა თუ ისე, რუსეთში უმდიდრესი კაცი) პუტინის ოპოზიციის მხარეს იდგა.

რაც შეეხება თვით “იუკოსის პოზიციას” - კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბრალი არაფერში მიუძღვით, მაგრამ მაინც მზად არიან გარიგების დასადებად. მათივე თქმით, ამჟამად რაიმეს გადახდაზე ლაპარაკიც ზედმეტია, “იუკოსის” კუთვნილი ქონების დაყადაღების გამო.

“იუკოსის” ამბებს მოსკოვის საფინანსო ბირჟაზე, ბუნებრივია, უშედეგოდ არ ჩაუვლია: კომპანიის აქციათა მფლობელებიდან ბევრი დაშინდა, აქციები გაყიდა და ამიტომ მათი ღირებულება ბოლოს სამი თვის მანძილზე განახევრებულია. “მსგავსი არაფერი მინახავსო”, აღიარა ჩვენ კორესპონდენტთან საუბარში რონალდ სმიტმა, რომლის თქმით, ყოფილა დღეები, როცა აქციის ღირებულება 8-10 პროცენტით ეცემოდა.
და რახან აქციებზე ვლაპარაკობთ - მიხაილ ხოდორკოვსკიმ ამ კვირაში გაიმეორა წინადადება, რომ უარს იტყვის “იუკოსის” აქციების 44 პროცენტზე, რათა ისინი ან გაიყიდოს, ან მთავრობას გადაეცეს.

რას გადაწყვეტს რუსეთის ხელისუფლება, მალე გამოჩნდება. ამასობაში ხოდორკოვსკი და “იუკოსის” ხელმძღვანელობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პლატონ ლებედევი პატიმრობაში რჩებიან. ამ სიუჟეტს კი ისევ საფინანსო ექსპერტის, რონალდ სმიტის ერთი შეფასებით დავამთავრებ: [სმიტის ხმა] “თუ “იუკოსი” გააკოტრეს, ყველაფერი თავდაყირა დადგება. უნდა მოვიცადოთ, ვნახოთ - რა მოხდება და “იუკოსი “ცალკეული შემთხვევა იქნება თუ არა. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მთავრობა იტყვის: “ეს ერთხელ მოხდა და ინვესტორებს შეუძლიათ მშვიდად იყონო”. მაგრამ ვნახავთ, ბაზარზე ამას დაიჯერებენ თუ არა”.
XS
SM
MD
LG