Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები ეუთოს წინააღმდეგ


გასულ კვირაში რუსეთმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრმა კიდევ რვა ქვეყანამ,

საჯაროდ გააკრიტიკეს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. მოსკოვის წაქეზებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავის საქმიანობაში ეუთო არღვევს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ორმაგი სტანდარტების გამოყენება და სუვერენიტეტის პატივისცემა. რუსეთთან ერთად საპროტესტო დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბელორუსიამ, მოლდავეთმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა, უკრაინამ, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა. მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ თქვა უარი (მათ შორის საქართველომაც), გაეზიარებინა ეს კრიტიკული პათოსი. იმის შესახებ, თუ რა გახდა დსთ-ის წევრი ქვეყნების მხრიდან ასეთი დემარშის საფუძველი უფრო დაწვრილებით კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს ყოველკვირეულ პროგრამა "ახალ ევროპაში".

ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს განსაკუთრებით ბევრი სასაყვედურო დაუგროვდათ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მისამართით, რომელსაც ბინა ვარშავაში უდევს და რომლის წარმომადგენლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან. აღნიშნული ორგანიზიცია მწვავედ აკრიტიკებდა ზემოხსენებულ ცხრა სახელმწიფოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, დემოკრატიული საარჩევნო პროცედურის ნორმებისა და ევროპული სტანდარტების არაერთი დარღვევის გამო. კოლექტიური განცხადების ხელმომწერი ერთ-ერთი ქვეყნის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჰამლეტ გასპარიანი ეუთოს მხრიდან "დაუბალანსებელ მიდგომაზე" საუბრობს.

[ჰამლეტ გასპარიანის ხმა] "ჩვენ დოკუმენტში ეჭვქვეშ არ დამდგარა უფლებადაცვითი საკითხები, მაგრამ საქმე ის, არის რომ დსთ-ის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნების დროს ეუთომ დაუბალანსებელი მიდგომა გამოავლინა, ზოგ შემთხვევაში კი – აშკარად გადაამეტა საკუთრივ ეუთოს იურისდიქციას."

რუსეთისა და რვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ეუთოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებათა ჩამონათვალში ისიც არის ნათქვამი, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ძირითადად დსთ-ის სივრცეზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგით შემოიფარგლება და რეაგირებას ვერ ახდენს ახალ გამოწვევებსა და საფრთხეზეო.

რუსეთი ხომ ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოითხოვდა ეუთოსაგან (მაშინ ამ ორგანიზაციას ჯერ კიდევ "კონფერენციის" სტატუსი ჰქონდა), გაეაქტიურებინა საქმიანობა სწორედ სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და გამხდარიყო ერთგვარი საპირწონე ნატოსთვის, რომელმაც სწორედ მაშინ, "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამის დაფუძნებით, ბიძგი მისცა გაფართოების პროცესს აღმოსავლეთი ევროპის მიმართულებით.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხაილ ტროიანსკიმ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, ეუთო სწორედ გლობალურ საფრთხეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

[მიხაილ ტრაიანსკის ხმა] "ჰუმანიტარულ მიმართულებათა აქტიური განვითარება სამხედრო-პოლიტიკური და ეკონიმიკური სფეროების საზიანოდ ხდება. თანაც, ჰუმანიტარულ დარგში მოღვაწეობა, ძალიან ხშირად, ადამიანის უფლებათა სფეროსა და საარჩევნო პროცესის მონიტორინგზე დაიყვანება. შესაბამისი შეფასებები კი ხშირად პოლიტიზებულია და არ ითვალისწინებს ცალკეული სახელმწიფოების სპეციფიკას."


ძნელი სათქმელია, რა სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას მოითხოვენ ეუთოსაგან რუსეთი და თანამეგობრობის ის ხუთი სახელმწიფო – სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, რომლებმაც თანამეგობრობის სივრცეზე ახალ სამხედრო ალიანსს - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები არა მარტო ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ატარებენ, არამედ ერთმანეთს შეიარაღებითა და საბძოლო ტექნიკითაც ეხმარებიან. ის, რომ ინტეგრაციული პროცესები დსთ-ის შიგნით რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს, პრეზიდენტ პუტინს რუსეთის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე არ დაუმალავს. თუმცა, 12 ივლისს მოსკოვში პუტინის პირით პირველად მოხდა იმის აღიარებაც, რომ დსთ-ის სივრცეში რუსეთის ლიდერობა უალტერნატივო აღარ არის.

[ვლადიმერ პუტინის ხმა] "რის გაკეთებაც არ არის საჭირო, ეს არის თავშექცევა სენტენციებით, თითქოს რუსეთის გარდა სხვას არავის ჰქონდეს ლიდერობის პრეტენზია თანამეგობრობის სივრცეში. თუ ჩვენ ვაღიარეთ გარკვეული რეალიები, მაშინ საგარეო პოლიტიკის შემუშავების დროს ამ რეალიებს ანგარიშიც უნდა გავუწიოთ."

მაგრამ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაზე რუსეთის გავლენა იმდენად დიდია, რომ 3 ივლისს გამართულ დსთ-ის სამიტზე ეუთოს საქმიანობის კრიტიკის შემცველ დოკუმენტს ხელი მოაწერეს იმ სახელმწიფოებმაც, რომლებიც ბევრ საკითხში არათუ არ უპირისპირდებიან, არამედ აღიარებენ კიდეც ეუთოს დომინანტურ როლს. მაგალითად, ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აბდილ სეგიზბაევმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დაუფარავად განაცხადა, რომ ყირგიზეთმა დოკუმენტს სწორედ სხვა სახელმწიფოებთან სოლიდარობის ნიშნად მოაწერა ხელი.

[აბდილ სეგიზბაევის ხმა] "თუ დსთ-ის წევრ სხვა სახელმწიფოებს ჰქონდათ რაღაც დავა ეუთოსთან – ჩვენი ვალია, ამის შესახებ ღიად ლაპარაკი და რეკომენდაციის მიცემა. ვფიქრობ, ყირგიზეთმა სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი დოკუმენტს. რაც შეეხება ჩვენს შიდა ვითარებას, ყირგიზეთს არაფერი აქვს სასაყვედურო ეუთოსადმი. ორგანიზაციამ დიდი სამუშაოები ჩაატარა. თუ თანამშრომლობა ასეთი კუთხით მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენ ძალიან კმაყოფილნი დავრჩებით."

დაბოლოს, ერთი საყურადღებო დამთხვევა. ნიშანდობლივია, რომ რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც ეუთოს ბრალს სდებენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის უპატივცემულობაში, არც იმას ერიდებიან, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა გააკრიტიკონ იმ ქვეყანაში, რომელიც არ შეუერთდა დსთ-ის 3 ივლისის ზემოხსენებულ დოკუმენტს. ასე მოხდა საქართველოს მიმართ. 10 ივლისს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და თანამემულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის მოღვაწეობას "გაუგებარი" უწოდა და განაცხადა, მისია მხარს უჭერს ქართული მხარის პროვოკაციულ ქმედებებსო.A
XS
SM
MD
LG