Accessibility links

რა ფონზე გაიმართა მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 13 ივლისს რუსეთისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა საკმაოდ რთულ ფონზე გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და

ცხინვალის რეგიონში პრეზიდენტ პუტინის სახელით გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებული ინციდენტი ნამდვილად არ ქმნიდა იდეალურ პირობებს ქართულ-ოსური კონფლიქტის დაძაბულობის მოხსნის მიზნით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებისთვის.

ჩვეულებრივ, მოლაპარაკების დაწყებამდე მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები მაქსიმალურად ცდილობენ გამოავლინონ კომპრომისის მიღწევის სურვილი. თუმცა სულ სხვა ფონი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთა შეხვედრის წინ: 13 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მორიგ განცხადებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ იაკოვენკოს თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში რუსეთს გულისხმობდა, ეს სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. „მეგობრობის შესახებ განცხადებებს პრაქტიკული საქმეები უნდა მოჰყვეს. ჩვენ ამას ველით თბილისისგან, სადაც კარგადაა ცნობილი მოსკოვის კონკრეტული წინადადებები, რაც შესაძლებელს გახდიდა ორმხრივ ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რა კონკრეტულ წინადადებებზე შეიძლება იყოს საუბარი? - ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის ვარაუდით, აქ ისევ და ისევ საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზების ბედი უნდა იგულისხმებოდეს:
[აკაკი ასათიანის ხმა] „ ბაზების ვადაა მთავარი. დარჩება 5-დან 10 წლამდე - ამ ვადაზეა ლაპარაკი. მთავარი ეგ არის. გარდა ამისა, კიდევ სხვა საკითხებია - თითქმის ექსკლუზიური უფლებები ტრანსპორტზე, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია: ჩვენზე გამავალი გზებით ირანი იარაღით მარაგდება.“
აკაკი ასათიანის ეს მოსაზრება, შესაძლოა, ბევრისთვის საკამათო იყოს თუნდაც იმის გამო, რომ, კონტრაბანდასთან ბრძოლის არგუმენტით, ქართულმა მხარემ 13 ივლისს ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის სახელით გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი ფქვილიც კი დააკავა. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიხეილ ქარელის განცხადებით, ვინაიდან ფქვილი საბაჟოზე არ განუბაჟებიათ, ეს ჩვეულებრივი კონტრაბანდაა. მიხეილ ქარელის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომელი ლალი ბაქრაძე:
[ლალი ბაქრაძის ხმა] „ საბაჟოზე ჰუმანიტარული ტვირთის გატარების წესი არსებობს. პრეზიდენტის ბრძანებულებაა: ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიანიჭოს მას ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი და შემდგომ მოიხსნება ის გადასახადები, რაც ჩვეულებრივ ტვირთებს აქვთ.“
ფქვილის სკანდალს ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საკუთარი მოსახლეობისთვის ფქვილის დასარიგებლად სხვისი დახმარება არ სჭირდება.
XS
SM
MD
LG