Accessibility links

logo-print

სომხეთი კვლავ აქტიურად მოითხოვს აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის აღდგენას. რას ფიქრობენ ამაზე საქართველოში


სომხეთი უწინდებურად აქტიურად მოითხოვს აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის აღდგენას. სომხეთის ამ მოთხოვნამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა მოსკოვში სომხეთის

პერმიერ-მინისტრისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე.
სომხეთის პრემიერ - მინისტრი ანდრანიკ მარქარიანი მოსკოვში ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გარკვევას შეეცადა. ამის შემდეგ ის საქართველოს უნდა ეწვიოს და სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხი წინა პლანზე იქ წამოსწიოს. საქართველოში სომხეთის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი თვალსაზრისი არსებობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩამოსვლას ივლისის ბოლოს გეგმავს. აქ ის შეეცდება აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზი ხაზის სამმხრივი ან ოთმხრივი ექსპლუატაციის საკითხები განიხილოს. საუბარია აფხაზეთის, ანუ საქართველოს, გავლით მოსკოვისა და ერევნის დამაკავშირებელი იმ სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე, რომელიც დიდი ხანია აღარ მუშაობს. ამ ხაზის აღდგენა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მარტო სომხეთისა და რუსეთისთვის არ არის საინტერესო. რკინიგზის აღდგენა ასევე შედის საქართველოს ინტერესებშიც, მაგრამ საქართველო სომხეთისა და რუსეთის მოთხოვნას საკუთარ მოთხოვნას აგებებს და რკინიგზის აღდგენისთვის აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების დაწყებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ინტერესთა ერთგვარი თანხვედრა თოთქოსდა მოხდა, მაშინ როცა ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმირ პუტინი სოჭში რკინიგზის აღდგენისა და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების რეალიზაციისთვის გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნაც, მაგრამ ამის შემდეგ პროცესი წინ არ წასულა. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გამოუკვეთია პოზიცია იმასთან დაკავშირებით,
რა პირობები შეუძლია შეაგებოს აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის აღდგენის მოთხოვნას. ოფიციალურ დონეზე საქართველოში ჯერ კიდევ არ თქმულა, შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენა. საკითხისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “აფხაზები საერთოდ არ მოითხოვენ მის გახსნას - ჩანს, რომ ეს არ უნდათ. ეს არის რუსეთის მოთხოვნა და ვერ ეწინააღმდეგებიან რუსეთის მოთხოვნას. რკინიგზის გახსნის მოთხოვნის გაჟღერება ხდება რუსეთის და სომხეთის მხრიდან, თუმცა მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ეს უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ, ქართველებს. ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს. “ (სტილი დაცულია)

ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ რკინიგზის აღდგენა შეიტანს სერიოზულ თანხებს საქართველოს ბიუჯეტში, განამტკიცებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციას და, ამავდროულად, ავტომატურად მოიტანს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას. ამიტომ, ზაქარეიშვილის აზრით, არ არის საჭირო ამ ორი საკითხის ერთ კონტექსტში განხილვა. “რკინიგზის აღდგენა ერთჯერადი აქტია, დევნილთა დაბრუნება - დროში გაწელილი პროცესი. ერთი მეორეს თავისთავად, სპონტანურად მოიტანს, რადგან საქართველო არ დათანხმდება რკინიგზის ექსპლუატაციისთვის აფხაზეთში რუსი სპეციალისტების შეყვანას, აფხაზეთში კი გაჩნდება მუშახელის, ანუ დევნილთა დაბრუნების, მოთხოვნილება,” -ამბობს ის. აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს გია გვაზავას ამის არ სჯერა. ის ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ სარკინიგზო ხაზის აღდგენას აფხაზეთში ათასობით რუსის ჩასახლება მოჰყვება.

[გია გვაზავას ხმა]”ამოდენა რკინიგზის აღდგენას მუშახელი სჭირდება? სად არის ეს მუშახელი? თუ ჩვენ არ ვიქნებით, რუსი უნდა იყოს, არა? სპეციალისტები მაგათ ჰყავთ. აფხაზებს სპეციალისტები თითქმის არ ჰყავდათ. რკინიგზას დაცვაც ხომ სჭირდება, ეს ხომ რამდენიმე ათასი კაცია, თავისი ოჯახებით. აბა, გადათვალეთ...”

სარკინიგზი ხაზის აღდგენის საკითხს სერიოზული შიში უკავშირდება აზერბაიჯანიდანაც - შიში იმისა, ეს ხაზი სომხეთში შეიარაღების შეტანის გზად არ იქცეს. ამიტომ საქართველოს მხარეს მოლაპარაკებისას ყველა რისკის გათვლა მართებს. რისკების მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში კი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, უკვე რუსეთი წავიდეს ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG