Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სამხედრო წვრთნა აქტიურ ფაზაში შევიდა


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ბრიტანეთის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მოცულობის

გაზრდა წარმოადგენს. ამ ქვეყანამ, აშშ-სა და თურქეთისგან განსხვავებით, მხოლოდ ახლახან დაიწყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა. ორიოდე კვირის წინ დასრულდა ბრიტანული სასწავლო პროგრამა, რომლის მონაწილე ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო ოპერაციების წარმოება შეისწავლეს. ამ დღეებში კი აქტიურ ფაზაში შევიდა კიდევ ერთი ქართულ-ბრიტანული სამხედრო პროგრამა ”ჯორჯიან ექსპრეს 2004”, რომელიც 4 ივლისს დაიწყო და 17 ივლისამდე გასტანს.

13 ივლისს ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა დაამყარონ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოგზავნოს ახალი მრჩევლები, მეტი ოფიცერი მოგვიმზადოს ბრიტანულ სამხედრო კოლეჯებში, ვასწავლოთ ჩვენს ოფიცრებს ინგლისური. ქართველები ძალიან სწრაფად სწავლობენ სამხედრო საქმეს. ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები, იმიტომ რომ გვაკლია კვალიფიციური ოფიცრები. აი, ეს არის და ეს. და თითოეული გაწვრთნილი ქართველი ოფიცერი ნებისმიერ საბჭოთა სკოლაგამოვლილს აჯობებს 10-ჯერ.”

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სამხედრო წვრთნა ”ჯორჯია ექსპრეს 2004”. მისი აქტიური ფაზა 12 ივლისს დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები და ბრიტანელები ერთად გაივლიან სამხედრო სწავლების პროგრამას.

[ისმის წვრთნის ხმა]

ამ ერთობლივი წვრთნის დაწყებით, რომელშიც მძიმე სამხედრო ტექნიკასთან ერთად ავიაციაცაა ჩაბმული, კმაყოფილნი დარჩნენ როგორც ქართველები, ასევე ბრიტანელი სამხედროები.

[ქართველი სამხედროს ხმა] ”ერთნაირად ვაკეთებთ, ერთობლივად, ჩვენ და ბრიტანელები - მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლებები, ეს იქნება იარაღიდან სროლა თუ დესანტირება და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

[ბრიტანელი სამხედროს ხმა] ”ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, ქართველები გავწვრთნათ და მათი გამოცდილება გავიზიაროთ. თუ ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას მივიღებთ, ურთიერთობა გაგვიადვილდება.”

ამ ერთობლივი წვრთნის მთავარი ამოცანა სწორედ რომ სამშვიდობო ოპერაციებში ერთობლივი მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, სწორედ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის სპეციფიკის ცოდნა აკლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ”წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” გაწვრთნილ ქართველ სამხედროებს.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ყველა წვრთნა მიზნად ისახავს გამოცდილების ურთიერთგაცვლას, მზადყოფნის და მომზადების დონის ამაღლებას და, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან სამხედრო სფეროში.” (სტილი დაცულია)

ეს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი. მისი ნათქვამი ეხმიანება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ლონდონში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მომავალში საქართველოს დიდ ბრიტანეთთან ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა ექნება, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთთან აქვს.
XS
SM
MD
LG