Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენდუქიძე სიტყვიდან საქმეზე გადადის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მთავრობის სხდომაზე საპრივატიზაციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო ამ გეგმის განხორციელებას იწყებს

და საპრივატიზებო ობიექტების სიას ამზადებს, რომელსაც მინისტრი კახა ბენდუქიძე მთავრობის სხდომაზე წარადგენს. ცნობილია, რომ სიაში ამ ეტაპზე ვერ მოხვდება 11 სახელმწიფო საწარმო, რომლებიც ე.წ. ბუნებრივ მონოპოლიებს განაკუთვნეს. როგორ წარიმართება პრივატიზება?

კახა ბენდუქიძე „სიტყვიდან საქმეზე“ გადადის და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ამზადებს. მანამდე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად საპრივატიზაციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა. სხვათა შორის, მთვარობის სხდომაზე ამ პოლიტიკის განხილვისას ერთი ინცინდენტიც მოხდა, როდესაც ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების და, კერძოდ, ტოტალური პრივატიზების წინააღმდეგ სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსანძე გამოვიდა, რომელიც განკერძოების პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქონებას გადამთიელები დაეპატრონებიან.

[გურამ აბსანძის ხმა] “საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა პრივატიზაციაში და არა იმ ხალხმა, რომელმაც ერთხელ დიდი ფული უკვე იშოვა პრივატიზაციით, თან გაურკვეველია - რა გზით და როგორ. ფულს სუნი უდის და უნდა გაითვალისწინონ. ”

საბოლოოდ, მთავრობამ, მისი ცალკეული წევრების მოკრძალებული პროტესტის მიუხედავად, ეს პოლიტიკა დაამტკიცა. პრივატიზების პროცესში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია დაეხმარება. მათი დახმარება ასევე ითვალისწინებს საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საკრედიტო ხაზის გახსნას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა, ამ კრედიტების გამოყენებით, შეძლონ საპრივატიზაციო ობიექტების შეძენა.

ოფიციალური მონაცემით, ამჟამად სახელმწიფოს წილი არსებობს, დაახლოებით, 1800 საწარმოში, სადაც 18 ათასი ადამიანია დასაქმებული. ჯერჯერობით გაურკვეველია რკინიგზის, აეროპორტის, ბუნებრივი აირის ობიექტების, მსხვილი ენერგეტიკული კომპლექსების, ფოსტისა და პორტების პრივატიზების საკითხი. ასევე შესამუშავებელია სქემა, რომლითაც იმ ობიექტების განკერძოება მოხდება, რომლებიც კერძო კომპანიებს მართვაში აქვთ აღებული. ასეთია, მაგალითად, „აზოტი“ და „თბილავიამშენი“. სვარაუდოდ, ამ ობიექტებს მათ მმართველ კომპანიებს შესთავაზებენ.

თავად „ბენდუქიძის გეგმა“ ითვალისწინებს ე.წ. საერთაშორისო გაყიდვას, რაც გასაყიდი ობიექტების სპეციალურ ვებ გვერდზე გამოტანას და ინვესტორისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, ხოლო, თუ ვინ გახდება ობიექტის მფლობელი, შემოთავაზებული თანხის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობილი გახდა, რომ გასაყიდ ობიქტთა ნუსხაში ამ ეტაპზე ვერ მოხვდება: თბილისის აეროპორტი, რკინიგზა, ფოსტა, ენგურჰესი, გაზის კორპორაცია - სულ 11 სახელმწიფო კომპანია. ეს კომპანიები, მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ბუნებრივ მონოპოლიებს განეკუთვნებიან, ანუ ეკონომიკის გარკვეულ დარგებში სახელმწიფო საწარმოებს საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვთ.

ამ ეტაპზე 1800 სახელმწიფო საწარმოდან 185 ობიქტი გადაუდებელ საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი. ეს ობიექტები ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს განეკუთვნება და ეკონომიკის სამინისტრო მათ რეალიზებას სწრაფად მოახდენს.
XS
SM
MD
LG