Accessibility links

logo-print

კონფლიქტოლოგის მოსაზრებები სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესზე


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მრავალგვარ მიმართებას თუ შეფასებას წარმოშობს. თქვენთვის ცნობილია როგორც

საქართველოს ხელისუფლების, ისე მისი ოპონენტების ან, უბრალოდ, ხელისუფლებაში არმყოფი პოლიტიკური ფიგურების მოსაზრებები. შეკითხვები ჩნდება არასამთავრობო სექტორში. მე დავუკავშირდი კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილს და კომენტარი ვთხოვე საქართველოში მიმდინარე, ალბათ, მთავარ შიდაპოლიტიკურ პროცესზე.

საქართველოს ხელისუფლებას დღეს ქვეყნის შიგნით პრაქტიკულად არ ჰყავს სერიოზული პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც არგუმენტირებულად დაუპირისპირდებოდა მის პოლიტიკას ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. და მაინც, კრიტიკა გაისმის და ის, ძირითადად, ორ პრეტენზიას უყენებს საქართველოს ხელისუფლებას: გაუარესდა ურთიერთობა რუსეთთან და გამწვავდა კონფლიქტი თვითონ რეგიონში. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ შეფასებისას შეიძლება გამწვავების კრიტერიუმი მოვიმარჯვოთ, მაგრამ თვითონ სხვა ცნებებით ოპერირებას ამჯობინებს:

[ხუციშვილის ხმა] “საქართველოს ხელისუფლების ქმედება უფრო იყო მცდელობა, კონფლიქტი გაყინული მდგომარეობიდან გამოეყვანა. როცა სისტემას ახასიათებს მდგრადობა და ამის გამო ძნელად სამართავია, მართვის საშუალების გასაჩენად ის უნდა გამოვიდეს მდგრადობის მდგომარეობიდან, მიენიჭოს დროებითი არამდგრდობა სისტემას, რათა მერე უკეთ სამართავი შეიქნეს და უფრო ხელსაყრელი მდგრადობის მდგომარეობაში გადაიყვანო.”

გოგი ხუციშვილის აზრით, მდგრადობიდან გამოყვანას ყოველთვის ახლავს გამწვავების რისკი და დღეს ყოფილ ავტონომიურ ოლქში ვითარება დასაშვებზე მეტად არის გამწვავებული,

[ხუციშვილის ხმა] “მაგრამ ამაში უფრო მეტად ჩვენს ხელისუფლებას კი არ ვადანაშაულებ, არამედ ვადანაშაულებ რუსეთის იმ წრეებს, რომლებიც ეძებდნენ, ელოდებოდნენ საბაბს საქართველოს გამოსაჭენებელად, რადგან ქვეყანას, მათი აზრით, ნდობის ზედმეტი მანდატი აქვს მსოფლიოში. მეორეც, რუსეთში ძალიან აღიზიანებთ ის, რომ საქართველო უკვე იქცევა, როგორც შემდგარი სახელმწიფო. ბოლო მაგალითი: საქართველომ გააჩერა თითქოსდა პუტინისგან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი იმ მოტივით, რომ ტვირთს არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ ახლავს. ასეთ შემთხვევაში ძალიან სამართლიანია საქართველოს მოთხოვნა, ტვირთი განაბაჟონ.”

კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასაწყისში ცდილობდა დაეახლოებინა რეგიონის ოსი მოსახლეობა და მტრულად განეწყო იგი კოკოითის ხელისუფლებისადმი, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა მიაღწიეს იმას, რომ ოს მოსახლეობაში ახლა შიში უფრო სჭარბობს იმ საფრთხის წინაშე, რომელიც თითქოს საქართველოდან მომდინარეობს. ბუნებრივია, საქართველოს უწინარესი ამოცანა სწორედ ამ შიშის გაფანტვაა. საამისოდ, გოგი ხუციშვილის აზრით, ერთი რამ არის საჭირო:

[ხუციშვილის ხმა] “უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენ გაუთვალისწინებელ ქმედებებს არ ვახორციელებთ. მოგვწონს თუ არა, ყველაფერი გაცხადებული უნდა იყოს. ყველა ნაბიჯს, ნებისმიერ გადაადგილებას მე, მაგალითად, ისე არ მოვახდენდი, რომ ვიღაცას ეთქვა, ფაქტის წინაშე მოულოდნელად დაგვაყენესო. იქ ნებისმიერ საბაბს გამოიყენებენ იმის სათქმელად, რომ ქართველები სამხედრო პროვოკაციას ამზადებენ.”
XS
SM
MD
LG