Accessibility links

logo-print

ზვიად გამსახურდია უდანაშაულოა


14 ივლისიდან გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” იწყებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის მიერ შექმნილი ასგვერდიანი დოკუმენტის ბეჭდვას.

ამ დადგენილებით, უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა ზვიად გამსახურდიას მიმართ. თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნამ, შესაძლოა, არ დააკმაყოფილოს. ისინი მოითხოვენ 1991/93 წლებში განვითარებული მოვლენების ძირფესვიან შესწავლას, რომელშიც არა მხოლოდ პროკურატურის ერთი ჯგუფი, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

2004 წლის 21 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, შეიქმნა 1991-93 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემსწავლელი კომისია, რომელმაც, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ინფორმაციით, მოამზადა ასგვერდიანი დოკუმენტი ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. ეს დოკუმენტი 14 ივლისიდან სწორედ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დადგენილებას მოუთმენლად ელიან გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.

ქალბატონი მარიკა აბაიშვილი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ეპოქაში სწორედ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი იყო. ახალი ხელისუფლებისგან იგი არა იმდენად ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციას, რამდენადაც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაფასებას მოითხოვს:

[მარიკა აბაიშვილის ხმა] “ერთი დიდი ტყუილი, რაც ამდენი ხანი ისმის, არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი. ამას ჰქონდა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ომის იერ-სახე, მაგრამ ამის არსი არ იყო სამოქალაქო ომი.”

1991-92 წლების მოვლენების შეფასებისას “სამოქალაქო ომის დისკურსის” ამოღებას მოითხოვს ზოგიერთი ქართველი იურისტიც. მაგალითად, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დისკურსი პასუხისმგებლობას უხსნის იმ ადამიანებს, ვინც დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება. ასეთი ფონი კი შეუძლებელს ხდის ობიექტური გამოძიების ჩატარებას:

[სოსო ბარათაშვილის ხმა] “საკითხის არსი ისაა, რომ დაუმსახურებლად განხორციელდა საქართველოში გადატრიალება. საუბარი იყო სამოქალაქო ომზე. მე გავაკეთებ ასეთ შედარებას: როცა 1921 წლის 25 თებერვალს შულავერიდან თბილისში გადმოვიდა 11-ე არმია, ამ არმიის უდიდესი ნაწილი იყო ქართველებით დაკომპლექტებული. იყო თუ არა ეს სამოქალაქო ომი საქართველოში?”


ცხადია, გენერალური პროკურატურის საგამომძიებლო ჯგუფს არ მოეთხოვება ისტორიის ახლებური შეფასება. მაგრამ თუკი მართლაც დაისჯებიან ის პირები, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გამოძიების პროცესში ის ადამიანებიც უნდა დასახელდნენ, რომლებმაც ქართული საზოგადოება გამსახურდიას დისკრედიტაციისთვის შეამზადეს. მარიკა აბაიშვილის აზრით, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია...

[მარიკა აბაიშვილის ხმა] “მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ “მხედრიონს” პასუხისმგებლობა მოეხსნას, მაგრამ “მხედრიონი” იყო ერთ-ერთი ამ მოქმედი ძალებისგან. აქ ასევე
ძალიან აქტიურად მოქმედებდა პოლიცია, მაშინდელი მილიცია, პროკურატურა, კაგებე... ისინი უშუალოდ საქმის შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ამ ყველაფერს შეუმზადდა იდეოლოგიური საფუძველი... ამხელა ვეშაპს ებრძვის შენი ქვეყანა და ამ დროს რაზეა ლაპარაკი...”

“ამხელა ვეშაპში”, ცხადია, რუსეთი იგულისხმება. აქ თითქმის მეორდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრება: როცა ქვეყანა “ვეშაპს” ებრძვის, ადამიანის უფლებები, შეიძლება, არ იყოს განსაკუთრებით აქტუალური. თუმცა, მარიკა აბაიშვილის აზრით, 1991-92 წლების მოვლენების გადაფასების, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული “სამოქალაქო შერიგების” იდეა, მართალია, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებაში გაჩნდა, ეს იყო უფრო მეტად “პოპულისტური ჟესტი”... როცა მოწინააღმდეგე დამარცხებულია, იგი შეგიძლია “უდანაშაულოდ” ცნო:

[მარიკა აბაიშვილის ხმა] “როდესაც ეს ძალა დაიძლია, იმან, ვინც დაძლია და ვისთვისაც ეს ძალა არ იყო სასურველი, თავის თავს ფუფუნება მისცა, რომ დემოკრატიული იერით წარმოჩენილიყო საზოგადოების წინაშე და დაიწყო დაცვა.” (სტილი დაცულია)

ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციის დოკუმენტი იმ დროს იბეჭდება, როცა იძაბება ვითარება ცხინვალის რეგიონში და საზოგადოების ერთი ნაწილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან იმ ადამიანთა დასჯას მოითხოვს, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ოსები და ქართველები, ერთმანეთს დაუპირისპირეს. იყო თუ არა ეს “სამოქალაქო ომი”?
XS
SM
MD
LG