Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროკომისარი პოტოჩნიკი: ''საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერად განიხილება''


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა იანეჟ პოტოჩნიკი - ევროპის კავშირის ახალი კომისარი, რომელსაც გიუნტერ ფერჰოიგენთან ერთად

კავშირის გაფართოების საკითხებისა და, კერძოდ, "ახალი სამეზობლო პროგრამის" გაძღოლა ევალება. საქართველოს გარდა პოტოჩნიკმა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც იმოგზაურა. ინტერვიუში, რომელიც ევროკომისარმა ბრიუსელში დაბრუნებისთანავე მისცა რადიო "თავისუფლების" იქაურ კორესპონდენტს აჰტო ლობიაკასს, სლოვენიელი დიპლომატი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც იანეჟ პოტოჩნიკს სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში მოგზაურობის შედეგად შეექმნა, ის არის, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დიახაც შეიძლება, ევროპული ქვეყნების კვალიფიკაცია მიეცეთ; და, შესაბამისად, ადრე თუ გვიან, მათ შეიძლება ჰქონდეთ ევროპის კავშირში გაწევრიანების პრეტენზია. ამავე დროს, პოტოჩნიკი აღნიშნავს იმასაც, რომ თბილისში, ერევანსა და ბაქოში მოთმინება უნდა მოიკრიბონ, რადგან ევროკავშირის წევრობამდე ხანგრძლივი და მძიმე გზაა გასავლელი. და, სხვათა შორის, არც ახალ სამეზობლო ინიციატივაში მონაწილეობაა იმის გარანტია, რომ ადრე თუ გვიან კავშირში მიგიღებენ. თუმცა, თუ იმავე იანეჟ პოტოჩნიკს დავესესხებით, იმედი არსებობს.

[იანეჟ პოტოჩნიკის ხმა] "ჩემი აზრით, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ისტორიულადაც და კულტურულადაც მათი ფესვები ევროპულია. ამიტომ ამ საკითხში ჩვენი პასუხი, ვფიქრობ, დადებითი უნდა იყოს."

"ევროპული ფესვების" ხსენება, განსაკუთრებით ევროკომისიის წარმომადგენლის მხრიდან, იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცს ერთი შეხედვით შეიძლება ეგონოს. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის კონსტიტუციით, წევრობაზე უარი არ შეიძლება ეთქვას ევროპის არც ერთ ქვეყანას. შესაბამისად, თუ სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოები ევროპის ნაწილად ჩაითვლებიან, კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მათთვის სავსებით რეალური გახდება. სხვა საქმეა, რომ ამას დრო დასჭირდება.

ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში იანეჟ პოტოჩნიკი ხაზს უსვამს, რომ კავშირში გაწევრიანების პროცესი მეტად რთული და კომპლექსურია, გასავლელი გზა კი - გრძელი. ერთი, თუნდაც უზარმაზარი ნახტომით ამ გზის დაძლევა შეუძლებელიაო, აღნიშნავს ევროკომისარი და დასძენს:

[იანეჟ პოტოჩნიკის ხმა] "ამ ეტაპზე ევროპის კავშირი ნამდვილად ვერ შესთავაზებს მათ მოლაპარაკების დაწყებას გაწევრიანების შესახებ. მაგრამ ეს სამეზობლო პოლიტიკა უდავოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არის ნაბიჯი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და ინტეგრაციის გაღრმავებისკენ; და ამ ქვეყნებს სთავაზობს დახმარებას იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მათთვის ყველა შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა."

იანეჟ პოტოჩნიკთან საუბარში ერთი საყურადღებო დეტალიც გამოიკვეთა. როგორც ევროკომისარმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, სამხრეთ კავკასიას ბრიუსელში სულაც არ განიხილავენ განუყოფელ ერთეულად და კავშირში რეგიონის სამი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეფასდება.

ჩვენი კოლეგის თხოვნას, განვითარების დონის მიხედვით დაელაგებინა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროკომისარმა უარით უპასუხა, მაგრამ, სამაგიეროდ, არ დაუმალავს, რომ ამ სამეულში აშკარა ლიდერად საქართველო განიხილება.

[იანეჟ პოტოჩნიკის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ პირველი წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა. მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უდავოა, რომ რეფორმების პროცესი უნდა განმტკიცდეს და კიდევ უფრო განვითარდეს. ვარდების რევოლუცია, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და, ვფიქრობ, საქართველო უზარმაზარი, მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პოტენციალმა პრაქტიკული განხორციელება უნდა ჰპოვოს."

სლოვენიელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ევროკავშირი გულდასმით აკვირდება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ნებისმიერი სხვა ვარიანტი ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმას ეჭვქვეშ დააყენებსო, აღნიშნა იანეჟ პოტოჩნიკმა.
XS
SM
MD
LG