Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები ეკონომიკის სამინისტროს


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი წევრები და მომხრეები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალობით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი

მაღალ სამთავრობო პოსტზეც კი დაინიშნა. თუმცა მთავრობის უმრავლესობასთან პირველი იდეოლოგიური უთანხმოებისთანავე გამსახურდიას მომხრეებმა ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის ”მოღალატეებად” გამოცხადების პროცესი დაიწყეს. ”მოღალატეთა” სიაში პირველი აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე. რატომ?

[ისმის აქციის ხმა] ”მოღალატე, მოღალატე....”

ასეთი შეძახილებით შეამკეს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე ეკონომიკის სამინისტროს წინ შეკრებილმა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” აქტივისტებმა. მათ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახუდია ლიდერობდა. ზვიად გამსახურდიას მომხრეები რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ მინისტრს გრანდიოზული პრივატიზაციის გეგმის გამო უპირისპირდებიან. ბენდუქიძემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან მოლაპარაკება სცადა და საკუთარ კაბინეტში დიდხანს ესაუბრა პრივატიზაციის აუცილებლობის შესახებ. თუმცა მინისტრის მცდელობას შედეგი არ გამოუღია - მას გამსახურდიას ქვრივის მომხრეებმა ”მოღალატე” კიდევ კარგახანს ეძახეს.

[ისმის აქციის ხმა]
[აქციის მონაწილის ხმა] ”ეს ადამიანი რისთვის ჩამოვიდა? გაგვყიდოს მაშინ, გაგვიტანოს ბაზრობაზე, დაგვალაგოს როგორც ნივთები და გაგვყიდოს ისე.”

კახა ბენდუქიძის მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას ზვიად გამსახურდიას მომხრეები ყველას დასანახად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქართველოს მთავრობის სხდომაზე ბენდუქიძეს გამსახურდიას დროინდელი ეკონომიკის მინისტრი, ახლა კი სახელმწიფო მინისტრი, გურამ აბსანძე შეეკამათა.

[აბსანძის და ბენდუქიძის კამათი] ”... ტყე, ახლა ტყე მიეცი კაცს და დამთავრდა, მეტი რაღა უნდა. - რა დამთავრდა, ბატონო გურამ? - მეორე დღეს აღარ იქნება ეს ტყე. - რა იქნება მეორე დღეს... - მეორე დღეს არ იქნება ის ტყე. - რატო, კაცო? - იმიტომ რომ მოჭრის და გაყიდის. - ციხეში ჩავაჯინოთ მაშინ, ხო თქვა ბატონმა ზურაბმა. - ციხეში თუ ჩასვამ, მაშინ არ იყიდის. - არა, არა...” (სტილი დაცულია)

ეს კამათი საქართველოს მთავრობის სხდომაზე 30 ივნისს გაიმართა, როდესაც კახა ბენდუქიძემ მთავრობას სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების პრივატიზაციის იდეა შესთავაზა.
თუ რით შეიძლება აიხსნას ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკის გამო ერთმანეთთან დაპირისპირებული აბსანძისა და არჩვაძის აზრთა თანხვედრა, ამის გასარკვევად ეკონომიკის ექსპერტს რეზო საყევარიშვილს გავესაუბრე.

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”ზვიადისტების გარკვეული აქტივობა, როგორც ხშირად ხდებოდა, გარკვეული ძალების ინტერესებში საკმაოდ ორგანულად ჯდებოდა ხოლმე. შეიძლება ახლაც ვიფიქროთ იმაზე, რომ ზვიადისტები რაღაც შირმად არიან გამოყენებული რაღაც ინტერესთა ჯგუფების მიერ, რომელთათვისაც მიუღებელია ახალი საპრივატიზაციო პოლიტიკა.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ ხილული თუ ფარული წინააღმდეგობისა, ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მაინც შეძლო საკუთარი იდეის - მასშტაბური პრივატიზაციის - პროექტად ჩამოყალიბება, რომლის პრეზენტაციაც 15 ივლისისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG