Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი პრივატიზების მოლოდინში - რას ფიქრობს ხალხი


საქართველოში საწარმოთა პრივატიზების პროცესი ჯერ კიდევ ათი წლის წინ, 1995 წელს, დაიწყო და მას შემდეგ 15 ათასზე მეტი დიდი თუ მცირე საწარმო გაიყიდა.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პრივატიზების შედეგად 1995-2001 წლებში მიღებულმა შემოსავალმა 392 მილიონი ლარი შეადგინა. თითქმის სამწლიანი შესვენების შემდეგ საქართველო მორიგი “დიდი პრივატიზების” მოლოდინშია: ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე, თუკი მასვე დავესესხებით, სინდისის გარდა, ყველაფრის - მიწების, ტყეების, სამრეწველო ობიექტების, პორტებისა და ელექტროსადგურების - გაყიდვას აპირებს. რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ ქართული საზოგადოება, რას შეიძენდა და რას არა რიგითი თბილისელი, ფინანსური მდგომარეობა პრივატიზებაში მონაწილეობის საშუალებას რომ აძლევდეს?


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრივატიზების თითქმის ათლწიანი გამოცდილება დაუგროვდა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საწარმოთა კერძო საკუთრებაში გადაცემას ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენად არ მიიჩნევს:

[მამაკაცის ხმა] “სულ რომ არ გაიყიდოს და იყოს როგორც იყო და ამას პატრონი ჰყავდეს მთავრობა, უკეთესი, უკეთესი იქნება”.

[მამაკაცის ხმა] “ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ სახელმწიფოს დარჩეს ის, რაც საჭიროა ხალხის შემდგომი განვითარებისათვის.”

[ქალბატონის ხმა] “მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პრივატიზებისა, ყველაფერი რომ იყიდება, ნამდვილად არ მომწონს, შეიძლება ცუდად მესმის ეგ ამბავი...”

არადა, ახალი ხელისუფლება - განსაკუთრებით კი ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძე - ეკონომიკის გაცოცხლების ყველაზე ქმედით საშუალებად ტოტალურ პრივატიზებას მიიჩნევს. მისი თქმით, სინდისის გარდა, საქართველოში ყველაფერი უნდა გაიყიდოს. ბენდუქიძემ ამ გამონათქვამით ბევრი მოწინააღმდეგე გაიჩინა, თუმცა ყველაზე მძაფრი რეაქცია მაინც ტყეების პრივატიზების იდეამ გამოიწვია:

[მამაკაცის ხმა] “ტყე არ უნდა გაიყიდოს. ის კაცი იყიდის და მეორე წელსვე გაანადგურებს იმ ტყეს, იმიტომ რომ ფული უნდა აიღოს და ჩააბაროს ბანკს.”

[მამაკაცის ხმა] “ბენდუქიძე არის რუსეთის აგენტი და მაგი რუსეთის ინტერესებს იცავს. საქართველოს ინტერესებს არავინ ითვალისწინებს.”

-საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

“საიდან?! ჭკუა მაქვს და იქიდან მაქვს ეს ინფორმაცია!”

აღმასრულებელი ხელისუფლების “ტოტალური პრივატიზების” პოლიტიკას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო პაპავაც აკრიტიკებს, თუმცა სულ სხვა მოსაზრებების გამო:

[ლადო პაპავას ხმა] “ის, ალბათ, მთელ ეკონომიკის სამინისტროს, ცოტა უხეშად ვიტყვი, ახურდავებს პრივატიზაციის პროცესზე. ...ვერ გეტყვით, მე დაწერილი რაიმე დოკუმენტი, პროგრამის ან კანონპროექტის სახით, არ მინახავს და ამიტომ ძალიან ძნელია ზეპირი განცხადებების კომენტირება. ერთადერთი სიტყვა, მე მგონი, ყველაზე მოხერხებული ამ შემთხვევისთვის, არის გაუგებრობა.”

როგორც ირკვევა, ამ “გაუგებრობაში”, ანუ პრივატიზების პროცესში, უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენების პარალელურად, რიგითი თბილისელებიც დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი პირობის გათვალისწინებით: რასაკვირველია, სათანადო თანხა რომ ჰქონდეთ.

[მამაკაცის ხმა] “მე რომ მქონდეს ფული და საშუალება, სოფლის მეურნეობას ავაღორძინებდი, საკონსერვო ფაბრიკებს ვიყიდიდი და გლეხსაც ეშველებოდა, საწარმოსაც და ნატურალურ პროდუქტზე ვიმუშავებდი.”

[მამაკაცის ხმა] “სად დავაბანდებდი ახლა მაგას, როგორ გეტყვით, მაგრამ ვიყიდიდი, რასაც შევწვდებოდი.”

[მამაკაცის ხმა] “რა თქმა უნდა, წარმოება - მრეწველობა იქნება, სოფლის მეურნეობა, გადასამუშავებელი ქარხნები.”

თუმცა ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღებას აზრი არა აქვს იმის გამო, რომ რაც კარგი იყო, დიდი ხნის წინ გაიყიდა:

[მამაკაცის ხმა] “სად არის ქარხანა, გაუპატიურებული და გათახსირებულია სუყველა და რომელი ქარხნის ყიდვა შეიძლება.”

ჩემი კიდევ ერთი რესპონდენტი პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღებაზე საკმაოდ ორიგინალური მოსაზრების გამო ამბობს უარს:

[მამაკაცის ხმა] “მე რომ ახლა მილიარდები მომცა, რას ვიზამდი, იცით? არაფერსაც არ ვიყიდდი! ამ ფულით ახალ დაქორწინებულების პირველ შვილებს პატარა კომპენსაციას მივცემდი. მეორეზე წავუმატებდი, მესამეზე, მეოთხეზე... გავზრდიდი ამას და ათას დოლარამდე ავიყვანდი თითოეულ ბავშვზე, გამრავლდებოდა ქართველი.”

თუმცა საფიქრებელია, რომ, ფსევდომილიარდერებისაგან განსხვავებით, ეკონომიკის სამინისტრო გასაყიდად გამოტანილი ობიექტებით რეალური ბიზნესმენების დაინტერესებას შეძლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG