Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს მორიგი სამიტი მოსკოვში სექტემბერში გაიმართება - რუშაილო სამიტის პროგრამასა და ვადებს წევრ ქვეყნებთან ათანხმებს


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ვლადიმირ რუშაილო საქართველომდე დსთ-ს ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და

აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ოფიციალურად ამ ვიზიტების მიზანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურებთან სამიტის დღის წესრიგსა და ვადებზე შეთანხმებაა. სამიტი, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში მოსკოვში უნდა გაიმართოს. გასაგები მიზეზების გამო, დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი საქართველოში, სავარაუდოდ, მხოლოდ სამიტის მზადების თემატიკით არ შემოიფარგლება - განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე. ჩვენთან საუბარში ეს მოსაზრება დაადასტურა დსთ-ში საქართველოს ელჩმა ზურაბ ხონელიძემაც, რომელიც, ეგზომ საპასუხისმგებლო თანამდებობის მიუხედავად, მინსკის ნაცვლად, უკვე წელიწად-ნახევარია თბილისში იმყოფება.

ეგრეთ წოდებული მოძრავი ელჩის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებამ სულ რამდენიმე კვირის წინ შემოიღო და პრაქტიკულად ჯერ არც კი აუმოქმედებია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დსთ-ში საქართველოს ელჩის თბილისში ყოფნის პრეცედენტი თავისთავად ასახავს იმ არასერიოზულ დამოკიდებულებას, რომელიც დსთ-ს მიმართ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა თუ საზოგადოებაში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს საელჩო, ფინანსური შეჭირვების გამო, თითქმის წელიწად-ნახევარია არ ფუქციონირებს. შესაბამისად, დსთ-ს ახალი აღმასრულებელი მდივნის ვლადიმირ რუშაილოს საქართველოში პირველი, გაცნობითი ხასიათის, ვიზიტის მომზადებაში საქართველოს საელჩო არც კი ჩაბმულა.

[ზურაბ ხონელიძის ხმა] ”ჯერჯერობით არანაირი პირობები არ არის. საქმე არის ძალიან ბევრი, აუარება საქმეა, თან ამ სიტუაციაში, როცა დაძაბულია ურთიერთობები. მაგრამ არანაირი საშუალება საქმიანობისა არ არსებობს.”

როგორც ელჩი ზურაბ ხონელიძე აღნიშნავს, დსთ-ს მიმართ საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ ელიტაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება განპირობებულია არა იმდენად თავად დსთ-ს სტრუქტურით, არამედ ქვეყნის ხელისუფლების არამიზნობრიობით, ელემენტარულად მაინც გამოიყენოს დსთ-ს პოტენციალი. არის და უფრო მეტია განსხვავებული მოსაზრებაც - როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი ნუგზარ დურმიშიძე ამბობს, დსთ-ს არც პოტენციალი აქვს და არც პერსპექტივა:

[ნუგზარ დურმიშიძის ხმა] ” როგორ შეიძლება, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, სავიზო რეჟიმი არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, თურქმენეთს აქვს სავიზო რეჟიმი დსთ-ს ყველა ქვეყანასთან აბსოლუტურად. აი, როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი ორგანიზაციის არსებობა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც ერთმანეთთან ომის პირობებში იმყოფებიან. აი, სომხეთი, აზერბაიჯანი.”(სტილი დაცულია)

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველო ყველაზე გვიან , 1993 წლის მიწურულს, დეკემბერში, გახდა დსთ-ს წევრი. ქვეყნის ხელისუფლებამ დსთ-ში გაერთიანების არაპოპულარული გადაწყვეტილება აფხაზეთში მარცხისა და დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე მიიღო. 1994 წლის თებერვალში, პრეზიდენტ ელცინის თბილისში ვიზიტის შემდეგ, საქართველო მიუერთდა როგორც დსთ-ს წესდებას, ისე კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულება 1999 წელს, დასავლეთისაკენ აღებული პოლიტიკური კურსის ფონზე, საქართველომ პრაქტიკულად დემარშის ფორმით დატოვა. ერთადერთი, რაშიც დსთ-ს დღემდე პრაქტიკული შეხება აქვს საქართველოსთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ზონაში დსთ-ს მანდატით მდგარი სამშვიდობო ძალები არიან. ეს ძალები, ტრადიციული არანეიტრალიტეტით, ქართული მხარისათვის ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენენ. ვლადიმირ რუშაილოსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა, პოლიტიკოსთა აზრით, ამ თემას მხარს ვერ აუქცევს. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა 15 ივლისსაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG