Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხე ქართულ-ოსური ურთიერთობის დღევანდელ ეტაპზე


ბოლო დღეების განმავლობაში უბრალო ადამიანების პირად საუბარში ხშირად ისმის შეკითხვები ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ: რა ხდება ცხინვალში?

არის თუ არა შესაძლებელი სისხლისღვრის თავიდან აცილება? ხომ არ ჩქარობს პრეზიდენტი? აქვს კი სახელმწიფოს პრობლემის მოგვარების ერთიანი გეგმა? თუ ასეთი გეგმა არსებობს, რატომ არ ჩანს თანმიმდევრულობა ხელისუფლების ქმედებაში? თუ გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს, მაშინ რისთვის იყო საჭირო ამ მიმქრალი კონფლიქტის ხელახლა გაღვივება?

ქართულ-ოსური ურთიერთობა, მართლაც, ბევრ კითხვას ბადებს, მაგრამ დამაჯერებელი პასუხის მოძებნის ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს.

ცხინვალს და, მთლიანად, სამაჩაბლოს საქართველოს დედაქალაქისგან დიდი მანძილი არ აშორებს, მაგრამ თითქმის არაფერი ვიცით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. ცხინვალიდან დევნილი ქართველებიც კი, თითქოს, მეორეხარისხოვანი დევნილები არიან: წლების განმავლობაში არსად ჩანან, არავის აწუხებენ და არაფერს ითხოვენ.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მკვიდრდება მოსაზრება, რომ ოსეთის პრობლემა გაცილებით ადვილად მოსაგვარებელია, ვიდრე აფხაზეთის. რას ეფუძნება ეს მოსაზრება: ცოდნას თუ არცოდნას? ერთი მხრივ, თვითაღიარებულ რესპუბლიკებს მომავალი არ გააჩნია და ეს რეალობა ერთი და იგივეა როგორც ოსეთისთვის, ისე აფხაზეთისთვის. თუ რუსეთი მომავალშიც შეეცდება, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული კონფლიქტები ქართულ სახელმწიფოზე ზემოქმედების იარაღად გამოიყენოს, ეს იარაღი ერთნაირად საშიში იქნება როგორც ოსეთში, ასევე აფხაზეთში. თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც საკუთარი მოქალაქეების დაღვრილ სისხლზე ზუსტად ერთნაირია როგორც ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართ. მეორე მხრივ, გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით, ოსეთი გაცილებით მეტად იზოლირებულია, ვიდრე აფხაზეთი. ხშირად ამბობენ, რომ ოსეთის პრობლემის მოგვარება რამდენიმე წუთში შეიძლება - როკის გვირაბის აფეთქებით. მაგრამ, როგორც განვლილი წლები ადასტურებს, ეს უფრო ილუზიური საფრთხეა ოსებისთვის, ვიდრე რეალური შანსი ქართული სახელმწიფოსთვის.

შესაძლოა, როდესაც ოსეთის პრობლემის შედარებით სიიოლეზე საუბრობენ, იმასაც გულისხმობენ, რომ ოსებს არ ჰყავთ საკუთარი არძინბა - ომის გმირი, ქარიზმატული ლიდერი, რომლის ხელისუფლება გამაგრებულია კლანური მმართველობითაც და მოსახლეობის მხარდაჭერითაც.

გმირი პრეზიდენტი ოსებს ნამდვილად არ ჰყავთ, მმართველი კლანი კი - ჰყავთ, რასაც თვალნათლივ ადასტურებს იქაური თვითმარქვია ხელისუფლების საკადრო კურიოზები. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს ყველაზე საინტერესო და საკვანძო საკითხია. თბილისისა და ბათუმის რევოლუციების ხავერდოვანი ხასიათი დიდწილად განაპირობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერამ და შევარდნაძისა თუ აბაშიძის რეჟიმების მიმართ სახალხო პროტესტმა. როგორც ბოლოდროინდელი ნაბიჯები ადასტურებს, მიხეილ სააკაშვილი ოსეთშიც ძველი, გამოცდილი სცენარით მოქმედებს და ადგილობრივი მოსახლეობის მიმხრობას ჰუმანიტარული შტურმით ცდილობს.

მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქართველი და ოსი ეროვნების შეიარაღებული ადამიანები ერთმანეთის პირისპირ დგანან, სროლის ხმაც ისმის და ალაგ-ალაგ სისხლიც იღვრება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვის უჭერს მხარს ცხინვალის რეგიონის ოსურენოვანი მოსახლეობა: სააკაშვილს თუ კოკოითს. და რაკი არ ვიცით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად ოსური მოსახლეობა მზად არ არის. ამ საკითხზე კონცენტრირებული სახელმწიფო მანქანა ვერ ახერხებს, რომ მოიძიოს თუნდაც ერთი ცხინვალელი ოსი, რომელიც კოკოითზე ძვირს იტყვის.

სწორედ ამიტომ, თბილისური და ბათუმური რევოლუციებისგან განსხვავებით, დღეს რისკის ხარისხი განუზომლად მაღალია. სანამ სააკაშვილი თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის გულს მოინადირებს, მანამ, შესაძლოა, იარაღიანი ხალხის სიმრავლე გამოუსწორებელი შეცდომით დასრულდეს. არადა, უკან დახევა, თითქოს, უხერხულია, წინ წასვლა - საბედისწერო, ადგილის ტკეპნა კი - შეუძლებელი.

ჰუმანიტარული შტურმი და, იმავდროულად, სამხედრო შტურმის საფრთხე - ეს არის რეალობა, რომელიც ქართულ და ოსურ მოსახლეობას შიშით ავსებს.
XS
SM
MD
LG