Accessibility links

logo-print

ბორჯომის ფესტივალის მშვიდობიანი დასასრული


17 ივლისს საზეიმოდ დაიხურება ბორჯომის ფესტივალი “ხელოვნების ზეიმი”, რომელსაც სხვაგვარად “ლიანა ისაკაძის ფესტივალსაც” უწოდებენ.

ბორჯომში დღეს ბახის, ჰაიდნის, ვივალდის მუსიკა ჟღერს. ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში უსმენენ ლიანა ისაკაძეს, ალექსანდრე კნიაზევს, დიმიტრი სიტკოვეცკის და თითქმის აღარავის ახსოვს სკანდალი, რომელიც წინ უძღოდა ლიანა ისაკაძის ფესტივალს. არადა, ბორჯომის რიგით მესამე ფესტივალის ჩაშლის საფრთხემაც და მუსიკის ზეიმის მშვიდობიანმა დასასრულმაც აუცილებლად უნდა დააფიქროს ქართული კულტურის ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, მთლიანად ქართული საზოგადოება.


...პირველ რიგში, უნდა დაფიქრდნენ, ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ასეთ მასშტაბურ ფესტივალებს აწყობენ. სახელმწიფოს დიდი იმედი მათ აღარ უნდა ჰქონდეთ მაშინაც კი, როცა ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ან, თუნდაც, საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება. ბორჯომის წლევანდელი ფესტივალის, შეიძლება ითქვას, “სამკვირიანი ისტორია” ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ნელ-ნელა ცვლის თავის კულტურულ პოლიტიკას – ავტორიტეტებს აღარ ემორჩილება. გაგახსენებთ, რომ ბორჯომის ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა ლიანა ისაკაძეს უარი უთხრა ფესტივალის მონაწილეებისთვის საჰონორარო თანხის გამოყოფაზე:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ დავაფინანსოთ ჰონორარების გამოკლებით... არა გვაქვს საშუალება გადავიხადოთ 60000 ლარი ჰონორარები სტუმრებისა.”

ამ პრესკონფერენციას დაუყონებლივ მოჰყვა ავტორიტეტის, ე.ი ლიანა ისაკაძის, განრისხება. სახელგანთქმულმა მუსიკოსმა მაშინვე დაწერა განცხადება სახელმწიფო კამერული ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ. მოხდა ის, რაც არაერთხელ მომხდარა ქვეყნის კულტურაში. “შემოქმედებითი ავტორიტეტები” ისევ ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, რომელიც მათ არ ეხმარება, დაღუპავს ქართულ კულტურას... სხვაგვარად რომ ვთქვათ, “”უკულტუროა” ის, ვინც მე, კულტურის სახელგანთქმულ მოღვაწეს, არ მემორჩილება, - მე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ ფესტივალისთვის 100 000 ლარი გამომიყო:

[ლიანა ისაკაძის ხმა] “ეს ხომ მართლა არის დაღუპვა საქართველოს კულტურის. თუკი ასე განაგრძობს…”

კულტურის მინისტრმა მაინც “ასე განაგრძო”, უკან არ დაიხია, მაგრამ ქართული კულტურა არ დაიღუპა – ყოველ შემთხვევაში, ბორჯომის მუსიკალური ფესტივალი მაინც წარმატებით ჩატარდა. სკანდალის აგორების შემდეგ ფესტივალის სპონსორმა, “მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ”, “ხელოვნების ზეიმისთვის” დამატებითი თანხა გამოყო... ანუ ბორჯომის ფესტივალი სწორედ ისე ჩატარდა, როგორც ტარდება მსოფლიოს სახელგანთქმული ხელოვნების ზეიმები – სახელმწიფო კულტურას იცავს, მაგრამ არ არის კულტურის ”მამა-მარჩენალი”... შესაბამისად, სახელმწიფოს ერთმევა კულტურის მანიპულაციის უფლება. იმაზე არაფერი ვთქვათ, რომ ვერც “კულტურული ავტორიტეტები” ახერხებენ ხელისუფლების მანიპულაციას. ასეთი რამ მხოლოდ კომუნისტურ ეპოქაში ხდებოდა.
XS
SM
MD
LG