Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი საველე მეთაურების მოთოკვას ცდილობს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გამიზნულია მოსახლეობის განიარაღების ხელშეწყობა. კერძოდ, განკარგულება ითვალისწინებს მკაცრ ზომებს

საველე მეთაურების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის განიარაღების პროცესს. ისინი, ნათქვამია დოკუმენტში, მეამბოხეებად ჩაითვლებიან და მკაცრად დაისჯებიან.

ლაპარაკია ავღანეთში უჩვეულოდ მკაცრ ზომებზე, რომლებიც საკუთარი, მომცრო არმიების მფლობელების წინააღმდეგ უნდა ამოქმედდეს. რატომ? - ამის შესახებ ჰამიდ კარზაიმ გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსთან” ინტერვიუში ისაუბრა, როცა აღნიშნა, რომ საველე მეთაურები და მათი კერძო არმიები ავღანეთს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან, ვიდრე ავღანეთში თალიბანის შემორჩენილი მებრძოლები.

მანამდე, გასულ კვირაში, კარზაის მთავრობამ გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 6 თვით გადაიდება და 2005 წლის აპრილში გაიმართება. მიზეზი? - პოტენციური ამომრჩევლები კერძო არმიებსა და მათს ლიდერებს, ანუ საველე მეთაურებს ჰყავთ დაშინებული. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის განიარაღების პროცესი, რომელიც ავღანეთში შარშან ოქტომბერში დაიწყო გაეროს სპონსორობით, ბევრჯერ შევიდა ჩიხში, როცა სწორედ საველე მეთაურებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ქაბულში ოთხშაბათს ხელმოწერილ განკარგულებას. მასში ახსენებენ პროცესს სახელწოდებით “განიარაღება, დემობილიზაცია და რეინტეგრაცია”. პროცესს მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა და ჰამიდ კარზაის სურვილია, მას საველე მეთაურებიც მიემხრონ. “ის ვინც ამას არ გააკეთებს, მართლმსაჯულებას გადაეცემაო”, უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჰამიდ კარზაის პერს-მდივანმა.

ასეთ ვითარებაში გამორჩეულ ინტერესს იმსახურებს ზოგი კერძო არმია, რომელთაც მთავრობამ ოფიციალური სტატუსი მიანიჭა და რომლებიც, ნომინალურად, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მათ შორის არიან ამ სამინისტროს ხელმძღვანელ მოჰამად ყასიმ ფაჰიმისთან კავშირში მყოფი შეიარაღებული ჯგუფები. როგორც ავღანეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ჯავიდ ლუდინი ამბობს, ამ კერძო არმიებს - თუ მათი მეთაურები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე - მოუხსნიან ოფიციალურ სტატუსს: [ლუდინის ხმა] “განკარგულებაში ნათქვამია, რომ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან “განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს” და ჩვენს ქვეყანას უშიშროების პრობლემებს უქმნიან, მეამბოხეებად ჩაითვლებიან და მათ წინააღმდეგ კანონით გათავლისწინებული ზომები იქნება მიღებული. მათ უმკაცრესი სასჯელი მოელით”.

მაგრამ შესწევს ავღანეთის ხელმძღვანელობას ძალა, აამოქმედოს ეს “უმკაცრესი ზომები”? - ქაბულელ ექსპერტ ვიკრამ პარეხს საეჭვოდ მიაჩნია, შესწევდეს: ნს071506 “დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ავღანეთის სასამართლოსა და სამართალდამცველ ორგანოებს მართლაც აქვთ თუ არა რესურსები, დააპატიმრონ და მართლმსაჯულებას გადასცენ საველე მეთაურები, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, კერძო არმიებს ინარჩუნებენ.”

რამდენად წარმატებული იქნება განიარაღების პროცესი - ეს დიდწილად განსაზღვრავს უშიშროებას მოახლოებული არჩევნების დროს. ლაპარაკია 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ პირობა დადო, რომ მანამდე 60 000 მებრძოლს განაიარაღებენ საველე მეთაურების განკარგულებაში მყოფი სულ, როგორც ვარაუდობენ, 100 000 კაციდან.
XS
SM
MD
LG