Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ”პარიზის კლუბისგან” უსიამოვნო სიურპრიზებს აღარ ელის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ”პარიზის კლუბის” ეგიდით კრედიტორებთან მოსალაპარაკებლად საფრანგეთში მიემგზავრება. ის, რომ საქართველოს,

სავალუტო ფონდის წყალობით, მევალეებთან პრობლემები არ შეექმნება, უკვე წინასწარაა ცნობილი, თუმცა, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ერთ-ერთმა კრედიტორმა, რუსეთმა, ”პარიზის კლუბშიც” სცადოს სიტუაციის გართულება. რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი და როგორ მოხდება მისი რესტრუქტურიზაცია?

საქართველოს მთავრობა ორშაბათიდან ”პარიზის კლუბში” ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებს. ამ მოლაპარაკების შედეგი ხელისუფლებისათვის ლამის ამთავითვეა ცნობილი და კრედიტორებთან ხელშეკრულების გაფორმება თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მოლაპარაკების პროცესში ახალი დეტალები გაჩნდეს ან რომელიმე კრედიტორმა გამოიჩინოს ჭირვეულობა, თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა” აღუდგინა და ”პარიზის კლუბშიც” ქვეყნის პარტნიორობა იკისრა, რაიმე გართულება და უსიამოვნო სიურპრიზი ნაკლებად არის მოსალოდნელი.

დღეს საქართველოს საგარეო ვალი მილიარდ 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ქვეყნის ყველაზე მსხვილ კრედიტორად თურქმენეთი ითვლება, რომელთანაც ორმხრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული და, სავარაუდოდ, რესტრუქტურიზაცია ამ ვალს არ შეეხება. სხვათა შორის, ამ ვალდებულების აღება დაახლოებით ათი წლის წინ საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა, საქართველო თურქმენეთიდან ამ პერიოდში მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურს დღემდე იხდის. ამგვარი, ე.წ., სასაქონლო კრედიტების წილი საგარეო ვალში 42%-ზე მეტია.


2001 წელს, ასევე პარიზის კლუბის ეგიდით გამართული მოლაპარაკებისას, საქართველომ ვალების 3 წლიან რესტრუქტურიზაციას მიაღწია. საგარეო ვალდებულებათა ძირითადი თანხების გასტუმრება, 2001 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაგვეწყო, თუმცა ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო კრიზისის პირობებში ეს ვერ მოხერხდა. ამდენად, ”პარიზის კლუბში” კრედიტორებთან მოლაპარაკებისას დაგეგმილია 208 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაცია. ეს თანხა მოიცავს როგორც 2003-2004 (1 ივნისამდე) წლებში კრედიტორებისთვის გადაუხდელ, ისე 2004-2007 წლებში გადასახდელ თანხებს.

სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის აღდგენის შემდეგ ერთადერთი პრობლემა, რომელიც საქართველოს კრედიტორებთან შეიძლება შეექმნას, ისევ და ისევ რუსეთს უკავშირდება. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არაერთხელ უსარგებლია მის მიმართ დავალიანების არსებობით და ეს ფაქტორი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმადაც გამოუყენებია. ასე იყო 2001 წელს, როდესაც მთავრობას გახმაურებულ ”ნულოვან ვარიანტზე” ხელის მოწერა მოუხდა რუსეთთან ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ და იგივე განმეორდა წელს გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი თქვა რუსეთის ”ვნეშეკონომბანკში” საქართველოს მოქალაქეების აქტივებზე, რის სანაცვლოდ რუსეთმა სავალუტო ფონდში პროგრამის აღდგენის თაობაზე პრეტენზია მოხსნა. ალბათ, ამის გამო ფინანსთა მინისტრი ამჯერად არც რუსეთიდან ელის რაიმე სიურპრიზს კრედიტორთა კლუბში საქართველოს საკითხის განხილვისას და პარიზში აბსოლუტურად გულდამშვიდებული მიემგზავრება.
XS
SM
MD
LG