Accessibility links

რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკება თბილისში გაგრძელდება


საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ვლადიმირ პუტინის საქართველოში ვიზიტისას

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება. რუსეთისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტებმა, ედუარდ შევარდნაძემ და ბორის ელცინმა, ამ ტიპის ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1994 წელს მოაწერეს ხელი, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულებამ რატიფიცირება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში გაიარა. ოფიციალურმა მოსკოვმა და თბილისმა ახალი პროექტის მომზადებაზე მუშაობა 2001 წლის დეკემბრიდან დაიწყეს. პრეზიდენტების - სააკაშვილისა და პუტინის -განცხადებების თანახმად, ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. 16 ივლისს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდებიან რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებაზე რუსეთის მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა ელჩი იგორ სავოლსკი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს მხარეს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე.

[მერაბ ანთაძის ხმა] ”კომისიის სხდომა ეს არ არის. ეს იქნება თავმჯდომარეების სხდომა. ნუ, რა თქმა უნდა, დაესწრებიან სხვებიც. რამდენიმე შეუთანხმებელ საკითხზე, კიდევ ერთხელ ვნახავთ, რა პოზიციებზე დავშორდით და ახლა რამე ხომ არ შეიცვალა.”

ბატონი ანთაძის ზოგადი განმარტებით, საუბარი იქნება სამხედრო საკითხებზე, უსაფრთხოებასა და რამდენიმე შეუთანხმებელ დებულებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადები მხარეთა მოლაპრაკების თემას ამჯერად არ წარმოადგენს. მთლიანობაში კი, საზოგადოების ერთი ნაწილი არამართებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ჩემი აზრით, - და არა მხოლოდ ჩემი აზრით, - ასეთ ქვეყანასთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების პროცესი და მუშაობის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ტექსტი, რა ტექსტზე მიმდინარეობს მუშაობა და ეს მოთხოვნები, ორმხრივი, უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი.”(სტილი დაცულია)

ეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დავით გამყრელიძის მოსაზრებაა. დეპუტატი ბუნდოვანი საკითხების არსებობაში რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ლეგიტიმაციის საფრთხეს ხედავს. ამგვარ საფრთხედ მიიჩნევს იგი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასაც, რომლის იდეა პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოდის.

მართალია, ბაზების საკითხს ქვეყანათა შორის ჩარჩო ხელშეკრულება ვერ დაარეგულირებს, მაგრამ მოლაპარაკების გაჭიანურებაში, შეიძლება ითქვას, მას გადამწყვეტი დატვირთვა ეძლევა.

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ჩვენ რომ 94-95 წლებში დავთანხმებოდით 7 წლით ბაზების ყოფნას საქართველოში, ან თუნდაც 10 წლით, ახლა გასული იქნებოდა ბაზები. ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების შეცდომა. ახლა, მე ვფიქრობ, თანხმობა ძნელი წარმოსადგენია.”

ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი იმ დეპუტატთა რიგშია, რომლებიც 1994 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრაში ღებულობდნენ მონაწილეობას. მისმა ფრაქციამ ხელშეკრულებას მაშინ მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, რუსეთის დუმამ, მოგეხსენებათ, საკითხი ჩააგდო.

[კოტე გაბაშვილის ხმა} ” მე მინდა გითხრათ, რომ, იმ 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ახლა, პირდაპირ ასე ვთქვათ, ვერტიკალი ძალაუფლებისა, მართალია, მთლად არადემოკრატიული, მაგრამ, როგორცა ჩანს, რუსეთისთვის ეს არის დღეს ერთადერთი შესაძლებელი, ვერტიკალი ძლიერია და ამიტომ მე მგონია, რომ ახლა უფრო გაგებული, ბრჭყალებში ვთქვათ, პარლამენტი ეყოლება რუსეთს, ვიდრე ჰყავდა.” (სტილი დაცულია)

ანუ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის აზრით, რუსეთის დუმის რეაქციულობის მიუხედავად, საქართველო-რუსეთის ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიცირებას საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა მანამდე მოლაპარაკების რთული რაუნდებია წინ.
XS
SM
MD
LG