Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური შეტევა თუ კანონის აღსრულების ცდა?


დავით პაიჭაძე, თბილისი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიტანეთში ყოფნისას სამართალდამცავმა სამსახურებმა ორი იერიში განახორციელეს - ერთი წარმატებით, მეორე წარუმატებლად.

ფინანსური პოლიცია წარმატებით შევიდა გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსში” და წაიღო იქიდან ფინანსური დოკუმენტაცია, ხოლო წარუმატებელი გამოდგა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თანამშრომელთა მცდელობა, შეეღწიათ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ქონების დასაყადაღებლად. შერჩევით ეკიდება თუ არა სახელმწიფო სამართლის აღრულების ობიექტებს?

“ჯორჯიან ტაიმსში” ფინანსური პოლიცია საბუღალტრო დოკუმენტაციის შესამოწმებლად შევიდა. პოლიციის თანამშრომელი ირაკლი პირველი აცხადებს, რომ გაზეთის დახურვის არავითარი ინტერესი არა აქვს. უბრალოდ, გასარკვევია, აქვს თუ არა გაზეთს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. თუ აქვს, მას ჯარიმას დააკისრებენ.

“ჯორჯიან ტაიმსში” კი ფინანსური პოლიციის ინტერესს განმარტავენ არა საბიუჯეტო ვალების მოძიების, არამედ თბილისის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის რევანშის წყურვილით. გაზეთის მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე თბილისის პროკურორის მოტივებს ასეთ საფუძველს უძებნის:

[კაპანაძის ხმა] “ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, რომლის მიხედვით თბილისის მერიამ გარკვეული თანხა გადაურიცხა თბილისის პროკურატურას. პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება ჰქონდა, - დენის ფული, გაზის ფული და ა.შ., - თავის ხელმძღვანელს ძვირად ღირებული მერსედესი შეუძინა. ჩვენ დავსვით კითხვა: არის თუ არა არამიზნობრივი ხარჯვა მერსედესის ყიდვა უფროსისათვის? შემდეგ იყო საშემოსავლო დეკლარაციების თემა. ვალერი გრიგალაშვილის დეკლარაციაში ეწერა, რომ ის ბორჯომში, ნახევარი წილით ძმასთან, აშენებს აგარაკს. ძმის, დეპუტატ ნოდარ გრიგალაშვილის, დეკლარაციაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ჩვენ დავსვით კითხვა: ხომ არ უმალავს ნოდარ გრიგალაშვილი სახელმწიფოს ქონებას?”

ამ შეკითხვათა პასუხად, ირწმუნება “ჯორჯიან ტაიმსის” მთავარი რედაქტორი, თბილისის პროკურორის დაკვალიანებით აღმოჩნდა ფინანსური პოლიცია გაზეთის რედაქციაში. სამწუხაროდ, თბილისის პროკურატურაში ამ მოსაზრებას არავინ გამოეხმაურა.

რაც შეეხება სააღსრულებო დეპარტამენტის განზრახვას, დაეყადაღებინა ლეიბორისტების პარტიული ქონება, პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ შეტევად მიიჩნევს. ლეიბორისტებს ედავებოდნენ ბაჟის ფულს, რომელიც პარტიას სასამართლოებში საარჩევნო სარჩელების შეტანით დაუგროვდა და არ გადაუხდია. ნათელაშვილი ამბობს, რომ ბაჟის მოთხოვნა უკანონოა და ამ მტკიცებას ასე ასაბუთებს:

[ნათელაშვილის ხმა] “ჩვენს დავას ხელისუფლებასთან იხილავს ევროპის სასამართლო. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი მოქმედების ან უმოქმედობის მოთხოვნა ჩვენს მიმართ არის სრული უკანონობა და ეწინააღმდეგება უკვე საერთო ევროპულ პრინციპებს.”

შეიძლებოდა ერთი შემთხვევის გახსენება, რომელიც თანაბრად ეხება მასმედიას და სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას. წელს, თებერვალსა და მარტში, დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ დააკმაყოფილა გაზეთ “ხვალინდელი დღის” თანამშრომელთა სარჩელი და გაზეთის მფლობელს მათთვის თვეობით გაუცემელი ხელფასის სასწრაფოდ გადახდა დააკისრა. გაზეთის მფლობელს ეს ჯერაც არ გაუკეთებია. სააღსრულებო დეპარტამენტში კი, რომ იტყვიან, არავინ განძრეულა. გაზეთის მფლობელი მაშინ თბილისის ვიცე-პრემიერი და დღეს პარლამენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კახა შენგელიაა. გაზეთის დირექტორი მისი მეუღლე ხატია გოგლიძე გახლდათ.
XS
SM
MD
LG