Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 548-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას" გთავაზობთ. დღეს, მის 548-ე გამოშვებაში, ვიმსჯელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საქართველოში; მოგითხრობთ ახალ კონკურსზე, რომელიც საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭომ (IREX-მა) გამოაცხადა საქართველოს მედიაორგანიზაციებისთვის; შემდეგ ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვას: მოხდება თუ არა "უძველესი პროფესიის" ლეგალიზაცია საქართველოში?; შემოგთავაზებთ საუბარს პრაღაში მიმდინარე ეკუმენური ახალგაზრდობის ასამბლეის კონფერენციის ქართველ მონაწილეებთან; "მეათე სტუდიის ბოლოს კი ორ მუსიკალურ იუბილეს გამოვეხმაურებით. რადიოჟურნალს პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში

დავით კაკაბაძე:
რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში? ამ კითხვაზე დაახლოებით ერთნაირ პასუხს გაიგონებთ როგორც იურისტებისგან, ისე ადამიანის უფლებათა დამცველებისგან და, უნდა ითქვას, რომ მათი შეფასებები, დიდად სახარბიელო არ არის. “ძალიან მძიმე, არადამაკმაყოფილებელი, საშუალოზე დაბალი” - ასეთ არცთუ სასიამოვნო შეფასებებს ხშირად გაიგონებთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობისას. რა განაპირობებს ასეთ ვითარებას? ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს, იურისტ ლევან გიორგაძეს და არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ერთ-ერთ ხელმძღვანელს გელა ნიკოლაიშვილს.

გიორგი კაკაბაძე:
ლევან გიორგაძის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში საშუალოზე დაბალ დონეზეა, რაც შემდეგი მიზეზებითაა განპირობებული: [გიორგაძის ხმა] “საზოგადოება ჯერ ვერ აცნობიერებს ადამიანის უფლებების რეალიებს, -ეს ერთი. ზოგადად, დაბალია სამართლებრივი კულტურა და ძალიან დაბალია სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნილება, დაიცვან ადამიანის უფლებები.”

გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ამ სფეროში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:[ნიკოლაიშვილის ხმა] “უმთავრესი მიზეზი არის დღევანდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა საყოველთაო მხარდაჭერით გამოწვეულ ეიფორიას.”

სამართალდამცველი აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად მტკივნეულად და არაობიექტურად აღიქვამენ ნებისმიერ კრიტიკას მათი მისამართით:

[ნიკოლაიშვილის ხმა] “მათი განცხადებები ძალიან ემსგავსება საბჭოთა პერიოდის მმართველების განცხადებებს. მაგალითად, ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ამ ბოლო დღეებში არაერთხელ აცხადებდა, რომ თურმე სულხან მოლაშვილის დასაცავად მიმართული კამპანია იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის მიერ წარმოებული, რომელსაც მიზნად აქვს ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის სახელის გატეხა საერთაშორისო ასპარეზზე და მათ, თურმე, სულხან მოლაშვილისგან აქვთ ფული აღებული.”

ლევან გიორგაძე კი კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: [გიორგაძის ხმა] “მაგალითად, რეპრესიების გამართლება მიზანშეწონილობის საბაბით დაუშვებელია. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ 37 წელს და ახლა ისევ ამ ვითარების გამეორება დიდად წამგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. გამოდის, რომ მკურნალობის მეთოდი უარესია, ვიდრე თვითონ ავადმყოფობა და ამიტომ ეს მეთოდები აუცილებლად უნდა დაიგმოს.

თუკი შურისძიებაა, მაშინ ეს სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანს ჩვენ”.

როგორც ერთი, ისე მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს კორუფციასთან ბრძოლის გზაზე და შელახული იმიჯის მქონე პირებს მფარველობს.

გელა ნიკოლაიშვილი არ ერიდება მათ დასახელებას: [ნიკოლაიშვილის ხმა] “პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ძმა; ან იმერეთის გუბერნატორი დავით მუმლაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე. საერთოდ, პროკურატურის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული იყო. მისი მაღალჩინოსნები კი, მაგალითად, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ბიწაძე ან ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც თბილისის საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო, ვალდებულნი იყვნენ კორუფციასთან ებრძოლათ. მაგრამ რაკი არ ებრძოდნენ, ე.ი. რაღაც დაინტერესება ჰქონდათ; ამის ვარაუდიც შეიძლება.”

როგორც ერთი, ისე მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ზეწოლას ახდენს მასმედიაზე ფინანსური ბერკეტების საშუალებით, რაშიც არასრულყოფილ საგდასახადო სისტემას იშველიებს.

რესპონდენტების თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ არაერთი მწვავე საკითხი არსებობს.

დაბოლოს, რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით? ლევან გიორგაძეს მოვუსმინოთ:[გიორგაძის ხმა] “მე მაინც მგონია, რომ დროა საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოებამ, ქვეყნის ხელმძღვანელობამ, მთავრობამ, სამართალდამცავებმა დონე აიმაღლონ. მათზე ასაკით უფროსი ვარ და ერთი რჩევის უფლებას მივცემ ჩემს თავს: ისინი არ უნდა იყვნენ ესოდენ კატეგორიულები, რადგან ეს დიდი მინუსია. რაღაც კომპრომისები უნდა მოძებნონ. თუ საზოგადოებას ანგარიშს არ გაუწევენ, მაშინ რევოლუციის შედეგი, ადვილად შესაძლებელია, შემოუბრუნდეთ გარკვეული პრობლემების სახით.”

გამოთქმულ მოსაზრებას გელა ნიკოლაიშვილიც ეთანხმება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ახალი კონკურსი ქართული მედიისათვის

დავით კაკაბაძე:
რა დახმარებას უწევენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს მედიას, საყოველთაოდ ცნობილია. აქამდე მათ შეწევნისა და წახალისების თითქოს ყველა ფორმა მოსინჯეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დახმარების ფორმები არ ამოწურულა. საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭომ (IREX-მა) გამოაცხადა კონკურსი ქართული მედიაორგანიზაციებისთვის, რომლებიც სოციალურ საკითხებზე იმუშავებენ. რას მიიღებენ ამ კონკურსის შედეგად გამარჯვებულები და რატომ სჭირდება ქართულ მედიას იძულება სოციალურ საკითხებზე სამუშაოდ, ამას დავით პაიჭაძისგან შეიტყობთ.

დავით პაიჭაძე:
ჩვენი მედია სოციალურ საკითხებს უკმარი სიხშირითა და სიღრმით აშუქებს, მითხრა საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (აირექსის) მედიაინოვაციების პროგრამის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ლიკა ჩახუნაშვილმა.

[ჩახუნაშვილის ხმა] “ჩვენი მედია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პოლიტიკას, ძალიან ხშირად მოვლენები შუქდება ფრაგმენტულად, კრიზისიდან კრიზისამდე, აქტუალური მოვლენიდან აქტუალურ მოვლენამდე, ხოლო რა ხდება ამ კრიზისებს შორის, ან რამ მიგვიყვანა კრიზისამდე, ან კრიზისის ჩაწყნარების შემდეგ რაში გადაიზარდა ეს მოვლენები - ამაზე ძალიან ხშირად არ ვამახვილებთ ყურადღებას.”

თუ დღემდე სოციალურ საკითხებზე სამუშაოდ დონორები აცხადებდნენ კონკურსს, მსურველს უნდა შემოეტანა პროექტი, დაესაბუთებინა ხარჯები, აეხსნა მოტივაცია და ა.შ., ამჯერად საქმე პირიქითაა: საკონკურსოდ წარმოადგენენ უკვე მზა პროდუქციას, რომელიც დაიბეჭდა პრესაში ან გავიდა ტელე თუ რადიო ეთერში.

[ჩახუნაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ, სხვა მიდგომა გამოვიყენეთ და ასეთ კონკურსს აქვს უპირატესობა, საგრანტო კონკურსთან შედარებით. მოველით, უფრო მეტი ორგანიზაცია დაინტერესდება სოციალური საკითხების გაშუქებით, ვიდრე ეს მოხდებოდა საგრანტო კონკურსის შემთხვევაში: იქ მხოლოდ რამდენიმე გამარჯვებული იქნებოდა. გარდა ამისა, ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რაც სხვა ტიპის კონკურსის დროს ყოველთვის შესაძლებელი არ არის.”

პირველი, მეორე და მესამე პრიზის მფლობელი ექვს კატეგორიაში გამოვლინდება: სტატიების სერია, კარიკატურების სერია, ფოტოების სერია, სატელევიზიო პროგრამების სერია, სატელევიზიო ანიმაციები და რადიო პროგრამები. არის კიდევ ერთი პირობა: მედიაორგანიზაცია აუცილებლად კერძო უნდა იყოს და პროდუქცია მთლიანად საკუთარი ძალებითა და სახსრებით მოამზადოს. არ არის აუცილებელი, ყველა ნომინაციაში სამივე პრიზის მფლობელი გამოვლინდეს, თუმცა კონკურსის ავტორთა სურვილი სწორედ ესაა.

კონკურსის ინიციატორები სოციალურ თემატიკას განაკუთვნებენ გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვას, მიგრაციასა და სიღარიბეს, კრიმინალსა და განათლებას, გენდერსა და ახალგაზრდობას. ლიკა ჩახუნაშვილის თქმით, ყველა მოვლენას შეიძლება ჰქონდეს სოციალური შედეგი. კრიტერიუმები საკონკურსო ნაშრომების შესაფასებლად, ლიკა ჩახუნაშვილის თქმით, ქართული მედიის სტერეოტიპებსა და სხვადასხვა ნაკლზე დაკვირვებით გამოიმუშავეს, ცხადია, ამ ნაკლისა და სტერეოტიპების დასაძლევად:

[ჩახუნაშვილის ხმა] “ჩვენი ჟურნალისტები ხშირად დადიან გატკეპნილი გზით, ანუ არის რამდენიმე პოპულარული თემა, რომელიც გადადის გაზეთიდან გაზეთში. არ არის თემატური მრავალფეროვნება. წერენ უპატრონო, მიუსაფარ ბავშვებზე, სიღარიბეზე, მაგრამ ამ საკითხებს ახლებურად ვერ ხედავენ. შეიძლება ნახოთ 10 სტატია და ათივეს ავტორი ერთი და იმავე კუთხიდან განიხილავდეს ერთ პრობლემას. ძალიან ხშირად სტატიები დაუბალანსებელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ძალიან ხშირად ჟურნალისტები მიმართავენ ერთსა და იმავე ექსპერტს: არის რამდენიმე სახელი, რომელიც ყველამ ვიცით. გვინდა, დავეხმაროთ ჟურნალისტებს ახალი ექსპერტების მოძიებაში, ახალი წყაროების აღმოჩენაში”...

თვისებრივად ახალ სტანდარტებზე მოსარგებად, კონკურსის ვადის გასვლამდე (ეს კი მომავალი წლის მაისი გახლავთ) აირექსი გეგმავს ჟურნალისტთა მრავალ სემინარს, სპეციალურ წვრთნას, მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტების ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ჯილდოს, გამარჯვებულები მიიღებენ კონკრეტული მედიაორგანიზაციისათვის საჭირო აღჭურვილობას: პირველ ადგილზე გასულნი - 4 ათასი დოლარის შესაბამისს, მეორენი - სამის, ხოლო მესამე ადგილის მფლობელნი - 2 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკას.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

მოხდება თუ არა "უძველესი პროფესიის" ლეგალიზაცია საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
უძველეს პროფესიად აღიარებული პროსტიტუცია საქართველოში წარმატებით რომ ვითარდება, ამაში დასარწმუნებლად საკმარისია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ესტუმროთ თბილისის "გარკვეულ" უბნებს - "სიყვარულის ქურუმების" არმია მოთმინებით ელის მუშტარს და გარიგებებიც ხშირად ფეხით მოსიარულეთა თვალწინ, დაუფარავად ხდება. საქართველოში დროდადრო იწყება საუბარი პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ, თუმცა აჟიოტაჟი, როგორც წესი, მალევე ნელდება. ყოველ შემთხვევაში, დისპუტებს პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ გამოუღია. ამ საკითხისადმი თამარ ჩიქოვანის ინტერესი გამოიწვია ამ კვირაში საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულმა ერთმა ცნობამ, რომლის თანახმადაც, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პროსტიტუციის ლეგალიზებას უჭერს მხარს.

თამარ ჩიქოვანი:
არგუმენტი, რომელიც შალვა ნათელაშვილს პროსტიტუციის ლეგალიზაციის აუცილებლობის სასარგებლოდ მოაქვს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ის დარწმუნებულია: თუ პროსტიტუციასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, მაშინ ის სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "რისი აკრძალვაც არ შეიძლება და არ გამოდის, საჭიროებს დაკანონებას. ეს არის ძველი რომაული სამართლის პრინციპი. კაცობრიობამ ვერ მოსპო ეს მიმართულება, ვერც აკრძალა. პირიქით, პროსტიტუციის აკრძალვის შედეგად პროსტიტუცია იღებს უფრო წამხდარ ხასიათს. და, რაც მთავარია, გვევლინება დაავადებების გავრცელების, ზნეობის შერყვნის, ახალგაზრდობის გადაგვარების საფუძვლად. ახლა, ჩელუსკინელების ხიდზე და ცირკის ტერიტორიაზე რა ჯანმრთელობის მქონე ადამიანები იდგებიან და... ამით ხომ ერი ავადდება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა?"

სხვა ქვეყნებში, სადაც დღეს ასევე განიხილება პროსტიტუციის ლეგალიზების საკითხი, ამის მომხრეები ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ მოუწესრიგებელი სექსუალური კავშირების გზით სხვადასხვა დაავადების გავრცელების მასშტაბს ასახელებენ. მაგალითად, უკრაინაში შიდსის განვითარებამ უკვე ეპიდემიის ხასიათი მიიღო. შიდსთან ბრძოლის მიზეზით ითხოვენ პროსტიტუციის ლეგალიზებას რუსეთის ექიმებიც. რაც შეეხება საქართველოს - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომის" თანამშრომლის ხათუნა ხაჟომიას ცნობით, ბოლო დროს სექსუალური კონტაქტების შედეგად შიდსით დაავადების შემთხვევებმა იმატა:

[ხათუნა ხაჟომიას ხმა] "შიდსის ცენტრი ამბობს, რომ პირველ ადგილზე ისევ ნარკომანიის გზით გავრცელების შემთხვევებია, მაგრამ ამ ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა ჰეტეროსექსუალური გზით დაინფიცირების შემთხვევები. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თუ ახლა, ამ წუთას არ არის ეპიდემია, შეიძლება უცბად მოხდეს აფეთქება, რადგან არის წინაპირობა ამ დაავადების გასავრცელებლად."

ცენტრი "თანადგომა" ე.წ. რისკის ჯგუფის წარმომადგენლებთან მუშაობს, მათ შორის მეძავებთანაც, რომლებსაც აქ "კომერციული სექსის მუშაკებს" უწოდებენ. არჩილ რეხვიაშვილის აზრით - ის სწორედ კომერციული სექსის მუშაკებს უსაფრთხო სექსის ელემენტარულ წესებს უხსნის - თუ პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოხდა, დაავადებების პროფილაქტიკა გაცილებით ეფექტიანი იქნება:

[არჩილ რეხვიაშვილის ხმა] "ჩვენი ორგანიზაციის კუთხიდან თუ შევხედავთ, ლეგალიზაცია თუ მოხდება ნორმალურად, ამ დაავადებების კონტროლი და პროფილაქტიკა გაადვილდება და გახდება უფრო ეფექტური. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ ეტაპზე."

თავად მეძავები, ისევ არჩილის ცნობით, საკმაო სიფრთხილეს იჩენენ პროსტიტუციის ლეგალიზაციის იდეის მიმართ - შესაძლოა, იმიტომ, რომ რეალურად არ იციან, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. დღეს საქართველოს კანონმდებლობით პროსტიტუცია სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება. პროსტიტუციისთვის მხოლოდ საჯარიმო სანქციებია დაწესებული: პირველი დაკავებისას მინიმალური ხელფასის ნახევარი, მეორედ - ერთი მინიმალური ხელფასი.

ხათუნა ხაჟომია ამბობს, რომ დღეს ის მეძავები, ვინც ქუჩაში დგას - ყველაზე დაბალი კატეგორიის მეძავებზეა ლაპარაკი - თვეში პროსტიტუციით დაახლოებით 300 ლარს შოულობენ. მათი განათლების დაბალი დონის კვალობაზე, მსგავსი ანაზღაურების სამსახურს ისინი ვერ იშოვნიან. გარდა ამისა, მათ მომსახურებაზე მოთხოვნილება სტაბილურია:

[ხათუნა ხაჟომიას ხმა] "არანაირად არ მცირდება და აქვთ სტაბილური პერიოდი. საშუალოდ, რაღაც რაოდენობის კაცებს ემსახურებიან."

არის თუ არა საზოგადოება მზად, შეამჩნიოს პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემა და სიტუაციის გამოსწორების გზაზე იფიქროს? როგორც ირკვევა, დღეს ჩვენთან ორი, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს - ერთთა აზრით, პროსტიტუციასთან მკაცრი ბრძოლაა საჭირო. მეორენი კი თვლიან, რომ ალბათ, მაინც ლეგალიზება აჯობებდა.

[მამაკაცის ხმა] "პარლამენტში უნდა შევიდეს პროექტი, დამტკიცდეს და უნდა ებრძოლონ პროსტიტუციას."

[მამაკაცის ხმა] "ძალას არავინ არავის არ ატანს, მე აქედან გამოვდივარ. აქ ტრეფიკინგი არ არის, იძულებით არაფერი ხდება. თან, საბოლოო ჯამში, მაინც იგივე ხდება, ოღონდ ეს ხდება იატაკქვეშეთში და არალეგალურად. ჯობს, დაკანონდეს."

ასეა თუ ისე, დღეს პროსტიტუციის პრობლემა უყურადღებოდ არის დარჩენილი. შედეგიც სახეზეა: ქუჩაში მეძავების რაოდენობა იზრდება. იზრდება დაავადებების მთელი თაიგულის ზრდის შანსიც.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ეკუმენური ახალგაზრდობის ასამბლეის კონფერენცია პრაღაში. საუბარი ფორუმის ქართველ მონაწილეებთან

დავით კაკაბაძე:
ახლა კი წარმოგიდგენთ "მეათე სტუდიის" სტუმრებს: ნინულა ასათიანს, ნუცა აბაშიძეს და გიორგი აგლაძეს. ნინულა ჯერ სკოლის მოწაფეა, ნუცა და გიორგი - სტუდენტები არიან. ისინი მონაწილეობენ პრაღაში მიმდინარე ეკუმენური ახალგაზრდობის ასამბლეის მუშაობაში და, მეტად დაძაბული დღის წესრიგის მიუხედავად, მაინც მოახერხეს ჩვენთან მოსვლა, რათა ჩვენც და თქვენც, ძვირფასო მსმენელებო, გვიამბონ, რა კონფერენციაა ასეთი, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ასზე მეტი ახალგაზრდა მიიზიდა. ჯერ გიორგის მოუსმინეთ.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა. "ტრავიატა"]

კარლო ბერგონცი - 80

დავით კაკაბაძე:
როგორც, ალბათ, ამ "ჰიტმაც" მიგახვედრათ, გადაცემის ბოლოს ოპერაზე საუბარს ვაპირებთ. ტენორის პარტიას ცნობილ დუეტში ჯუზეპე ვერდის ოპერა “ტრავიატადან” კარლო ბერგონცი ასრულებს - საოპერო სცენის ვარსკვლავი, რომელიც, სხვა თუ არაფერი, თავისი ხანგრძლივი კარიერით ახდენს შთაბეჭდილებას. თუმცა, ცხადია, უფრო მნიშვნელოვანია მომღერლის სხვა ღირსებები და მათ ამ დღეებში ხშირად იხსენებენ, რადგან 13 ივლისს იტალიელ ტენორს 80 წელი შეუსრულდა. "მეათე სტუდიაში" მასზე მარიამ ჭიაურელი ისაუბრებს.

მარიამ ჭიაურელი:
კარლო ბერგონცი ბუსეტოს, ჯუზეპე ვერდის მშობლიური სოფლის მახლობლად დაიბადა - ამით მუდამ ამაყობდა და ვერდის საოპერო პარტიებისადმიც მუდამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენდა. რაშიც, შესაძლოა, ღირსშესანიშნავი არაფერი იყოს: ვერდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და არა მარტო მომღერლების საყვარელი კომპოზიტორია - მაგრამ ბერგონცის შესახებ სიუჟეტში ვერდის, ალბათ, გამორჩეული ადგილი უნდა დაეთმოს.

ბერგონცის ცნობილ თანამემამულესა და კოლეგას, ლუჩანო პავაროტის ნათქვამი აქვს “ვერდი ბოროტად გვეხუმრა ტენორებს” , როცა რადამესის არია დაწერაო. ლაპარაკია არიაზე ოპერიდან “აიდა” - ტენორს, ოპერის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში, ანუ “როლში რიგიანად შესვლამდე” უწევს საოპერო რეპერტუარის ურთულესი არიის შესრულება და მისი დამთავრება მაღალი ნოტით - ტენორისთვისაც კი - და თან პიანისიმოზე, ე.ი. ძალიან ჩუმად. კარლო ბერგონცი, როგორც მუსიკისმცოდნეები ერთხმად აღიარებენ, არ გაურბოდა და თავსაც ართმევდა ამ სირთულეს. არა მარტო მას - მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, კარლო ბერგონცი სტილისტური სიზუსტისა და ტექნიკის თვალსაზრისით, ვერდის ოპერების წამყვან შემსრულებლად მიიჩნევა: ლეგენდადაა ქცეული მისი ლეგატო, სწორედ პიანისიმო და ეს, უნდა ითქვას, არა მარტო ვერდის ოპერებს ეხება - ბერგონცი იტალიური საოპერო რეპერტუარის დიდი ნაწილის - დონიცეტის, მასკანის, ლეონკავალოს, პუჩინის პარტიების საუცხოო შემსრულებელიც იყო და თან - ათწლეულების მანძილზე. ამ დიდებული მომღერლის კარიერა 60 წელს ითვლის... მოისმინეთ ათი წლის წინათ, ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერაში" გაკეთებული ჩანაწერი: მღერის 70 წლის კარლო ბერგონცი.

[მუსიკა]

ბოლო წლებში კარლო ბერგონცი უმეტესწილად პედაგოგობას ეწევა, ზოგჯერ მღერის კიდეც, ხოლო მუსიკისაგან თავისუფალ დროს საკუთარ სასტუმროსა და რესტორანში ფუსფუსებს - რა გასაკვირია, ბუსეტოში, იტალიური ოპერის მოტრფიალეთა მექაში, სადაც ჯუზეპე ვერდი დაიბადა.

[მუსიკა]

მუსიკაზე საუბარი არ დაგვიმთავრებია. 12 ივლისს 70 წელი შეუსრულდა ცნობილ ამერიკელ პიანისტს ვან კლაიბერნს, ან, როგორც მას საბჭოთა კავშირში მოიხსენიებდნენ - ვან კლიბერნს. საბჭოთა კავშირი კი იმიტომ ვახსენე, რომ ამერიკელმა შემსრულებელმა სწორედ იქ, მოსკოვში, მოიპოვა საქვეყნო აღიარება - ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა. ეს თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ, 1958 წლის 14 აპრილს მოხდა, მაგრამ ის წარმატება პიანისტის შემოქმედებაში უმთავრეს მიღწევად დარჩა. დღევანდელი "მეათე სტუდია" მინდა დავამთავრო ბრამსის "ბალადით", რომელსაც ვან კლაიბერნი ასრულებს. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა. ბრამსის "ბალადა"]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG