Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიური უბედურება მესტიაში


16 ივლისს გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მესტიის რაიონში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. წვირმის თემიდან მსხვერპლის შესახებაც იუწყებიან - სტიქიურმა

უბედურებამ მესტიის რაიონის ამ პატარა სოფელში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარეებმა მოარღვია ხიდები; სოფლებში - იფარსა და წვრივში - დაანგრია ათამდე საცხოვრებელი სახლი. მეწყერმა იმდენად დააზიანა საავტომობილო გზები, რომ ხუთი სოფელი რაიონული ცენტრიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

გვიან ღამით მოულოდნელად დაწყებულმა თავსხმა წვიმამ თითქმის მთლიანად გაანადგურა საავტომობილო გზა, რომელიც მესტიის რაიონულ ცენტრს სოფელ უშგულთან აკავშირებდა. ჩამოწოლილი მეწყერის გამო მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა სამეგრელოდან დასახმარებლად გასული ჯგუფის შეღწევა სტიქიით დაზარალებულ სოფლებში. სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ლერი ჭითანავას თქმით, საავტომობილო გზა სოფელ ხაიშთან არის ჩახერგილი:

[ლერი ჭითანავას ხმა] “ვერ გადავდივართ ჯერ, თუმცა ვცდილობთ სხვა ტექნიკით გავაღწიოთ... იქ, ზემოთ, მესტიაში, და სადაც იყო წყალდიდობა, ვითარება არის რთული - რვა საცხოვრებელი სახლი არის დანგრეული, ერთი კაცი არის დაღუპული, გვარად ფირცხელანი. ვითხოვთ დახმარებას, ტექნიკას, რომ გზა გაიწმინდოს და ადგილზე ვნახოთ სიტუაცია.”

ადგილზე სიტუაცია კი საკმაოდ მძიმეა, რასაც მესტიის გამგებელი ერეკლე ჯაფარიძეც ადასტურებს. მისი თქმით, მოულოდნელად მოვარდნილი თავსხმა წვიმა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, შედეგად კი:

[ერეკლე ჯაფარიძის ხმა] “200-ზე მეტი ოჯახი დამეწყრილი არის, მოწყვიტა ხუთი სოფელი, გზები წაიღო, გადაადგილების საშუალება არ არის, შუქი არ არის. ამასთან, სოფელ იფარში ოთხ ოჯახს დაუნგრია სახლი და მთლიანად წაიღო, სოფელ წვირმიში ოთხი სახლი წაიღო. სამწუხაროდ, ამ სოფელში მსხვერპლიც გვაქვს. არ ვამბობ სხვა რაღაცეებზე: ნათესებზე, პირუტყვზე... დიდი ზარალია, რა.”

არადა, 16 ივლისამდე მესტიის რაიონში, როგორც ამას ჩემთან საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ოპერატიული პროგნოზირების სამსახურის უფროსი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებს, მთელი ერთი კვირის განმავლობაში ივლისისთვის დამახასიათებელი უნალექო და მზიანი ამინდები იდგა, თუმცა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “ჩვენ დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ მესტიასთან ახლოს მდებარე სოფელთან მოსულა 47 მლმ ნალექი ღამის განმავლობაში, - არადა, ივლისში მესტიაში, საშუალოდ, თვის განმავლობაში მოდის 78 მილიმეტრი, -დაახლოებით, მთელი თვის 60 პროცენტი.”

რამდენიმე საათაში თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექის მოსვლამ შედეგიც სათანადო გამოიღო. სტიქიური უბედურების მასშტაბებზე თუნდაც ის გარემოება მეტყველებს, რომ მესტიის რაიონში ჩასვლა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და მთავრობის სხვა წევრებმაც გადაწყვიტეს.




[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] “აი, ახლა ჩვენ მივფრინავთ, ერთ-ორ წუთში გავფრინდებით პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩავალთ მესტიაში, იმიტომ რომ იქ რამდენიმე სოფელია, რომელსაც ვერ ვუკავშირდებით...”

სახელმწიფო მინისტრის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ დილიდან დაიწყო. მთელი დატვირთვით მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენი. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მელიქიშვილის თქმით, მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ბედზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG