Accessibility links

ტრადიცია და სამოქალაქო საზოგადოება


სოციალისტურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის გაჭიანურებამ და კორუფციულმა მმართველობითმა სისტემამ ნელ-ნელა ძირი მოურყია

ქართულ მეცნიერებას, განათლებას და კულტურას. ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მსოფლხედვის სიღრმით გამოირჩეოდნენ და პროგრესს ამკვიდრებდნენ, დღეს შიშით არიან გამსჭვალულნი დასავლური ცივილიზაციის მიმართ. მათ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ უცხო ფასეულობების შემოჭრა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციულ ცნობიერებას, ჩვენს ეროვნულ იდენტურობას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს და ცნობილ მეცნიერს რიჩარდ პაიპსს ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ესაუბრა იმ საფრთხეზე, რაც ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება რუსეთისგან და იმ საფრთხეზეც, რაც, პირიქით, რუსეთს ემუქრება ცივილიზებული სამყაროსგან. ჟურნალისტმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხედ შეაფასა იმპერიული ამბიციები, ხოლო რუსეთისთვის საფრთხედ განსაზღვრა ნაციონალური თვითმყოფადობის დაკარგვა. “რა მოელის კულტურას?” ჰკითხა მან მეცნიერს. რიჩარდ პაიპსმა უპასუხა: “როგორ თუ რა მოელის? არსებობს უდიდესი ნაციონალური კულტურა, ლიტერატურა, მუსიკა - ყველაფერი თქვენთან დარჩება, არსად წავა. მაგრამ თუკი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა გსურთ, დასავლეთის გამოცდილების გაზიარებას ვერ ასცდებით.”

ამ პასუხის მიხედვით ცხადი ხდება, რომ დასავლეთის გავლენით ტრადიციების ნგრევა ვრცელდება მხოლოდ იმ სფეროზე, რომელიც საზოგადოების მოწყობას უდევს საფუძვლად. რამდენიმე ადამიანის მმართველობა უნდა შეიცვალოს ხალხის მმართველობით, დახშულობა - ღიაობით და გამჭვირვალობით. ეს არის ის, რასაც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები სთავაზობენ დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის, რუსეთსაც და საქართველოსაც.

სულ სხვაა ტრადიციები, რომლებსაც ეროვნული კულტურა, მეცნიერება და განათლება ეფუძნება. თუკი საქართველოში გაურკვეველია მეცნიერების განვითარების პერსპექტივა, თუ საინტერესო სპექტაკლები აღარ იდგმება, თუ სკოლებში ცოდნის მიღება შეუძლებელია, თუ გამოფენები ერთფეროვანია და კონცერტები მხოლოდ თინეიჯერებს იზიდავს, - ამ სამწუხარო რეალობის მიზეზი ჩვენშია საძიებელი და არა “დასავლეთში”. ჯერ ერთი, წლების განმავლობაში მთავრობას არ უფიქრია არც მეცნიერებაზე, არც კულტურასა და განათლებაზე. მეორეც, არც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უფიქრიათ საკუთარ მომავალზე სისტემურად.

ამიტომ დღეს, როდესაც გარდაქმნების დრო დადგა, ერთბაშად გაჩნდა სამსახურის, ლუკმა-პურის და, რაც მთავარია, ფუნქციის დაკარგვის შიში. ადამიანებს უჭირთ საკუთარი პასიურობის აღიარება, უჭირთ მთავრობის დადანაშაულება და, სამაგიეროდ, უადვილდებათ მითიურ “დასავლეთზე” ჯოხის გადატეხა.

თუ რიჩარდ პაიპსის რჩევას მივყვებით, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ მართვის მავნე ტრადიცია და ეროვნული იდენტურობის სასარგებლო ტრადიცია. ამ შემთხვევაში შევძლებთ, დასავლეთის დახმარებით შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავად გახდება ეროვნული მეცნიერებისა და კულტურის დაცვის გარანტი.
XS
SM
MD
LG