Accessibility links

logo-print

მომრავლდნენ თუ არა ქვეწარმავლები თბილისში


წინასწარვე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ თბილისში ნანახი გველების 99 პროცენტი არაშხამიანია. თუმცა ბევრისთვის სანერვიულოდ დარჩენილი 1 პროცენტიც

სავსებით საკმარისია. მით უმეტეს, რომ წელს თბილისში გიურზას ნახვის 3 შემთხვევა უკვე აღირიცხა. დღევანდელ სიუჟეტში შემოგთავაზებთ სპეციალისტის რჩევებს - თუ როგორ უნდა განვასხვავოთ შხამიანი გველი უშხამოსგან და ასევე მათი ნაკბენები - ერთმანეთისაგან.

(ისმის მუსიკა)

ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის ქუჩაზე მცხოვრები ლია სააკაშვილის ოჯახმა და მისმა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინათ საკმაოდ დიდი შიში იგემეს. მათ იტალიურ ეზოში, რომელიც ხუდადოვის ტყეს ესაზღვრება, დიდი ზომის გველი შემოიპარა:

(თვითმხილველის ხმა) “ტყიდან იყო შემოსული. ნაპრალი აქვს სახლს, იქით მიძვრებოდა და მოკლეს. სპეციალისტები ხომ არ ვართ, რომ გავარკვიოთ - რომელი რა არის. ჩვეულებრივი გველის ფორმა აქვს. რომ მოვიდნენ ზოოლოგიის ინსტიტუტიდან, მერე აგვიხსნეს და გაგვაგებინეს ყველაფერი .”

მართალია, ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სულ ადვილად დაადგინეს, რომ მოკლული ქვეწარმავალი არა გველი, არამედ უფეხო ხვლიკი, ანუ ყოვლად უწყინარი გველხოკერა იყო, მაგრამ, აბა, რაღას იზამდნენ. შეშინებული ადამიანები სპეციალისტებმა დაამშვიდეს და მთავარი აუხსნეს: გველისაგან განსხვავებით, გველხოკერა ხმაურით გადაადგილდება და არასოდეს იკბინება.

ხოლო რაც შეეხება შხამიანი და უშხამო გველების ვიზუალურ განსხვავებას, ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და, ამავე დროს, მოსახლეობისთვის საშიშ და შხამიან ცხოველთა გაუვნებელყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ჭოლოკავა ასე განგვიმარტავს:

(ავთანდილ ჭოლოკავას ხმა) “შხამიანი გველის ტანი გამოყოფილია მკვეთრად თავისაგან კისრის მეშვეობით. ამასთან, კუდი მკვეთრად ვიწროვდება. უშხამო გველის თავი, ტანი და კუდი თანდათანობით გადადის ერთმანეთში. მკვეთრად გამოყოფილი არ არის.”

თუმცა ქვეწარმავლის დანახვაზე, როგორც წესი, ისეთი პანიკა იწყება, რომ მისი თავის, კისრისა და კუდის ზომებისათვის ნამდვილად არავის სცალია. თუკი გველმა კბენა მოასწრო, მისი სახეობის დადგენა ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, რადგანაც არაშხამიანი გველის დაგესლილზე შრატის გაკეთება სავალალო შედეგებს იძლევა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ ჭოლოკავა ნაკბენების განსხვავებაზეც საუბრობს:

(ავთანდილ ჭოლოკავას ხმა) “შხამიანი გველის ნაკბენი იმწუთასვე სივდება და უნდა ჰქონდეს ორი წერტილოვანი ჭრილობა. უშხამო გველის კბილები გადადის წრიულად - ქვედა და ზედა ყბებიდან. ”

თბილისში გავრცელებული შიში გველების მომრავლებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მთლად უსაფუძვლო არ არის. ზოოლოგიის ინსტიტუტის ცხელ ხაზზე მაისის დასაწყისიდან დღემდე 75 შეტყობინება მოვიდა, რაც შარშანდელ მონაცემს საკმაოდ აღემატება. ამასთან, წელს უკვე აღრიცხულია გიურზას ნახვის 3 შემთხვევა, მაშინ, როცა ბოლო 60 წლის განმავლობაში (წლევანდელი მონაცემის ჩათვლით) ამ სახეობის გველის ნახვის მხოლოდ 6 შემთხვევა აღირიცხება. ჭოლოკავა ვარაუდობს, რომ გველების მომრავლება ანტისანიტარიისა და შედეგად - მღრღნელების მომრავლების ბრალია.
XS
SM
MD
LG