Accessibility links

logo-print

ჰააგის ტრიბუნალი აფხაზეთში ქართველთა გენოციდის ფაქტებით დაინტერესდა


თითქმის ერთი წლის წინ ქართულ საზოგადოებაში აქტიური მსჯელობის თემას წარმოადგენდა აფხაზი სეპარატისტების გასამართლება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში.

ერთნი ამ იდეას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ, მეორენი რომის სტატუტთან საქართველოს მიერთების შემდეგ ჰააგაში ქართველ მეომართა გასამართლებას შიშობდნენ, მესამე მცირე ნაწილი კი, - ძირითადად, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, - უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც აგრძელებდნენ ჰააგაში ჩივილს და იქ ქართველთა გენოციდის დამადასტურებელ მასალებს გზავნიდნენ. ეს მოძრაობა 2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ მივიწყებას მიეცა. რა მდგომარეობაა ახლა?

ამ დღეებში ჰააგიდან თბილისში ჩამოვიდა ოფიციალური წერილი, რომელშიც ჰააგის სასამართლოს ანალიტიკური ჯგუფი იტყობინება, რომ მან რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, სისხლის სამართლის საქმე აღძრას აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდთან დაკავშირებით.

ეს წერილი მიიღო აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა პაატა დავითაიამ, რომელიც პირადადაა დაინტერესებული საქმის ბოლომდე მიყვანით, თუმცა ბოლო დროს მასაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული:

[პაატა დავითაიას ხმა] ”ფაქტობრივად, მე ხელი ჩაქნეული მქონდა, იმიტომ რომ სახელმწიფომ საქმე რომ არ გადასცა პროკურატურას, თითქმის პრეცედენტი არ არსებობდა იურისპრუდენციაში, რომ პროკურორმა ისე აღძრას საქმე, სახელმწიფოს გარეშე, მაგრამ დებულება ამას ითვალისწინებს და სრულებით მოულოდნელად მივიღე წერილი.”(სტილი დაცულია)

როგორც პაატა დავითაიამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, მან 2003 წელს ჰააგის სასამართლოში პირადად წარადგინა 2002 წლიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა გენოციდის ამსახველი ფაქტები და, წინაისტორიის სახით, მანამდე - 1992 -93 წლებში - მომხდარ დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციაც თან დაურთო. ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ეს ინფორმაცია 2002 წლის შემდეგ მომხდარ დანაშაულთა საფუძვლად აღიარა:

[პაატა დავითაიას ხმა] ”წერილში ნათქვამია, ჩვენ გავეცით დასკვნა, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე რომის სტატუტის 53-ე მუხლის საფუძველზეო, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურორი სახელმწიფოს გარეშე, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, აღძრავს საქმეს და მას აქვს უფლება მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა მან განიხილოს ეთნოწმენდისა და გენოციდის ფაქტები და, თუ სხვა სახელმწიფოებია ჩარეული ამ ეთნოწმენდაში, განიხილოს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა გამოდის, რომ ამას მე ვაკეთებ მარტო. ეს უნდა აკეთოს სახელმწიფომ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს გენერალურ პროკურატურას კი თითქმის არც ერთი საქმე არა აქვს აღძრული 2002 წლის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარ უამრავ დანაშაულთან დაკავშირებით.
არადა, ძირითადად, გალის რაიონში, რუსეთის სამშვიდობო ძალების თვალწინ, უამრავი ქართველის უფლებები ირღვევა და ბევრი მათგანი სეპარატისტების თარეშის მსხვერპლიც ხდება.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”მიუხედავად იმისა, რომ მიღებული არის გაეროს 35 რეზოლუცია, არსად არ არის დაფიქსირებული გენოციდი და ეთნოწმენდა, არსად არ არის დაფიქსირებული 1200 ადამიანის მკვლელობა, რომელიც მოხდა გალის რაიონში ბოლო წლების მანძილზე და, საერთოდ, აფხაზეთზე ისევე საუბრობენ, როგორც საქართველოს მიმართ.”(სტილი დაცულია)

ეს იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც უკმაყოფილოა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციით. ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მისია კი აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებას აკისრია, თუმცა მისი ამჟამინდელი ლიდერი თემურ მჟავია ერიდება ჰააგის პროცესთან დაკავშირებით დევნილი ხელისუფლების აქტიურობას:

[თემურ მჟავიას ხმა] ”რომის სტატუტი, რომელსაც ხშირად იშველიებს ხოლმე ბატონი პაატა დავითაია, პირდაპირ მიუთითებს, რომ ჰააგის სასამართლოს ურთიერთობა ექნება უშუალოდ ქვეყნის - და, ამ შემთხვევაში, საქართველოს - ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ასე რომ, ჩვენი როლი და ადგილი, შესაძლებელია, აქტუალურად აღქმული არც იქნეს.”(სტილი დაცულია)

როგორი პასიურობაც არ უნდა გამოიჩინოს საქართველოს ხელისუფლებამ, ჰააგის სასამართლო, პაატა დავითაიას მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე, თავად მაინც დაიწყებს გამოძიებას. ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა პროცესს, უბრალოდ, დააჩქარებს და აფხაზეთში ქართველთა გენოციდში დამნაშავეთა გამოვლენაც დაჩქარდება. იურისტების განმარტებით, დამნაშავედ ცნობის პერსპექტივა, ვლადისლავ არძინბასთან ერთად, აქვს რუსეთის ხელისუფლებასაც.
XS
SM
MD
LG