Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბენდუქიძის სია” ნელ-ნელა ივსება


ზაზა გაჩეჩილაძე , თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების “ტოტალური ბენდუქიძისეული გეგმა” გასულ კვირასაც ეკონომიკური ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო.

ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ 2004-2006 წლებში საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დაამტკიცა და საზოგადოებას წარუდგინა. 372 ობიექტისგან შემდგარი სიის პირველ ათეულში მოხვდა ისეთი ობიექტები, როგორიცაა: "თბილავიამშენი", "რუსთავის მეტალურგიული კომბინატი", "ჭიათურმანგანუმი", "აზოტი", "საქართველოს ელექტროკავშირი", "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი". აქვეა: საქართველოს ეროვნული ზარაფხანა, "ფოთის აეროპორტი", ფილარმონია, ბათუმის გემთსაშენი ქარხანა, გაზის საწარმოები და ბევრი სხვა ობიექტი.

ბენდუქიძის პოლიტიკის მიმართ მემარჯვენე ეკონომისტთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ერთგვარი სიმპათიითაა განმსჭვალული. სამაგიეროდ, ე.წ. ეროვნული ძალები და “მერმარცხენეები” ბენდუქიძეს ლამის “ერის მტრად” და სპეცსამსახურების აგენტად აცხადებენ. თავად პოლიტიკის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ, ძირითადად, გაძარცულ, გაპარტახებულ და, ფაქტობრივად, უპატრონო ობიექტებს გამოუჩნდეს პატრონი, რომელიც ამ სამრეწველო “ჯართის” რეანიმირებას შეძლებს და ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციას დააკისრებს, რაც, თავის მხრივ, ისევ და ისევ საბიუჯეტო შემოსავლებია პერსპექტივაში და, თუ ეს ვერ მოხერხდა, ისედაც მწირ სახელმწიფო ბიუჯეტს, ელემენტარულად, ის ხარჯები მაინც დაეზოგება, რაც ამ უპერსპექტივო საწარმოების შენახვასა და დაცვაზე ეხარჯებოდა. მეორე მხრივ, ამ სიაში მოხვდა ობიექტები, რომელთაც სწორი მენეჯმენტის პირობებში სახელმწიფოსათვის სერიოზული მოგების მოტანა შეუძლიათ. სწორედ ამ საწარმოების მიმართ არის განსაკუთრებული ინტერესი და ოპონირების საფუძველსაც სწორედ ეს ობიექტები ქმნიან. ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა სალამაძე სახელმწიფოს, უკეთ კი, კახა ბენდუქიძის თამამ საპრივატიზაციო პოლიტიკას მიესალმება, თუმცა ყველა საწარმოს ერთ სიბრტყეში მოქცევის მიმართ გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] “იდეა თავისთავად გამართლებულია, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის კერძო საკუთრება. კერძო საკუთრება ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე სახელმწიფო საკუთრება. მხოლოდ კერძო საკუთრების პირობებში აღწევს ბაზარი თავის ყველაზე მაღალ ეფექტს. ამდენად, ზოგადად ეს მიდგომა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მიდგომა ყველა კონკრეტული საწარმოს მიმართ უნდა იყოს კონკრეტულა და მე გავიხსენებ გერმანიის მაგალითს - როდესაც ზოგიერთი საწარმო იყიდებოდა სიმბოლურ თანხად - 1 მარკად, ხოლო რიგი საწარმოებისა დგებოდა სანირებაზე, ხდებოდა მათი სანაცია და შემდეგ იყიდებოდა. გარკვეულწილად, ამგვარი პოლიტიკა უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოშიც.”

ვაჟა სალამაძე ამ შემთხვევაში კონკრეტულ საწარმოებს გულისხმობს. მათ შორის არის ცნობილი “მადნეულიც”, რომლის მენეჯმენტმაც თავის დროზე “მოახერხა” და დიდძალი ვალები დააგროვა. შესაბამისად, საპრივატიზაციოდ გამოტანილი პერსპექტიული “მადნეულის” შეძენის ყველაზე მეტი შანსი გაუჩნდება იმ უცხოურ კომპანიას, რომლის მიმართაც დაგროვდა დავალიანება, თანაც ამ ობიექტს ეს კომპანია მიზერულ ფასში შეიძენს, მაშინ როდესაც, ვაჟა სალამაძის აზრით, “მადნეულში” სიტუაციის გამოსწორებისა და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ამ საწარმოდან სახელმწიფოს გაცილებით მეტი მოგება დარჩება, ვიდრე კერძო ინვესტორის მხრიდან ან, ბოლოს და ბოლოს, გამოსწორებულ და მოგებაზე გასულ ობიექტს გასაყიდი ფასი და კონკურენტული გარემო, ამჟამინდელისგან განსხვავებით, შეუდარებლად დიდი ექნება.

[ვაჟა სალამაძის ხმა] “დღევანდელი მდგომარეობით, მას, ჩემი აზრით, ეყოლება მხოლოდ ერთადერთი მყიდველი - ის კომპანია, რომლის ვალიც აქვს “მადნეულს”. ამიტომ ვფიქრობ, მიდგომა თითოეული ობიექტის მიმართ უნდა იყოს სპეციფიკური.”

“ბენდუქიძის სიაში” არსებული ობიექტების პრივატიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება, პრივატიზების პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართება. პირველი რიგის ობიექტების პრივატიზება ნუსხის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება," - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. სავარაუდოდ, პრივატიზაციის ძირითადი პროცესი წელიწად-ნახევარში დასრულდება. პირველ ეტაპზე აჭარის ტურისტული ობიექტების პრივატიზაცია იგეგმება. "სახელმწიფო საკუთრებაში მხოლოდ ის ობიექტები უნდა დარჩეს, რომლებიც საქართველოსთვის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოს წარმოადგენენ," - ასეთია მინისტრის პოზიცია.

ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებას ჯერჯერობით კრძალავს‚ კახა ბენდუქიძე კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტების პაკეტსაც ამზადებს.

რაც შეეხება გასაყიდი ობიექტების მომავალ მფლობელებს და პრივატიზაციის პირობებს, კახა ბენდუქიძე აცხადებს, რომ ინვესტორები ყველაზე დიდ დაინტერესებას იჩენენ "საქართველოს ელექტროკავშირის"‚ "საქართველოს ტელეკომისა" და ჰიდროელექტროსადგურების მიმართ. მისივე თქმით, ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო "აზოტისა" და "თბილავიამშენის" მმართველებთან საწარმოების შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. საქმე ისაა, რომ ეს საწარმოები მართვის უფლებით არის გაცემული. მინისტრის შეფასებით‚ "ასეთი მართვა უაზროა"‚ ამიტომაც აუცილებელია ქარხნის პრივატიზება. ასე რომ, "თბილავიამშენისა" და "აზოტის" მმართველები მალე საწარმოს მფლობელებად იქცევიან. სავარაუდოდ, "იტერა" "აზოტის" აქციათა 90 პროცენტის "უპირობოდ" შეძენას გეგმავს, თუმცა ჯერ საწარმოსთვის სახელმწიფო ვალების ჩამოწერას მოითხოვს. ეს დავალიანება 46 მილიონ დოლარს აღწევს. ბენდუქიძის თქმით, "იტერას" საწარმოს შესყიდვისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, თუმცა ამ თანხას გამოაკლდება ის დავალიანებები, რომლებიც "იტერას" მიმართ ქართულ საწარმოებს დაუგროვდათ.


საგულისხმოა, რომ პრივატიზებას ან ნაწილობრივ გაყიდვას დაექვემდებარება აქამდე ამ პროცესებისათვის “ტაბუირებული” რკინიგზა. ვარაუდობენ, რომ "საქართველოს რკინიგზის" აქციების 100-პროცენტიანი წილის მფლობელი მალე მარტო სახელმწიფო აღარ იქნება. მისი თანამფლობელობის სურვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასაც (IFC) აქვთ. ბენდუქიძე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში რკინიგზის მენეჯმენტი რადიკალურად შეიცვლება და სახელმწიფო ამ საწარმოზე უარყოფით ზეგავლენას ვეღარ მოახდენს.

ექსპერტები, პრივატიზების პროცესში ერთ-ერთ ფაქიზ თემად სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც მიიჩნევენ. ვაჟა სალამაძე ფიქრობს, რომ ეს საკითხი პრივატიზების ამ ეტაპზე უნდა გათვალისწინებულ იქნეს:

[ვაჟა სალამაძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული ობიექტები, რომლებიც გარკვეულწილად განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ავიღოთ მაგალითად ენერგეტიკა. თუ მისი განკერძოება მოხდება, ბუნებრივია, მისი მართვაც უფრო ეფექტური იქნება და კონკრეტული შედეგებიც, მაგრამ თუ ქვეყნის ენერგეტიკა ხელში ჩაუვარდება სხვა ქვეყანას, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მეგობრულად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას ვაბარებთ სხვა ქვეყანას და ამის გაუთვალისწინებლობა პრივატიზების პროცესში არაფრით არ შეიძლება.”

ამგვარი საფრთხე, სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოა და ამის დასტურად არცთუ შორეული წარსულის მაგალითებიც კმარა, როდესაც იმავე რუსეთთან პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების კვალობაზე იყო დამოკიდებული საქართველოსთვის ბუნებრივი აირის თუ ელექტროენერგიის ოდენობა. შესაბამისად, ერთი კომპანიის და, მით უმეტეს, ერთი რომელიმე ქვეყნის ხელში ჩვენი ენერგოობიექტების კონცენტრირება პოლიტიკურად მაინცდამაინც მომხიბლავად არ უნდა გამოიყურებოდეს.

რაც შეეხება თავად ეკონომიკის მინისტრის რადიკალურ საპრივატიზებო პოლიტიკას, იგი ბევრისათვის, მართლაც, უჩვეულოდ თამამი განაცხადია, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო მის ხელში არსებულ 2 ათასამდე საწარმოს არათუ ვერ უვლის, არამედ გაუმართლებელ საბიუჯეტო ხარჯებს ახმარს და პერმანენტულად აპარტახებს, ცხადია. ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ ქონების რეალური და არა ეფემერული პატრონის ხელში გადასვლაა. ამიტომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა და ფსევდოპატრიოტებმა რა ოპონირებაც უნდა გაუწიონ ამჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს, მისი რადიკალიზმი და სიჯიუტე, რაც მისი წინამორბედებისათვის არ იყო და ვერც იქნებოდა დამახასიათებელი, ვფიქრობთ, აშკარა სიმპათიას იმსახურებს.
XS
SM
MD
LG