Accessibility links

ბუნებრივია, გასული კვირის ქართულმა პრესამ ყველაზე დიდი ყურადღება ქართულ-ოსურ კონფლიქტში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბუნებრივია, გასული კვირის ქართულმა პრესამ ყველაზე დიდი ყურადღება ქართულ-ოსურ კონფლიქტში მიმდინარე მოვლენებს დაუთმო. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს

მოულოდნელად გამწვავებული კონფლიქტი? შესაძლებელია თუ არა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც ქართული პრესა გასულ კვირაში პასუხს ეძებდა.

როგორც ქართული პრესა წერს, კონტრაბანდასთან ბრძოლას რომ აუცილებლად ქართულ-ოსური კონფლიქტის გაღვივება მოჰყვებოდა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა. 13 ივლისის გაზეთ „ხვალინდელი დღის“ აზრით, კონტრაბანდის შეზღუდვა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ყოველდღიურად რამდენიმე მილიონს აკარგვინებს, კოკოითსა და მასთან დაკავშირებულ შავ ძალებს ძალაუნებურად სამხედრო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. „გაყინული კონფლიქტის“ გაღვივება და დაძაბულობის ესკალაცია ორივე მხარის კრიმინალურ დაჯგუფებას აძლევს ხელს. გაზეთის ვარაუდით, ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა, რამაც დაპირისპირებული მხარეები პოლიტიკურ შეთანხმებამდე უნდა მიიყვანოს, ამ ეტაპზე წარმოუდგენელ პერსპექტივად გამოიყურება. გაზეთის ცნობით, კოკოითი და მისი გარემოცვა სიგარეტის, ფქვილისა და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდით, ასევე ნარკოტიკებისა და იარაღის ყიდვა-გაყიდვით საზრდოობს.




„ნარკობიზნესი, რომელიც ყველაზე შემოსავლიან საქმედ ითვლება, ცხინვალის რეგიონში ყვავის. მართალია, ამ რეგიონიდან შემოტანილი ნარკოტიკების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, აზერბაიჯანიდან შემოსულთან შედარებით, მას მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კრიმინალებისა და, შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების შემოსავლებში. როკის გვირაბი ღიაა ჰეროინის კონტრაბანდისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში სამი ადგილობრივი ოსი - ლიოვა თედეევი, ელბრუს ჯიოევი და ხაზბი ჩიბიროვი - აკონტროლებს. ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობდა ე.წ. რობოტას ჯგუფიც. ბანდის ერთ-ერთ წევრს, გუჯა ჩოხელ-ხუბაშვილს, ჰეროინის გარდა, ცხინვალიდან ნარკოტიკული საშუალება „ მეტადონიც“ შემოჰქონდა. ცხინვალიდან საქართველოს აფთიაქები მარაგდებოდა აკრძალული პრეპარატით, „ტრამალით“, და ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტებით. კონტრაბანდისტები და რეალიზატორები შემოსავლების ნაწილს ადგილობრივ სამართალდამცველებს უხდიდნენ.“



„როგორ ივსება სეპარატისტული ბიუჯეტი“ - ამ თემას ეხება 14 ივლისის „მთავარი გაზეთი“, რომლის ცნობითაც, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტი 5 მილიონ დოლარს არ აღემატება. რაც შეეხება უკანონო შემოსავლებს, გაზეთი წერს:



“როგორც ექსპერტები განმარტავენ, ცხინვალის რეგიონში ერგნეთის ბაზრობა ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო ობიექტს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ოსურ ნაწილს ლოხა ჩიბიროვი - ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟი - აკონტროლებს.
ექსპერტი ლადო პაპავა ცხინვალის რეგიონში სხვა სერიოზულ საინვესტიციო პროექტს არ იცნობს.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის საქართველოს ოფისის გამოკვლევაც. ცენტრის მონაცემებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამრეწველო ობიექტების უმრავლესობა ამორტიზებული და გაჩერებულია. 2000 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მრეწველობამ მხოლოდ 10 მილიონი რუსული რუბლის - ეს, დაახლოებით, 333 ათასი დოლარია - პროდუქციის წარმოება შეძლო. რუსეთიდან საქართველოს ენერგოსისტემისთვის ელექტროენერგიის შეზღუდული მიწოდების პირობებში, მცირე დატვირთვით მხოლოდ ცხინვალის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატი და მინერალური წყლის ორიოდე ქარხანა ფუნქციონირებს.
ექსპერტთა გაანგარიშებით, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 150 მილიონი დოლარი, ანუ მოსახლეობის ერთ სულზე 250 დოლარია, რაც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მაჩვენებლის ტოლფასია.“





13-14 ივლისის გაზეთ „ალიას“ ცნობით, შინაგანი ჯარის ჯარისკაცების დატყვევების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა. მძევლად ხელში ჩაგდება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ბანდიტიზმი - ეს მუხლები ჯერჯერობით მხოლოდ ოსი კრიმინალების წინააღმდეგ არის მიმართული. გამოძიებას უშიშროების სამინისტრო აწარმოებს. როგორც საგამოძიებო ნაწილის უფროსმა კახა მაისურაძემ განუცხადა „ალიას“, საქმეს ნებისმიერ დროს სხვა მუხლიც შეიძლება დაემატოს. ჯარისკაცთა გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოღალატური უწოდეს შინაგანი ჯარის ოცეულის წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარების ფაქტს და მათ მიმართ გამოძიების წარმოება მოითხოვეს. გაზეთი წერს:




„ ის სირცხვილი, რაც საქართველომ ქართველი ჯარისკაცების დატყვევების შედეგად ჭამა, საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელიც წლების მანძილზე ორი ტიპის ჯარს აყალიბებს - ელიტარულ ნაწილებს და საზარბაზნე ხორცის ნაწილებს. პირველებს ყველაფერი აქვთ, გაძლიერებული წვრთნების ჩათვლით, და ყველაფრისთვის მზად არიან. ისინი არასოდეს არანაირ მტერს ცოცხლები არ ჩაბარდებიან. ქართული ჯარის მეორე სახეობას კი არასოდეს არაფერი აქვს, მათ შორის, არც სავარჯიშოდ სასროლი ტყვიები და არც მორალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნა.
რატომღაც სწორედ ასეთი, ბრძოლისთვის მოუმზადებელი ნაწილი გაგზავნეს, ფაქტობრივად, მტრის ზურგში და საომარ მდგომარეობაში. ეს იყო შინაგანი ჯარის თელავის ბატალიონის ოცეული, რომელსაც არანაირი სერიოზული წვრთნები და მომზადება არ ჰქონდა გავლილი. ამ ნაწილის ჯარისკაცები კი მოწინააღმდეგის პოზიციების შუაგულში ერთი ოფიცრის ამარა დატოვეს. შინაგანი ჯარის სარდლობას, შტაბს იმდენი უნდა გაეთვალისწინებინა, თუ რომელი ნაწილი გაეგზავნა სოფელ ვანათში და რომელი რეზერვში დაეტოვებინა.”


რამდენად შესაძლებელია საქართველოში არსებული კოფნლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარება? - ამ კითხვას უპასუხებს 16 ივლისის „მთავარი გაზეთის’“ რესპონდენტი, კონფლიქტოლოგი ოლივერ ვოლი, რომელიც რამდენიმე წელია, ჩართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი შეცდომას უშვებს, როცა ზომაზე მეტად არის ფოკუსირებული რუსეთის ფაქტორზე. ოლოვერ ვოლი ამბობს:




“მართალია, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ უკვე იკვეთება, რომ სააკაშვილს პუტინთან გარიგების და ამ გზით საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარების იმედი აქვს, როგორც ეს აბაშიძის შემთხვევაში მოხდა. როგორც კი აბაშიძემ რუსების მხარდაჭერა დაკარგა, კრახი განიცადა. ესეც, რა თქმა უნდა, სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ აფხაზეთი ასევე პოლიტიკური პრობლემაა, რომლის მოგვარების გზები დღემდე არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთი დოკუმენტი არც არსებობს. შეიძლება უამრავი შესანიშნავი იდეა არსებობდეს, მაგრამ როცა ხელისუფლების მხრიდან ეს ყველაფერი ვიზირებული არ არის, მათ არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ. თუნდაც აჭარის პოლიტიკურ მოწყობაზე სიღრმისეული მსჯელობა დაანახვებდა ყველას, როგორი იქნება საქართველო. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ერთდროულად წამოწევაზე. ეს ყველაფერი კი არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, პუტინთან და ა.შ. სააკაშვილმა ხელში ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რაც დემოკრატიისთვის ცოტა ამბივალენტურია, კონფლიქტოლოგიის კუთხით კი კიდევ ერთი შანსია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზოს სახელმწიფოს ისეთი იდეები, რომლებიც შევარდნაძის დროს მიუღებელი იყო.
XS
SM
MD
LG