Accessibility links

logo-print

ფრანგები ბასტილიის აღების დღესასწაულს ამერიკელთა


ფრანგები ბასტილიის აღების დღესასწაულს ამერიკელთა

მთავარი ეროვნული ზეიმის შემდეგ, ათი დღით უფრო გვიან, აღნიშნავენ. გლობალიზაციის ეპოქაში დასავლეთის ქვეყნების დღესასწაულების აღნიშვნის სტილი თითქმის ერთნაირია. მაგრამ საქართველოს დასავლეთის სივრცეში მოხვედრა ჯერ კიდევ წინა აქვს, ამიტომ საქართველოში ზეიმებიც სხვანაირი გვაქვს, ვიდრე დასავლეთში... სხვადასხვანაირად ზეიმობენ აქ ამერიკელები და ფრანგებიც - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი და ფრანგი დიპლომატები. შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე ამერიკელებმა სასტუმრო “მეტეხში” აღნიშნეს. სხვებთან ერთად საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაპატიჟეს, ამერიკის ჰიმნი მოგვასმენინეს და პოლიტიკოსები, დიპლომატები, კულტურის მუშაკები, ჟურნალისტები “ფურშეტზე” მიგვიწვიეს.

ამერიკელებს საქართველოში კულტურის ცენტრი ჯერ არ გაუხსნიათ, ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკულ კულტურას არ დაეთმო მაინცდამაინც დიდი ყურადღება. აი, ფრანგებს კი თბილისში აქვთ დიუმას სახელობის კულტურის ცენტრი, რომლის მესვეურებმა საფრანგეთის რევოლუციის დღის აღნიშვნის პასუხისმგებლობა, ეტყობა, თავიანთ თავზე აიღეს. 14 ივლისს ისევ “გაიშალა ფურშეტი”, ოღონდ ამჯერად არა სასტუმრო “მეტეხში”, არამედ ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში; ისევ შესრულდა ეროვნული ჰიმნი, ამჯერად “მარსელიოზა”.

[მუსიკა. “მარსელიოზა”]

“მარსელიოზას” მოგვიანებით თითქმის ყველა მოწვეული სტუმარი ღიღინებდა - თითქმის იგივე ხალხი, ვინც ათი დღის წინ ვიხილეთ “მეტეხში” - დიპლომატები, პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები. ღიღინებდნენ სწორედ საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს და არა აი, ამ მუსიკას:


[მუსიკა. ფორე. “რეკვიემი”]

ეს - ფრანგი კომპოზიტორის, გაბრიელ ფორეს “რეკვიემია”, 1886 წელს შექმნილი ნაწარმოები, რომელიც 14 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში აჟღერდა. ქართველ მოცეკვავეებთან ერთად ამ მუსიკაზე დადგა ერთმოქმედებიანი ბალეტი ფრანგმა ქორეოგრაფმა ფილიპ კოენმა, რომელიც, საფრანგეთის საელჩოს მოწვევით, რამდენიმე კვირაა თბილისში იმყოფება. 13 ივლისს ფორეს “რეკვიემთან” ერთად კოენმა ბალეტის მოყვარულებს კიდევ ერთი სპექტაკლი - ბიზეს სიმფონია დო მაჟორის მიხედვით დადგმული “ცეკვის წელიწადის დრონი” უჩვენა. მაგრამ 14 ივლისს ეს ბალეტი რატომღაც არ გვიჩვენეს. იმ ჟურნალისტებმა, რომელთა აზრს სრულიად ვენდობი, მითხრეს, რომ ბიზეს მუსიკის მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში ქართველი მოცეკვავეები ძალიან დაძაბულად გამოიყურებოდნენ - საბალეტო სახეებზე, ხასიათებზე კი არა, თითქოს უფრო იმაზე ფიქრობდნენ, რომ სინქრონულობა არ დაერღვიათ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს “რეკვიემი” გამოირჩეოდა განსაკუთრებული ქორეოგრაფიული მიგნებებით. თუ არ ჩავთვლით წარმოდგენის ვიზუალურ გადაწყვეტას (შავი და წითელი კოსტიუმების მონაცვლეობა) და საკმაოდ შთამბეჭდავ განათებას, ყველაფერი დანარჩენი საკმაოდ ერთფერვანი იყო... აქ, ალბათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი იყო დარბაზი 14 ივლისს, ოპერის თეატრში... ნუ გგონიათ, რომ ახლა ვიტყვი, იქ მოწვეული ადამიანები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, ჟურნალისტები, ბალეტის ნიუანსებში ვერ ერკვევიან და იმიტომაც იცეკვეს რაღაცნაირად გულგრილად ჩვენმა მსახიობებმა-მეთქი. არა და არა. ყოველ შემთხვევაში ამას დანამდვილებით ვერავინ დაამტკიცებს. უბრალოდ, როცა ხალხი ზეიმისთვისაა განწყობილი, აპირებს შესვას საფრანგეთის სადღეგრძელო, “რეკვიემის” მოსმენა თუ “ყურება” შეიძლება ნამდვილად არ მოუნდეს.

ხელოვნების ნაწარმოების აღქმის პროცესში დარბაზის განწყობილება, მოგეხსენებათ, ზოგჯერ მთავარია. დარბაზში შეიძლება მობილური ტელეფონების ზარები არ ისმოდეს, შეიძლება არავინ ხმაურობდეს, არავინ აჭრიალებდეს შოკოლადის ქაღალდებს, მაგრამ დარბაზის გულგრილობა ზოგჯერ ხმაურზე უარესია. ვიღაც ამთქნარებს და შენც გემთქნარება, მაშინაც კი, როცა გამოძინებული ხარ. თეატრსა და კინოში სწორედ დარბაზი წყვეტს ყველაფერს.

გამოგიტყდებით, სწორედ ჩვენი “ქართული დარბაზის” მეშინოდა ყველაზე მეტად, როცა გასულ კვირას კინოთეატრ “ამირანში” პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, “ცუდი აღზრდის”, სანახავად გავემართე. ივლისის პირველი დღეებიდან სატელევიზიო არხებზე “ტრიალებდა” ფილმის რეკლამა - ხუთი თუ ათწამიანი რეკლამა, რომელშიც ორი შეცდომაა დაშვებული. პედრო ალმოდოვარი “ალმოდოვარია” და არა “ალმადოვარი” (ასე კითხულობენ ესპანელი რეჟისორის გვარს რუსები) და “ცუდი აღზრდა” არავითარ შემთხვევაში არ არის მისი ავტობიოგრაფიული ფილმი - მერე რა, რომ ალმოდოვარი კათოლიკურ კოლეჯში აღიზარდა. ამ ლოგიკით, “ცუდი აღზრდა” ყველა ესპანელის ბიოგრაფია იქნება...

[ხმა. რეკლამა] “პედრო ალმადოვარის ავტობიოგრაფიული ფილმი “ცუდი აღზრდა”.

მოკლედ, ეს ჩვენი “ქართული დარბაზი” პედრო ალმოდოვარის ავტობოგრაფიის სანახავად შეივსო... პრემიერის პირველ დღეებში “ამირანს” იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ ბილეთის საშოვნელად წინასწარ უნდა დაგეჭირა თადარიგი... ასეთი რამ მხოლოდ მელ გიბსონის “ქრისტეს ვნებანის” პრემიერაზე მოხდა კინოთეატრ “რუსთაველში”.

მელ გიბსონი რადგან ვახსენეთ, იქნებ არა ჩვენი, ქართული, არამედ “დასავლური დარბაზებით” დავიწყოთ. “ცუდი აღზრდის” პრემიერა უკვე გაიმართა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი სურათი მელ გიბსონს რომ გადაეღო, სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციები აუცილებლად ყიჟინას ატეხდნენ, გიბსონს ჰომოფობიას დასწამებდნენ. მაგრამ ალმოდოვარს ამას ვინ გაუბედავს.

ახლა ჩვენს “ქართულ დარბაზს” დავუბრუნდეთ. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, “ამირანში” ალმოდოვარის ფილმის გმირების, ტრანსვესტიტების, გეების ვნებების, საკმაოდ გულახდილი ჰომოეროტიკის მიმართ პროტესტი არავის გამოუხატავს. ერთი-ორი კაცი დასაწყისშივე გავიდა, ისიც უხმაუროდ. მადლობა ღმერთს, “ამირანის” წინ არც “მშობელთა კავშირებს” მოუწყვიათ საპროტესტო მიტინგები.

[ხმა. მუსიკა. ბავშვის სიმღერა. დარბაზში ისმის სიცილი].

პირიქით, მაყურებელს ზოგჯერ ეცინებოდა კიდეც. სეანსის დასრულების შემდეგ კი ვიღაც-ვიღაცეებმა მითხრეს, ხედავ, როგორ დაიხვეწა ჩვენი მაყურებელი, როგორი ტოლერანტული გახდაო...

მაგრამ “ჩვენი დარბაზის” გულგრილობის - და არა “ტოლერანტობის” - მიზეზი თავად ალმოდოვარის ფილმში უნდა ვეძებოთ. ეს ალმოდოვარია აქ გულგრილი, ალმოდოვარია დისტანციური სურათის პერსონაჟების მიმართ, რომლებიც ერთმანეთის შანტაჟს მიმართავენ, ერთმანეთს ასმენენ, ქურდობენ, მამაკაცის თეთრი საცვალი, სახელად “კენგურუ”, აღაგზნებთ და ამ ვნებას “სიყვარულს” ეძახიან, მერე კი კლავენ კიდეც... ყველაფერი ეს არაერთხელ გვინახავს ესპანელი რეჟისორის ფილმებში - გვინახავს “მატადორი”, სადაც ვნება სისხლიანი სანახაობის იმპულსი ხდება, გვინახავს “სურვილის კანონი”, სადაც სქესის შეცვლაცაა, მოძალადე პადრეც და კიდევ უფრო გულახდილი ჰომოეროტიკა... მაგრამ იმ სურათებში, ისევე როგორც ალმოდოვარის ყველა ფილმში, არც ერთი პერსონაჟი არ რჩებოდა რეჟისორის თანაგრძნობის გარეშე. თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი, რომელმაც იმ ორი სურათის შემდეგ, რომელიც “ცუდ აღზრდამდე” გადაიღო, დამსახურებულად მოიპოვა ნომერი პირველი ევროპელი კინორეჟისორის სახელი, ყოველთვის აყვარებდა თავის პერსონაჟებს მაყურებელს. ცოტას დასცინოდა, ცოტას თანაუგრძნობდა... ალმოდოვარს ყოველთვის ახსოვდა თავისი ერთ-ერთი მასწავლებლის, ბილი უაილდერის, ფილმის “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია” უკანასკნელი რეპლიკა: “არავინაა ამქვეყნად დახვეწილი”... და მაყურებელსაც აჯერებდა ამას. ამიტომაცაა, რომ მისი ლოლა, შიდსით დაავადებული ტრანსვესტიტი ფილმიდან “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, ყველაზე მგზნებარე ჰომოფობსაც კი უჩუყებდა გულს. აქ, “ცუდ აღზრდაში”, ლოლა სხვამ შეცვალა, მექსიკური კინოს ახლად ამომავალი ვარსკვლავის, ჰაელ გარსია ბერნალის, ტრანსვესტიტმა, რომელიც კათოლიკურ კოლეჯში გამეფებული პედოფილიის მსხვერპლია. მაგრამ ფილმის ყურების პროცესში არც მსხვერპლს თანაუგრძნობ და მაინცდამაინც არც ძალადობის მიმართ გიჩნდება პროტესტი.

[ხმა. ფილმის მუსიკა - გადასვლა ტექსტზე]

ყველაფერს ემატება რუსული დუბლიაჟი... ამით კიდევ უფრო მეტად იზრდება დისტანცია ეკრანთან, კიდევ უფრო მეტად იქმნება სიყალბის, ხელოვნურობის, სიცარიელის განცდა. სამწუხაროდ, ახდა იმ კრიტიკოსების წინასწარმეტყველება, რომლებიც ალმოდოვარის წინა ფილმს “ელაპარაკე მას” დახვეწილობისა და გენიალურობის კულმინაციად მიიჩნევდნენ... კინოს ისტორიაში ხშირად ყოფილა ასე - როცა რეჟისორი თავის ყველა პრობლემას წყვეტს ფილმში, როცა ბოლომდე იხარჯება, იგი სიცარიელის წინაშე დგება ხოლმე. “ცუდი აღზრდა” სწორედ სიცარიელეა საკუთარ სუბკულტურაში ჩაკეტილი ალმოდოვარის შემოქმედებაში. “ჩვენი დარბაზისთვის”, ჩვენი საყვარელი ქართული პუბლიკისთვის კი ასეთი ფილმი პირდაპირ ციდან ნასროლი საჩუქარია: აი, ასეთები არიან პედერასტები - ტყუიან, ერთმანეთს აშანტაჟებენ, კლავენ... თანაც რისთვის, “ავლადიდებისთვის”, რომელიც კარგად გარეცხილი და კარგად გათეთრებული საცვლის, “კენგურუს” ქვეშ კუნტრუშობს.
XS
SM
MD
LG