Accessibility links

logo-print

მეოცე საუკუნე სავსეა უცნაური სიახლეებით.


ნინო ჩიმაკაძე, ეკა ზედალაშვილი, თბილისი მეოცე საუკუნე სავსეა უცნაური სიახლეებით.

სწორედ გასულ საუკუნეში შეიქმნა სხვადასხვა დაჯგუფება და სუბკულტურული გაერთიანება. მათ წევრებს განსხვავებული მისწრაფებები ჰქონდათ. ისინი საკუთარი იდენტობის ძიებაში მრავალ ექსპერიმენტს მიმართავდნენ და ავანტიურისტულ თავგადასავლებსაც არ ერიდებოდნენ. ერთ ასეთ დაჯგუფებას წარმოადგენენ მოტოციკლისტები, იგივე ბაიკერები.
[მუსიკალური ტიხარი - born to be wild]

ბაიკი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს როგორც მოტოციკლს, ისე ველოსიპედსაც. ბაიკერი კი ის ადამიანია, რომელიც მხოლოდ მოტოციკლს მართავს, თუმცა ყველა მოტოციკლისტი ბაიკერი არ არის. ბაიკერები პირველად 1947 წელს გამოჩნდნენ აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში. 10-15 წლის შემდეგ ამ მოძრაობამ მთელი ამერიკა და დასავლეთი ევროპა მოიცვა.

[მოტოციკლეტის ბღუილი]

თბილისში პირველი მოტოკლუბი “კამელოტი” 2000 წელს გაიხსნა და ძირითად ბირთვს 15 ბაიკერი შეადგენს. კლუბის სახელწოდება დაკავშირებულია დაახლოებით მე-6 საუკუნის ბრიტანულ ლეგენდასთან - კამელოტი ერქვა მეფე არტურის სასახლეს, სადაც მრგვალი მაგიდის რაინდები იკრიბებოდნენ; თუმცა თბილისელ ბაიკერებს ოფიციალური ოფისი არა აქვთ, ისევე როგორც არავინ იცის, სად იყო მეფე არტურის ლეგენდარული კამელოტი. კლუბში გაწევრიანების მსურველებს მოეთხოვებათ, სულ ცოტა, ლეგალური ბაიკი და მარტივი პროფესიული სტანდარტების დაცვა. კლუბის პრეზიდენტი ლევან როინიშვილი გვეუბნება:

[ლევანის ხმა] “ კლუბში გაწევრიანების მსურველთა ასაკი შეზღუდულია ქვემოდან. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოტოციკლეტის მართვის მოწმობა, ასევე აუცილებელია საქმისადმი სერიოზული მიდგომა. თავიდან ჩვენ მას გამოსაცდელ ვადას ვაძლევთ. ეს არის ძირითადი პრინციპები.”

კამელოტელები ყოველ კვირადღეს, პირველ საათზე, კინოს სახლთან იკრიბებიან. ღია შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ეს მკვიდრი ტრადიციაა: შეხვედრის ადგილი არ იცვლება.

[ლევანის ხმა] “შეიძლება ადამიანი ერთი წელი არ იყოს ნამყოფი, მაგრამ რომ მოვა, იცის, რომ ჩვენ აქ დავხვდებით.”

ერთი შეხედვით, ბაიკერები მარგინალებს ჰგვანან, თუმცა მათი უმრავლესობა სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობს და ზოგიერთს რამდენიმე პროფესიაც აქვს. თავად ლევანი ინფორმაციულ მეცნიერებათა მაგისტრია და ამჟამად მუშაობს ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ჯანმრთელობის სამინისტროს რეფორმების გატარებაში ეხმარება. ბაიკერთა ღია შეხვედრებზე ის მეუღლესა და ინგლისელ კოლეგებთან ერთადაც კი დადის.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს პრეზიდენტი ჰყავს, გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ. მოგზაურობის მარშრუტიც სპონტანურად იგეგმება. მაგალითად, გასულ კვირას ცხინვალს ესტუმრნენ და იქ მყოფთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

რა მარკის მოტოციკლია ბაიკერებში განსაკუთრებით პოპულარული? კამელოტელთა მეგობარი ვაჟა გელაშვილი ამბობს, რომ მოტოციკლებით ქართველი ბაიკერები დასავლელებს არ დაუვარდებიან:

[ვაჟას ხმა] “ბაიკის მარკებით თუ არ დავეწიეთ, არ ჩამოვუვარდებით. ძირითადად, “სუზუკი” და “ჰონდა” ჭარბობს, ალბათ, თავისი პოპულარობიდან გამომდინარე.”

ვაჟა გელაშვილი, პროფესიით დიზაინერი, საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტია. მისგან განსხვავებით, “კამელოტის” პრეზიდენტს ლევან როინიშვილს ახლა არც “ჰონდა” ჰყავს და არც “სუზუკი”:

[ლევანის ხმა] “მე “კავასაკი” მყავს, ლიტრანახევრიანი ძრავით. საკმაოდ სოლიდური მოტოციკლეტია. მინდა ყველა კლასის მოტოციკლი მყავდეს: მთის , ბარის, სპორტული, კლასიკური, ასეთი, ისეთი...”


“კამელოტის” წევრია ცნობილი სპორტსმენის - ომარ ფხაკაძის - ვაჟი ომარ ფხაკაძეც. იგი ორ პროფესიას ფლობს - იურისტიცაა და ეკონომისტიც, თუმცა ცხოვრების აზრად ბაიკერობას მიიჩნევს. ომარი მეხუთე კლასიდან მართავს მოტოციკლს და უკვე 20 წლის გამოცდილება აქვს:

[ომარ ფხაკაძის ხმა] “მეხუთე კლასიდან ვმართავ მოტოციკლს, ოჯახი შეგუებულია ბავშვობიდან, რომ მე ამის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ეს ჩემი ჰობია, ასეთი ჰობი სხვაც მრავალი მაქვს: თხილამურები, კატერი, თვითმფრინავი და ასე შემდეგ. “

ომარს უცხოელ ბაიკერებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, თუმცა საზღვარგარეთ კამელოტელების ერთობლივი გასვლა ჯერჯერობით არ ხერხდება:

[ომარ ფხაკაძის ხმა] “ გერმანიასა და მოსკოვში მქონდა ურთიერთობა ბაიკერებთან. მათთან მაქვს ურთიერთობა ინტერნეტით. თანდათან ჩვენთანაც ვითარდება ეს. ჯერჯერობით ჩვენი საზღვარგარეთ გასვლა პრობლემაა სავიზო რეჟიმის გამო. “

ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ბაიკერი აღმოჩნდა მსახიობი გივი ჩუგუაშვილი. ბაიკერობის სურვილი მას ცოტა უცნაურად, სამუშაო ადგილზე გაუჩნდა. მოტოციკლი პირველად თეატრის სცენაზე გაატარა:

[ გივი ჩუგუაშვილის ხმა]”მე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და სპექტაკლი გვქონდა და მოტოციკლეტი მომიტანეს. სცენაზე დავდიოდი, იქ მომეწონა და მას შემდეგ იშვიათად, რომ მანქანაში ჩავჯდე . “

ბაიკერების შეკრება, როგორც წესი, მოქალაქეთა ინტერესს იწვევს. ზოგს მათი მანქანები აინტერესებს, ზოგს ბუნება, ზოგიც მოტოციკლზე შემოსმას და გაქროლებას სთხოვს. ერთ-ერთი მოყვარული ო’ ჰენრის მოთხრობას იხსენებს და ბაიკერობის ჟინს ასე ხსნის:

[უცნობი ქალი ხმა] ”ადამიანში არის ორი პიროვნება: ერთი -კანონმორჩილი მოქალაქე, რომლისთვისაც სავალდებულოა გადასახადების გადახდა, მეორე კი - რევოლუციონერი. ეს ყველა ადამიანშია, ოღონდ სხვადასხვა დოზით. “

ჩვენ შევეცადეთ უფრო დეტალური, პროფესიული კომენტარი მიგვეღო ბაიკერების ფენომენის ასახსნელად. ამ მიზნით ფსიქოლოგ რეზო ჯორბენაძეს გავესაუბრეთ:

[რეზო ჯორბენაძის ხმა] “ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება მძაფრი შთაბეჭდილებებისკენ. ეს შეიძლება იყო სტრესის დაძლევის საშუალება, მარტოობისგან გაქცევა და ძალის გამოვლენის საშუალება, რაც მათ სტატუსს ამაღლებს საპირისპირო სქესის თვალში.”

ამასთან, რეზო ჯორბენაძე ქართული ბაიკერობის ერთ თავისებურებასაც აღნიშნავს:

[რეზო ჯორბენაძის ხმა] “ჩემი აზრით, ბაიკერობა ელიტარული ჰობია. რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება მოტოციკლის შეძენა და, ბუნებრივია, ეს ყველასთვის შესაძლებელი არაა. ამიტომ მასობრივ ხასიათს საქართველოში ვერ იღებს. “

ფსიქოლოგის აზრით, ბაიკერებს გააზრებული აქვთ ის რისკი და ხიფათის ალბათობა, რომელიც ქროლვას ახლავს. თითოეული ასეთი გასეირნება, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.

[რეზო ჯორბენაძის ხმა] “აქ ეთამაშები სიკვდილ-სიცოცხლეს - გარკვეულწილად, თავისუფლებისკენ სწრაფვაა. სიამოვნებას იღებ და იმ გამოყოფილ ენერგიას, რომელიც, არ იცი, რაში დახარჯო, იკმაყოფილებ.” (სტილი დაცულია)

ამ რისკიან ჰობის საქართველოში უკვე მოჰყვა ტრაგიკული შედეგი. ბაიკერთა კლუბის პრეზიდენტის ლევან როინიშვილის ნათქვამიდან ჩანს, რომ საფრთხე მათ გაცნობიერებული აქვთ და ცდილობენ, უსაფრთხოების ზომები დაიცვან:

[ ლევანის ხმა] “ უბედური შემთხვევები ყოფილა. ჩვენი კლუბის 8 წევრიც დაიღუპა და ახალგაზრდა მოდელიც, სამძიმარი გამოვაქვეყნეთ ჩვენ საიტზე. მომაქვს დამატებით 4 -5 ჩაფხუტი, რომ ვათხოვო ვინმეს. “




რეზო ჯორბენაძე მოტოციკლთან ბაიკერების ურთიერთობას ნარკოტიკს ადარებს:

[რეზო ჯორბენაძის ხმა] “ ნარკოტიკივით არის. ორგანიზმში გამოიყოფა მჟავა მაო, რომელიც მძაფრი შთაბეჭდილებებისაკენ მიდრეკილებას უბიძგებს და რაც უფრო ჭარბად არის მჟავა, მით უფრო მეტია მძაფრი შთაბეჭდილებებისაკენ მიდრეკილება. “(სტილი დაცულია)



ასეთ აღწერას “კამელოტის” პრეზიდენტი ლევან როინიშვილიც იზიარებს. ბაიკერები კვირაობით იკრიბებიან. ქროლვით მოგვრილი ტკბობა ლევანს დაახლოებით სამ დღეში უქრება და ჩნდება მისი ხელახალი განცდის მოთხოვნილება:

[ლევანის ხმა] “სურვილი გიჩნდება, ითხოვს. ოთხშაბათ-ხუთშაბათამდე გყოფნის. მერე ისევ გინდება.”

როგორ აღბეჭდა თანამედროვე კულტურამ ბაიკერები, როგორია მათი იკონოგრაფია მეოცე საუკუნის ხელოვნებაში? კულტუროლოგი თეო ხატიაშვილი იხსენებს, სად გამოჩნდენ პირველად ისინი - არა როგორც სინამდვილის, არამედ როგორც გამოგონილი სამყაროს პერსონაჟები:

[თეო ხატიაშვილის ხმა] “ბაიკერები არის ტიპიური დასავლური სუბკულტურის ფენომენი, მათი გამოჩენა საქართველოში მხოლოდ ბოლო წლებში მოხდა. სამოციან წლებში საკულტო ფილმად იქცა დენის ჰოპერის “უდარდელი მგზავრი”, სადაც მოტოციკლეტებზე ამხედრებული ახალგაზრდები გვევლინებიან თავისუფლებისმოყვარე, მეამბოხე სულისკვეთების გმირებად. “

მოტოციკლებზე ადამიანები ქართულ კინოშიც სხედან, მაგრამ ისინი არაფრით ჰგვანან უდარდელ მგზავრებს. თეო ხატიაშვილი დასავლურ და ქართულ კინოში მოტოციკლის აზრობრივ-ემოციურ დატვირთვასა და განსხვავებაზე ლაპარაკობს:

[თეო ხატიაშვილის ხმა] “გავადევნოთ თვალი ქართულ კინოს. 50-იანი წლების ფილმებში გვხვდება სავარძლიანი მოტოციკლეტი. ეს იყო მინიშნება გარკვეული სოციუმის წარმომადგენლისა, - ადამიანი, რომელიც ჩავიდა ქალაქში, შეიძინა ეს სანუკვარი ნივთი და ეს გახდა მისი კეთილდღეობის საწინდარი. შემდგომ ეს მოტოციკლეტი კომიკურ დატვირთვას იძენს და საბჭოთა პოლიციელთან ასოცირდება. “(სტილი დაცულია)

დღეს, ცხადია, არავინ ურევს ერთმანეთში საბჭოთა მილიციელსა და ქართველ ბაიკერს. ჯერ ერთი, ქართველი პოლიციელები მოტოციკლზე აღარ სხედან, მეორეც, ბაიკერებს თბილისში სიმპათიით უყურებენ. მათი ჰობი ჯერ ახალი ხილია, სულ სამი წლის ტრადიცია აქვთ. მოქალაქეები მათ არ უცხოობენ და თავისებურად სიკეთეს უსურვებენ:

[მოქალაქის ხმა] “მომწონს, როცა ვხედავ, რომ მოტოციკლეტით დადის ადამიანი. ალბათ, ძალიან ძლიერია და, ამავდროულად, დაუცველი. ხშირად ვამბობ: ვიშნუ იყოს თქვენი მფარველი. “

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG