Accessibility links

logo-print

ოლიმპიური ესტაფეტა: “ჰელსინკიდან ათენამდე”


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი მეოცე საუკუნის ბოლო ოლიმპიურ თამაშებს შორეული

სიდნეი მასპინძლობდა და ამ საქმეს ჩინებულად გაართვა თავი. სწორედ ასეთი იყო სპორტსმენების, ჟურნალისტებისა და საერთაშორისო სპორტის ხელმძღვანელთა შეფასებები. აღტაცებული ჩანდა თავად ხუან ანტონიო სამარანჩი, რომელმაც ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა: “ჩემთვის ეს არის ბოლო თამაშები საერთაშირისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში. თამაშებთან უკეთესი გამომშვიდობება ვერც წარმომედგინა. თამამად და სიამაყით ვაცხადებ, რომ ამაზე წარმატებული ოლიმპიადა ისტორიას არ ახსოვს.”სამარანჩმა განსაკუთრებით გამოყო თამაშების ორგანიზაციის უმაღლესი დონე, გახსნა-დახურვის გრანდიოზული ცერემონიალი და ავსტრალიელთა სტუმართმოყვარეობა. ამას გარდა, სიდნეის თამაშები სხვა მხრივაც სამაგალითო გამოდგა: სპორტის ჩინოვნიკები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ და დოპინგს, მართლაც, უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. დოპინგსკანდალის გარეშე, პრაქტიკულად, არც ერთ ოლიმპიურ დღეს არ ჩაუვლია. განსაკუთრებით ხმაურიანი ამბები ძალოსანთა ტურნირზე მოხდა: ჯერ კიდევ შეჯიბრების დაწყებამდე რუმინეთის მთელ ნაკრებს დისკვალიფიკაცია მისცეს, ტურნირის მსვლელობისას ბულგარეთის გუნდიც დაითხოვეს, ორ ბულგარელს კი მედალი ჩამოართვეს. საბოლოოდ, აკრძალული პრეპარატების მიღებაში ამხილეს 20 ქვეყნის 34 სპორტსმენი. საქართველოს ოლიმპიელებს ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ. მაგრამ ჩვენი სპორტსმენები სხვა პრობლემების წინაშე ჯერ კიდევ სიდნეიში გამგზავრებამდე იდგნენ: მოსამზადებელ პერიოდში ელემენტარული საწვრთნელი პირობები არ ჰქონდათ და, უსახსრობის გამო, შეჯიბრებებიც უცდებოდათ. მიუხედავად ამისა, სპორტის 13 სახეობის 36-მა წარმომადგენელმა ოლიმპიური ლიცენზია მაინც მოიპოვა. ქართველთა წინაოლიმპიური დევიზი ასეთი იყო: “სიდნეიში უკეთ, ვიდრე ატლანტაში.” მართალია, ეს პირობა შესრულდა, მაგრამ, ატლანტის მსგავსად, ჩემპიონი არც ამჯერად გვყოლია. პრიზიორები კი ბლომად გვყავდა, თანაც - სულ ბრინჯაოს მედალოსნები. უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად ზოგს ოსტატობა არ ეყო, ზოგი კი მიკერძოებული მსაჯობის მსხვერპლი გახდა. საერთოდ, მწვრთნელები მსაჯების როლს აზვიადებენ ხოლმე და წარუმატებლობას ხშირად მათ ტენდენციურობას აბრალებენ. სიდნეიში საქმე სხვაგვარად იყო და ამის უშუალო მოწმე თავად ვიყავი. მაგალითად, მსაჯები აშკარად უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს მოჭიდავეებს - აკაკი ჩაჩუას და ელდარ კურტანიძეს. ჩაჩუა ნახევარფინალამდე ისე მივიდა, მის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ნახევარფინალში რუსეთის გუნდის წევრს, ჩეჩენ სამურგაშევს ეჭიდავა და როცა მოგებამდე არაფერი რჩებოდა, ბრძოლაში ჩაერთო მსაჯი. მის უნამუსობას დარბაზი გამაყრუებელი სტვენით პასუხობდა, რუმინელმა არბიტრმა კი იმდენი მოახერხა, ფინალში ჩეჩენი გაიყვანა. ეს შემთხვევა საგანგებო მსჯელობის საგნად იქცა, რუმინელს მსაჯობა აუკრძალეს, მაგრამ შეხვედრის შედეგი მაინც ძალაში დატოვეს. საბოლოოდ, ჩაჩუამ მესამე ადგილი დაიკავა. ელდარ კურტანიძეც ნახევარფინალში შეფერხდა, მანამდე კი რამდენიმე ძლიერ მეტოქეს - მათ შორის, ირანელ მსოფლიო ჩემპიონს ალირეზა ჰეიდარის - აჯობა. ფინალში გასასვლელად კურტანიძე რუსთა ნაკრების ლეკ წევრს საგიდ მურთაზ ალიევს ეჭიდავა, მაგრამ ამას ჭიდაობა არ ეთქმის. უფრო ჩხუბს ჰგავდა. მურთაზ ალიევმა ჭიდაობის ნაცვლად ხელების ქნევა დაიწყო, თანაც ამას დემონსტრაციულად აკეთებდა. ელდარს ლამის თვალები ამოსთხარა. წესით, ამგვარი უხეშობა და არასპორტული საქციელი მკაცრად ისჯება, მაგრამ მსაჯები საქმეს ოლიმპიური სიმშვიდით აგრძელებდნენ. კურტანიძეს ნერვებმა უმტყუნა, მეტოქეს აჰყვა და დამარცხდა.

[ელდარ კურტანიძის ხმა] “ყველამ ნახა, რაც მოხდა, მაგრამ მე ჩემს თავს ვადანაშაულებ. წონასწორობიდან არ უნდა გამოვსულიყავი. რაც არ უნდა გაგიჭირდეს, უნდა მოითმინო ადამიანმა. ამ შეცდომამ ოქროს მედალი დამაკარგვინა.”

ელდარ კურტანიძე ახლა ბაკურიანშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად იქ ემზადება თავისი მესამე ოლიმპიადისთვის. მეორე ოლიმპიური გამოცდა ელის სიდნეის თამაშების კიდევ ერთ პრიზიორს, ძალოსან გიორგი ასანიძეს. გიორგი სიდნეიში ერთ-ერთი ფავორიტი იყო - ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და აკვრაში მსოფლიოს რეკორდსმენს, ირანელ შახ ნასირინიასთან ერთად, ლეგენდარული სპიროს დიმასის მთავარ კონკურენტად მოიხსენიებდნენ. წინა ორი თამაშები სწორედ ბერძენმა დიმასმა მოიგო. სიდნეიში ამ სამეულს მოულოდნელად გამოაკლდა ნასირინია. მან პირველივე ცდაზე ტრავმა მიიღო და მაყურებლებში გადაინაცვლა. სამაგიეროდ, ლიდერთა დავაში აქტიურად ჩაერთო გერმანელი მარკ შუსტერი. პირველი მოძრაობის - ატაცის - შემდეგ ასანიძე 5 კოლოგრამით ლიდერობდა, მაგრამ როცა საბოლოო შედეგები შეჯამდა, სამივე სპორტსმენს 390 კოლოგრამი დაუგროვდა. ასეთ დროს ადგილები სპორტსმენთა პირადი წონის მიხედვით ნაწილდება. ასანიძე მეტოქეებზე ოდნავ მეტს იწონიდა და მხოლოდ მესამე ადგილი ერგო. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, აკვრისას დაშვებული ტაქტიკური შეცდომა რომ არა, ასანიძე ჩემპიონი გახდებოდა. ეს იყო უნებლიე შეცდომა, ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ, - ამბობს გიორგი ასანიძე, რომელსაც პოლონეთში ტელეფონით დავუკავშირდით:

[გიორგი ასანიძის ხმა] “მაშინ მე და ჩემი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი ვერ განვსაზღვრავდით, რომ 212,5 კილოგრამი იქნებოდა გარანტია ოქროს მედლისა. არ შეიძლება მეტოქეს ინიციატივა დაუთმო. ამიტომ იყო, რომ ჩვენ 215 კილო შევუკვეთეთ, გავრისკეთ, რადგანაც, ჩემი სპორტული ფორმიდან გამომდინარე, მზად ვიყავი დიდი წონის დასაძლევად.”

ასანიძის მწვრთნელის, ცნობილი სპეციალისტის ვანო გრიქუროვის კომენტარი ასეთია:”მწვრთნელი შეჯიბრების მსვლელობას კულისებიდან აკვირდება, აქედან კი ბევრი რამ სხაგვარად ჩანს. ოლიმპიადამდე გიორგიმ 217 კილოგრამი აკრა და მეტისთვისაც მზად იყო. ჩემი ჩანაწერები რომ ნახოთ, გაოცდებით - ასეთ დონეზე სპორტსმენი არასოდეს მომიმზადებია. ურემი რომ გადაბრუნდება, მერე გზა კარგად ჩანს. არა მგონია, გიას ჩემპიონობა ჩემზე მეტად ვინმეს ნდომებოდა.”

ბოლოს, სიდნეის ოლიმპიური თამაშების სხვა შედეგებსაც შეგახსენებთ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს აგრეთვე ძიუდოისტმა გიორგი ვაზაგაშვილმა, მოკრივე ვლადიმერ ჭანტურიამ და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძემ. და კიდევ: სიდნეიში მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი აიღო ქართველმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა. ბარსელონაში მოპოვებული კახიაშვილის “ოქრო”, მოგეხსენებათ, საქართველოს ეკუთვნის, დანარჩენი ორი - საბერძნეთს.
XS
SM
MD
LG