Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა


“ჩვენი კრებულის ძირითადი მიზანი იყო

მიახლოება ქართული კულტურის ღირებულებით სტრუქტურასთან,"- წერს პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ახლახან გამოცემულ წიგნში “ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა”, რომელსაც რამდენიმე ავტორი ჰყავს – ისტორიკოსები, იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ხელოვნებათმცოდნეები. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მერილენდის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული კრებულის ავტორები ქართული კულტურის ღირებულებათა სტრუქტურას იკვლევენ და ამტკიცებენ, რომ ეს სტრუქტურა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რასაც დღეს “სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები” ჰქვია. კომუნისტური სისტემის ტყვეობაში ყოფნამ ამ ღირებულებების გადაფასება გამოიწვია, მაგრამ ქართული კულტურიდან ლიბერალური ღირებულებები მაინც ვერ განდევნა...

პროექტი “ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა” მხოლოდ და მხოლოდ წიგნის გამოცემას არ ითვალისწინებდა. პროექტის ავტორებმა - ზურაბ ბრეგვაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, ზაზა დარასელიამ, ლევან თაქთაქიშვილმა - თავიანთი კრებულის, შეიძლება ითქვას, “ეკრანიზაციაც” გადაწყვიტეს. ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს ისტორიაში, სამართლის ძეგლებში, ლიტერატურაში, კინოში, პუბლიცისტიკაში, რიტორიკაში, ყოფით კულტურაში არა მარტო დაიწერა, არამედ ითქვა კიდეც შვიდ დოკუმენტურ ფილმში, რომლის ნაწყვეტები ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე პროექტის დირექტორმა ფრიდონ საყვარელიძემ წარმოადგინა.

[მუსიკა. ფრიდონ საყვარელიძე] “ასე იწყება ფილმის ანონსი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს ქართულ კულტურაში.”

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ოცწუთიან დოკუმენტურ ფილმებს საქართველოს რეგიონებში უჩვენებენ, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ კონფლიქტი ადამიანის უფლებებსა და ქართულ კულტურას შორის არ არსებობს და რომ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების იდეები გარედან მოხვეული არაა, არ არის უცხო ქართული მენტალიტეტისთვის. ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ სახის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “ხშირად გამიგია ბრალდება, ბერძენიშვილმა სოროსს 30 მილიონი გამოართვა და ფილმი არ გადაიღოო. უნდა გითხრათ, რომ სოროსისთვის არ გამოგვირთმევია ფული და არც 30 მილიონი, გაცილებით უფრო ნაკლები. ფილმი ერთი კი არა, შვიდი გადავიღეთ.”

ლევან ბერძენიშვილის აზრით, “ნებისმიერი დონის პირველივე მიახლოება ქართულ კულტურასთან ავლენს მის აშკარად ღია, ლიბერალურ, ჰუმანისტურ და ევროპულ ხასიათს, მის ერთგულებას ლიბერალური ღირებულებებისადმი”... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებები ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე დაიწერებოდა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. ძმობის, თანასწორობის, სიცოცხლის, მონობის, პატიმრობის, თავისუფლებისა და თავისუფალი სიტყვის ფენომენი ასახულია ისეთ ძეგლებში, როგორიცაა “ვეფხისტყაოსანი”, “სიბრძნე სიცრუისა”, “დავითიანი”, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებში, ისტორიულ ქრონიკებში. თუმცა ისტორიკოსმა ზურაბ ბრაგვაძემ პროექტის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ პროექტში ჩართულ მეცნიერებს სწორედ ისტორიული წყაროების მოძიება გაუჭირდათ ყველაზე მეტად:

[ზურაბ ბრაგვაძის ხმა] “მაგრამ მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ თურმე არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, და რომ ადამიანის პრობლემა ყოველთვის იდგა. უბრალოდ, არავის ბრალი არ იყო, თუ ვინმე ამით არ დაინტერესდა... დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის უფლებები და ქართული სახელმწიფო ურთიერთთავსებადია.”

თუ ეს, მართლაც, ასეა, მაშ საიდან გაჩნდა აზრი ქართული კულტურის არადასავლური და არალიბერალური ხასიათის შესახებ? ამ კითხვას ლევან ბერძენიშვილი კრებულის შესავალშივე სვამს და თავადვე უპასუხებს. პროექტის ხელმძღვანელი შეგვახსენებს, რომ ქართველი ინტელექტუალები საბჭოთა ეპოქაში არა დისიდენტურ, არამედ შინაგანი ემიგრაციის გზას დაადგნენ. ეს ინერცია გრძელდება დღესაც: უფლებადაცვითი საქმიანობა ქართველი ინტელექტუალების უმრავლესობისთვის ცხოვრების გაუგებარ და მიუღებელ სტილად რჩება... თანამედროვე ქართული კულტურისთვის, პოლიტიკისთვის, ყოფისთვის ქსენოფობიური რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავი გახდა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]. “სამოქალაქო განათლება ისაა, რაც გვაკლია ყველას. ამას წინათ პარლამენტში ერთმა პარლამენტარმა შეკითხვა დასვა, რომლის მერე გამოჩნდა, თუ რა დონეზე გვაქვს სამოქალაქო განათლება... ამას არ უნდა ვამბობდე ამ ბიბლიოთეკის შენობაში, მაგრამ რას იზამ.”

საინტერესოა, რომ ინციდენტს, რომელიც ლევან ბერძენიშვილმა გაიხსენა, ფაქტობრივად, არ გამოხმაურებიან ქართველი ინტელექტუალები - არც ეგრეთ წოდებული “უნივერსიტეტის პროფესურა”, არც შემოქმედებითი ინტელიგენცია. პარლამენტის დარბაზში პროტესტი ყველაზე ხმამაღლა რუსეთიდან ჩამოსულმა ეკონომიკის მინისტრმა გამოხატა.... სტვენით გამოხატა. “აზრით”, სიტყვებით, მსჯელობით, ჭკუით კი “ხალხის რჩეულის” ეს გამოხტომა არავინ დაგმო. და არა იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ლიბერალური ღირებულებები უცხოა... უბრალოდ, ეს ღირებულებები დროშია დაკარგული... სწორედ დროში და არა სივრცეში. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ასრულებს ლევან ბერძენიშვილი თავის სტატიას “ადამიანის უფლებები ქართულ ყოფით კულტურაში”. თანამედროვე ქართული საზოგადოება აშკარად არ არის ევროპული საზოგადოება (კანონმორჩილების დაბალი ხარისხი, ინტენსიური შრომის კულტურის დაბალი ხარისხი, დაბალი სამოქალაქო განათლება და ა.შ), მაგრამ ეს არ არის არც აზიური საზოგადოება (უშიშარი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი, საკმაოდ მყარი დესაკრალიზაცია და ა.შ). შესაბამისად, ქართული საზოგადოების ლოკალიზება სივრცეში (ორიენტირები აღმოსავლეთი/დასავლეთი) შეუძლებელია, იგი მხოლოდ დროში ლოკალიზდება, როგორც, პესიმისტების აზრით, დაგვიანებული ან, ოპტიმისტების აზრით, კინაღამ დაგვიანებული საზოგადოება. ლევან ბერძენიშვილს და იმ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც ადამიანის უფლებებს ქართულ კულტურაში ერთი წიგნი და შვიდი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს, ეტყობა, სჯერათ, რომ ქართული საზოგადოება “კინაღამ დაგვიანებულია”, რადგან ისტორიული მახსოვრობა მასში არ წაშლილა, რადგან ადამიანის უფლებები თავსებადია ქართული კულტურის თითოეული განაკვეთისთვის.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “ეს ფილმები და ეს წიგნი ენას არ უჩლექს საზოგადოებას – არ ეუბნება მას: იცით, არსებობს ადამიანი და ადამიანის უფლებები...გულისხმობს, რომ ხალხი მზადაა ამის წასაკითხად. ზოგიერთ შემთხვევაში ხალხი უფრო მზადაა და მეტს იმსახურებს.”

უახლოეს ხანში, როცა საქართველოს რეგიონებში საზოგადოება ამერიკული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ამ პროექტს გაეცნობა, მართლაც გაირკვევა, რამდენად მზადაა ხალხი იმისთვის, რომ არა მარტო წაიკითხოს ეს წიგნი, ნახოს ეს ფილმები, არამედ გაითავისოს კიდეც ყველაფერი, რასაც მას ეუბნებოდნენ სახელოვანი წინაპრები - ილია, დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა... სწორედ მათი პორტრეტები ამშვენებს კრებულს “ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა”... სწორედ ვაჟა-ფშაველაზე წერს ამ წიგნში ლევან ბერძენიშვილი – იგი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორიაო.
XS
SM
MD
LG