Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი-2-ს ახალი მფლობელი ჰყავს


დავით პაიჭაძე, თბილისი 19 ივლისს გაირკვა, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ს ახალი მფლობელი ჰყავს: ესაა ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი გაზეთმა “ახალმა ვერსიამ” გამოაქვეყნა: რუსთავი-2-ის აქციათა 90%-ის მესაკუთრე ამბობს, რომ კარგი მენეჯერია და იცის საქმის სწორად წარმართვა. როგორ შეიძლება დაეტყოს რუსთავი-2-ს ახალი მფლობელის ხელი?

რუსთავი-2 სხვა პატრონის ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა ეს ამბავი ორშაბათს დილით შეიტყო, თანაც - არა იმ გაზეთიდან, რომელსაც რუსთავი-2-ის აქამდელი მფლობელი ჰოლდინგი გამოსცემს. თანამშრომლებმა ჩვენთან საეთეროდ საუბარი არ ისურვეს, თან სათქმელიც ბევრი არაფერი ჰქონდათ: გვითხრეს, რომ პირველი დღე ახალი მფლობელის ხელში ჯერ არაფრით განსხვავდებოდა წინა სამუშაო დღეებისაგან.

ქიბარ ხალვაში რუსთავი-2-ის აქციათა 90%-ის მფლობელი გახდა. 10% ეკუთვნის რუსთავი-2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს, აწ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნიკა ტაბატაძეს, რომელსაც კანონი ავალებს, დღევანდელი დღიდან ორ კვირაში კუთვნილი აქციები ან სხვას გადასცეს სამართავად ან, თუ სურვილი აქვს, გაყიდოს. ახლა ცნობილი არ არის, აღმოჩნდება თუ არა ტაბატაძის 10% ქიბარ ხალვაშის ხელში, ანუ შეიქნება თუ არა იგი რუსთავი-2-ის ერთადერთი მფლობელი.

ქიბარ ხალვაში, როგორც გაზეთი “ახალი ვერსია” იუწყება, მე-8 წელია სათავეში უდგას საქართველოში “პროქტერ ენდ გემბლის” სადისტრიბუციო ქსელს. ის გახლავთ ერთ-ერთი მეპატრონე თბილისში ცოტა ხნის წინ ამოქმედებული პეპსი-კოლას ქარხნისა, რომლის გახსნას პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დასდო პატივი კონვეიერის ღილაკზე თითის სიმბოლური დაჭერით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი-2 დაფუძნდა და განვითარდა მისი ყოფილი თანამფლობელის ეროსი კიწმარიშვილის ხელში, რომელიც ჯერჯერობით ფორმალურად რჩება კომპანიის პრეზიდენტად, წარმოუდგენელი არასოდეს ყოფილა, რომ კიწმარიშვილს შეეძლო, შელეოდა ტელეკომპანიას. 3-4 წლის წინათ მოარული ხმები, თითქოს რუსთავი-2-ს მავანი რუსი ოლიგარქისათვის მიყიდვას უპირებდნენ, იმხანად არ გამართლდა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი თითქოს ცდილობდა, მოენახა უცხოელი ინვესტორი, რომელიც შეიძენდა რუსთავი-2-ს. ცნობილია მისი ვიზიტი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოში” იმ იმედით, რომ სოროსის ფონდის მეშვეობით შეძლებდა პოტენციური მყიდველის მიგნებას. ასევე რევოლუციის შემდეგ გამოიკვეთა დაპირისპირება კიწმარიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის, რაც პერიოდულად აისახებოდა მათი კუთვნილი ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემათა სიუჟეტებში: მაგალითად, ტელე-იმედი მოუწყინრად ამხელდა კიწმარიშვილის ინტერესს საქინფორმისადმი, ხოლო რუსთავი-2 აჩვენებდა, როგორ აზარალებს პატარკაციშვილის კერძომესაკუთრული მისწრაფებები ურეკში მცხოვრებ მოქალაქეებს. ხელისუფლებაში იდეალისტურად განწყობილ უმცირესობას ჰქონდა იმედი, რომ უცხოელი ინვესტორის მიერ რუსთავი-2-ის შეძენა მყარი საპირწონე იქნებოდა ბადრი პატარკაციშვილის გაზრდილი მედიაგავლენისათვის და, ამასთან, განამტკიცებდა სიტყვის თავისუფლების გარანტიებს საქართველოში. ეროსი კიწმარიშვილს ცუდი სამსახური გაუწია საკუთარი გავლენის არაადეკვატურმა შეფასებამ: მან თავი რევოლუციური სამების მეოთხე წევრად მიიჩნია, რის გამოც ხელისუფლებიდან მიუთითეს, რომ არ აპირებენ ჩაიზიარონ ძალაუფლებაში. პოლიტიკური და ბიზნეს ამბიციების შეზღუდვას კი ის მოჰყვა, რომ კიწმარიშვილმა დათმო რუსთავი-2 და გადაზიდვათა ბიზნესში გადაინაცვლა. რამდენად აღმოჩნდება ახალი მფლობელი სიტყვის თავისუფლების განმტკიცების გარანტი, ამას, რომ იტყვიან, დრო აჩვენებს, თან - უახლოეს მომავალში. ქიბარ ხალვაშს კარგახნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ცნობით, პოლიტიკაში მოსვლამდე ხალვაშის ბიზნესპარტნიორი იყო, ხოლო ახლა ეს ფუნქცია ოქრუაშვილის მეუღლემ შეითავსა. ცხადია, ლაპარაკია ლეგალურ ბიზნესსა და ლეგალურ პარტნიორობაზე. ასე რომ, არის პერსპექტივა, რუსთავი-2 გადაიქცეს თუნდაც მაღალი დონის, მაგრამ მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ტელევიზიად.
XS
SM
MD
LG