Accessibility links

logo-print

სოჭში, ე.წ. ჟენევის ფორმატით, ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში გამძაფრებული კონფლიქტის პარალელურად ოფიციალური თბილისი მოლაპარაკების პროცესს სოხუმის ხელისუფლებასთანაც აახლებს.

უფრო ზუსტად, აფხაზური მხარე თანხმობას აცხდებს, მონაწილეობა მიიღოს, ე.წ. ჟენევის ფორმატით, ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში, რომელიც სოჭში იმართება. პარალელურად, წლის დასაწყისიდან პირველად, რამდენიმე დღის წინ კოდორის ხეობის ერთობლივი პატრულირებაც დაიწყო.

წესით და რიგით, სამშაბათს სოჭში, ე.წ. ჟენევის ფორმატით, ქართულ-აფხაზური შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელზეც ქართულ დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა უხელმძღვანელებს. ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენელთა გარდა, შეხვედრას დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ელჩებიც.
გიორგი ხაინდრავას განმარტებით, შეხვედრის მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისთვის გალის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნა. თუმცა მანამდე გასარკვევია, თუ რამდენი დევნილია საქართველოში:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] „პირველი ნაბიჯი არის აღრიცხვიანობა, რომ ვიცოდეთ, რამდენი დევნილია. ეს პროცესი აუცილებელია და ამ პროცესის პირველი ნაბიჯია ეს შეხვედრა სოჭში, თუმცა უნდა გითხრათ, სულ ახლახან ვიყავი სოხუმში და მოლაპარაკებები ამ თემაზე გრძელდება.“
რაც შეეხება დევნილების დაბრუნებისთვის უსაფრთხო დაბრუნების პირობების შექმნას, სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი მომწიფდა და მისი დაწყება გარდაუვალია:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] „ პრაქტიკულად მომწიფდა ეს საკითხი, რადგან ვიცით, რომ გალში დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ადამიანები, „ბარტერული ცხოვრების“ წესით. გარდა ამისა, თვითნებური დაბრუნება ხდება - ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ ვაძლევთ. ამიტომ ჩვენ ვერ ვეუბნებით ხალხს უკან დაბრუნდეს, სანამ არ ჩამოყალიბდება მექანიზმი, რომელიც უსაფრთხოების გარანტიას მისცემს.“

გალიდან დევნილი მურმან მალაზონია, რომელიც დღეს ზუგდიდში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და დემოკრატიის განვითარება“, ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიის მკაფიო სისტემის არსებობის გარეშე, გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება არ შეიძლება:

[მურმან მალაზონიას ხმა] „ვის არ უნდა? მე გალელი კაცი ვარ და ჩემზე მეტად ვის უნდა იქ შესვლა? მაგრამ მე ხომ უნდა ვიცოდე, სად მივდივარ - დამოუკიდებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მივდივარ საცხოვრებლად თუ ხვალ და ზეგ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.“
პარლამენტარ ადა მარშანიას აეჭვებს, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტში მონაწილე მხარეები რაიმე გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ და ვარაუდობს, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაირკვევა აფხაზეთში 3 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ:

[ადა მარშანიას ხმა] „ის, თუ ვინ გახდება იქ არჩევნების შედეგად პრეზიდენტი, რა პიროვნება, რა ადამიანი - მრავლისმეტყველი იქნება ჩვენთვის.“

სხვათა შორის, გავრცელებული ცნობებით, ვინ გახდება თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს გალში დაბრუნებული ქართული მოსახლეობა. ამომრჩეველთა პროცენტის თვალსაზრისით, ეს ხმები, შესაძლოა, თანაბარი შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. თუმცა, ისევ მურმან ბერაიას თქმით, ვინაიდან აფხაზეთში ღია და დემოკრატიული არჩევნები არასდროს ჩატარებულა, ახლაც გალში დაბრუნებულ ქართველებს არჩევანის თავისუფლება არ ექნებათ და ხმას იმას მისცემენ, ვინც უნდა გაიმარჯვოს. პოტენციური გამარჯვებულის ვინაობას კი ისევ და ისევ მოსკოვში დაადგენენ.
XS
SM
MD
LG