Accessibility links

ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება ისევ დაიძაბა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება ისევ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა იქ რუსული წარმოების ჭურვებით დატვირთული “გაზელის” მარკის ავტომანქანა დააკავეს,

იყო სროლა ქართული სოფლების მიმართულებით. რუსეთის საინფორმაციო წყაროები ავრცელებდნენ ცნობას საპასუხო სროლის შესახებ, რასაც საქართველოს მხარე კატეგორიულად უარყოფს. ცხინვალის რეგიონში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით 19 ივლისს, ღამის პირველ საათზე, კონფლიქტის ზონაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა; მოგვიანებით კი, დღისით, ცხინვალში მუშაობას შერეული საკონტროლო კომისია შეუდგა.

მოსკოვში გაცემული გარანტიები საქართველოს ამბოხებულ რეგიონებში მშვიდობის გარანტი ვერ ხდება. ვერც ამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩატარებულ შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე გაფორმებული ოქმი იქცა ცხინვალის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის პირობად, არც კონფლიქტის ზონაში მივლინებული რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის დაპირებას მოჰყოლია შედეგი - დაპირებას, რომ გათავისუფლდებოდა ცხინვალში ტყვეობაში მყოფი 3 ქართველი ჯარისკაცი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლა 19 ივლისს შუაღამისასაც ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოსურმა მხარემ ამ დროისთვის ცეცხლი გაუხსნა როგორც საქართველოს პოლიციის საგუშაგოებს, ისე დასახლებულ პუნქტებს. ცნობები დაშავებულთა შესახებ არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართული სოფლებისა და პოლიციის ბლოკსაგუშაგოების მიმართულებით სროლა სოფელ კეხვთან რუსული წარმოების ჭურვებით სავსე მანქანის დაკავებას მოჰყვა. საქართველოს პოლიციამ ამ ტვირთის კონფისკაცია მოახდინა. ოსი ეროვნების მძღოლი, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა, დაკავებულია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 19 ივლისს ცხინვალში, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ არ იცის, ვისთან მიდიოდა რუსული წარმოების ჭურვები. იგივე გაიმეორეს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, მაგრამ, აი, რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მანამდე, ღამით, ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების მონახულებისას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “იარაღი ჩამორთმეულია, იყო შეთავაზება, გაგვიცვალეთ ხალხშიო, მაგრამ ხალხში იარაღს ჩვენ არ ვცვლით. იარაღი ჩვენ გვჭირდება და არის გაცემული ბრძანება, იარაღის გადაადგილებას წერტილი დავუსვათ. “


დაძაბულ ვითარებაში კონფლიქტის ზონის დათვალიერების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქართული სოფლები მაქსიმალურად არის დაცული. საქართველოს მხარე არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ამ სოფლების დაცვის შესუსტებას, თუმცა ოსური მხარე უწინდებურად დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის ზონიდან საქართველოს პოლიციის ქვედანაყოფების გაყვანას. ეს მოთხოვნა ოსებმა ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე აბსოლუტურად უშედეგოდ წამოაყენეს და იქვე აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა საქართველოს წარმომადგენლის მიერ ცხინვალში ტყვეობაში მყოფი სამი ქართველის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნის წამოყენება. მოსკოვში წარმოებული, თითქოსდა, წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ ცხინვალში 19 ივლისს გამართული მოლაპარაკება წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ ამ მოლაპარაკებას მოკლე და საქმიანი უწოდა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] “ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მოხდეს იმის განხორციელება, რაზეც მოსკოვში მოვილაპარაკეთ. შეხვედრა იყო მოკლე და საქმიანი. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.”

ერთადერთი შედეგი არის შეთანხმება კონფლიქტის ზონაში მხარეთა წარმომადგენლების მუდმივმოქმედ რეჟიმში მუშაობის შესახებ, იქ მათი კვირაში ორჯერ - გნებავთ, სამჯერ - შეკრების შესახებ.
XS
SM
MD
LG