Accessibility links

logo-print

გერმანია ჰიტლერზე თავდასხმის 60 წლისთავს ზეიმობს


"მათ გვაჩვენეს, რომ არსებობდა სხვა გერმიანია, კარგი გერმანია, იმ დროისთვის დემოკრატიული გერმანია," ასე მოიხსენია თავის გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა

ადოლფ ჰიტლერზე მოწყობილი წარუმატებელი თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებმაც ზუსტად 60 წლის წინ სცადეს, გერმანია და, საერთოდ, ევროპა ტირანიისგან გაეთავისუფლებინათ. ჰიტლერზე თავდასხმას თანამედროვე გერმანიისთვის ერთ-ერთ უმნივშნელოვანეს თარიღად მიიჩნევენ გერმანელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

1944 წლის 20 ივლისს გერმანიის ვერმახტის, ანუ რეგულარული არმიის, ოფიცერთა ჯგუფმა ფიურერზე თავდასხმა განახორციელა ამ უკანასკნელის შტაბში აღმოსავლეთ პრუსიაში. შეთქმულთა ლიდერმა, პოლკოვნიკმა კლაუს ფონ შტაუფენბერგმა პორტფელი, რომელშიც ბომბი იყო მოთავსებული, იატაკზე დადგა მაგიდის ქვეშ, რომლის გარშემოც იდგნენ ჰიტლერი და მისი ოფიცრები.

ამის შემდეგ გრაფი ფონ შტაუფენბერგმა ოთახი დატოვა იმ მოტივით, რომ თითქოს ტელეფონით უნდა დაერეკა. სინამდვილეში კი უმალ გაფრინდა ბერლინში, სადაც ის და შეთქმულების სხვა მონაწილენი სახელმწიფო გადატრიალების დაწყებას აპირებდნენ.

მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება მოვლენების განვითარება. ჰიტლერთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე ოფიცერმა იატაკის ქვეშ მდგარი პორტფელი მაგიდის ფეხს მიაყუდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორედ მაგიდის ამ მასიურმა ფეხმა გადაარჩინა ჰიტლერი, რომელიც მაგიდაზე გაშლილ რუკებს ჩაჰკირკიტებდა. აფეთქების შედეგად ოთახში მყოფი 24 ადამიანიდან ხუთი დაიღუპა, მაგრამ ნაცისტების ლიდერი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

ფონ შტაუფენბერგი და შეთქმულების სამი სხვა მონაწილე იმავე ღამეს დახვრიტეს. ათეულობით ადამიანი დაიჭირეს. ბევრ მათგანს პატიმრობაში ამოხადეს სული.

ჰიტლერზე თავდასხმის თარიღი წლების მანძილზე აღინიშნებოდა, მაგრამ წელს პირველად შეინიშნება აშკარად, რომ გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა ფონ შტაუფენბერგსა და მის თანამოაზრეებს გმირებად უფრო აღიქვამს, ვიდრე მოღალატეებად, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

1944 წლის 20 ივლისის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტი გიორგი მაისურაძე:

იხ. აუდიოვერსია.

თუკი ჯერ კიდევ მაინც არის დისკუსიები ფონ შტაუფენბერგისა და მისი თანამოაზრეების ადგილზე გერმანიის საზოგადოებაში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შეთქმულების წარმატების შემთხვევაში ევროპის და, იქნებ, მსოფლიო ისტორიაც სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. 1944 წლის 20 ივლისიდან 1945 წლის მაისამდე პერიოდში ნაცისტურმა გერმანიამ ჰიტლერის მეთაურობით მილიონობით ადამინი გამოასალმა სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG