Accessibility links

logo-print

სააკაშვილის ბათუმური სიტყვის ზოგიერთი ასპექტი


დავით პაიჭაძე, თბილისი 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბათუმში, აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის გახსნისას. რით იყო მნიშვნელოვანი ეს გამოსვლა, რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა ისეთი, რაც მის მიერ საზოგადოებისთვის გაგზავნილ ახალ შეტყობინებად შეიძლება მივიჩნიოთ? თქვენს ყურადღებას რამდენიმე ასეთ ფრაგმენტს მივაპყრობ.
ასლან აბაშიძის აჭარიდან გასტუმრების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში უპრობლემოდ ახორციელებს იურისდიქციას, აკონტროლებს საბაჟოსა და პორტს. აჭარის ავტონომიის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონს, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მომავალში სეპარატიზმის გამოსარიცხადაც მიიღო, არ აკლდა კრიტიკოსები. მათი აზრით, კანონი ავტონომიურ რესპუბლიკას საგრძნობლად უზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საქართველოს პრეზიდენტი ასე არ ფიქრობს. აჭარაში ავტონომიის მომავალზე ის პირველად ახსენებს თითქოსდა მივიწყებულ ტერმინს - რეგიონალიზმს, რითაც, შესაძლოა, მიანიშნებს საქართველოს მომავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელზე.

[სააკაშვილის ხმა] “მთავარი არ არის ფორმა, მთავარია არსობრივად შინაარსი. აჭარაში რაც მეტი დამოუკიდებლობა იქნება იმ სფეროებში, რომელიც საქართველოს გამგებლობაში არ არის ჩვენი კონსტიტუციით, მით მეტი შანსი იქნება წარმატებისა ამ რეგიონში და, ესე იგი, მთელი საქართველოს მასშტაბით. ავტონომიის შინაარსის სწორი გაგებით, რომელიც შეიმუშავა საქართველოს პარლამენტმა, ჩვენ შევძლებთ დავანახვოთ სხვებს, საქართველოში რეგიონალიზმის განვითარების კვალობაზე, სერიოზული წარმატება რეგიონებისა და საქართველოს მასშატბით.”

რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე აქტუალურ საკითხს - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პრობლემას, პრეზიდენტმა პირველად განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების საზარალო ხელშეკრულებებს არ შეასრულებს. მიხეილ სააკაშვილს არ დაუზუსტებია, ეხებოდა თუ არა ეს 1992 წლის დაგომისის შეთანხმებას. მეორე მხრივ, ცხადია, რომ განდგომილ რეგიონში მოქმედების წესებს ფორმალურად დღეს ეს შეთანხმებაც განსაზღვრავს.

[სააკაშვილის ხმა] “იმ შეთანხმებებს, რომლებიც გვიკრძალავენ საქართველოს შუაგულში საქართველოს დროშის აფრიალებას, მე არ ვცნობ. თუ მათ შევარდნაძემ ხელი მოაწერა, მე მზად ვარ, გამოვიდე ასეთი ხელშეკრულებიდან და მოვახდინო მათი დენონსაცია.”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხრეთ ოსეთის თემაზე წარმოთქმულ ყოველ მორიგ სიტყვასა თუ კომენტარში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება რეგიონში მოთამაშე სუბიექტების ზუსტი მისამართი. ასე მაგალითად, აბსტრაქტული რუსეთი, ან რუსეთის გენერალიტეტი, ან ამ ქვეყნის გარკვეული წრეები ბათუმში წარმოთქმულ სიტყვაში დაკონკრეტდა კონკრეტული ქმედების ავტორ კონკრეტულ უწყებამდე.

[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ გვაქვს ყველანაირი ჩანაწერი, აუდიო- და ვიდეომასალა იმის თაობაზე, რომ ამ ჩვენი 38 ჯარისკაცისა თუ პოლიციელის აყვანის ოპერაცია განახორციელეს სწორედ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა. მათვე დააჩოქეს ისინი ცხინვალის ცენტრში. ეს პირდაპირ ორკესტრირებული იყო ГРУ-ს ოფიცრების მიერ. შემდეგ, ეს ვითომდა ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანა - სხვათა შორის, არ მოველოდი და ამის დამადასტურებელი მონაცემებიც მივიღეთ - ასევე ხორციელდებოდა სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ.”

ასე რომ, რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცრები ისევ გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში, ოღონდ ამჯერად, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დემონური საბურველის გარეშე.


XS
SM
MD
LG