Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზომებს უნდა მიმართოს აშშ-მა საიმისოდ, რომ ირანს უარი ათქმევინოს ბირთვული იარაღის შექმნაზე?


აშშ გეგმავს მკაცრი ზომების მიღებას ირანის წინააღმდეგ, რახან ეს ქვეყანა, როგორც ვარაუდობენ, ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, აშშ იძიებს შესაძლო კავშირს თეირანსა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს შორის. მოკლედ, ამერიკა-ირანის ისედაც ცივ ურთიერთობას არათუ გაუმჯობესების, “სტატუს კვოს” შენარჩუნების პირიც კი არ უჩანს. მაგრამ ეს, ზოგი ამერიკელი ექსპერტის შეფასებით, მომგებიანი არ არის ვაშინგტონისათვის: მას, პირიქით, თეირანთან დაახლოება ჰმართებს, თუ სურს დამატებით საფრთხე არ შეექმნას ამერიკის ინტერესებს ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში, ან ერაყსა და ავღანეთში.

ამ კვირაში ნიუ-იორკში დაფუძნებულმა პოლიტოლოგიის ინსტიტუტმა “საგარეო ურთიერთობათა საბჭომ” გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასე შეიძლება შეჯამდეს: ირანთან დაკავშირებული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ აშშ-ს დიდი არჩევანი არცა აქვს - მან უნდა გამონახოს საერთო ენა თეირანის ხელმძღვანელობასთან.

ანგარიში, რომლის მუშაობას თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეჟინსკიც უძღვებოდა, მანვე წარადგინა ვაშინგტონში. [ბჟეჟინსკის ხმა] “თუ კაცს არ უნდა ირანის შემთხვევაში მოითხოვოს იგივეს გაკეთება, რაც ერაყში გავაკეთეთ (ანუ, ვიმოქმედოთ სრულიად მარტო, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე) მაშინ თავს იჩენს შეკითხვა: რა არის საუკეთესო გზა საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად? ვფიქრობ, კურსი, რომელსაც ჩვენ ვემხრობით, ზრდის იმის ალბათობას, რომ სხვები მოსიურვებენ თანამშრომლობას”.

კურსი, რომელსაც ბჟეჟინსკი და მისი თანამოაზრეები ემხრობიან ითვალისწინებს, თუ გავამარტივებთ, შემდეგს: ვაშინგტონმა თეირანთან მიმართებაში “თაფლის კვერი” უფრო ხშირად გამოიყენოს, ვიდრე “მათრახი”, თუ ირანის დათმობებზე დაყოლიება სურს.

ამ საკითხზე სხვა ექსპერტების შეფასებებში გასარკვევად ჩვენმა კორესპონდენტმა ჯეფრი დონოვენმა ვაშინგტონში დარეკა და ესაუბრა “მშვიდობისა და დემოკრატიის კარნეგის საერთაშორისო ფონდის” მკვლევარს ჯორჯ პერკოვიჩს და აღმოაჩინა, რომ პერკოვიჩიც იზიარებს ბჟეჟინსკის მოსაზრებას. პერკოვიჩის თქმით, ვარაუდი, თითქოს ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობა ხელს შეუწყობდა რეჟიმის შეცვლას ირანშიც, არ გამართლდა. ის კი არა, ომმა ერაყში დაასუსტა ვაშნიგტონის პოზიცია ირანთან მიმართებაში. პერკოვიჩი განმარტავს: [პერკოვიჩის ხმა] “მოხდა ის, რომ შეერთებული შტატები ერაყში “გაიჭედა”. სიტუაცია ძალიან რთულია. ირანში, ასე ვთქვათ, “ცუდები” ამბობენ: “თუ ამერიკელები ჩვენს წინააღმდეგ წამოსვლას აპირებენ, მოვკლავთ რაც შეიძლება მეტ ამერიკელს ერაყში. იქ ისეთ ამბავს დავატრიალებთ, რომ ამერიკელები ირანისთვის ვერ მოიცლიან”.

ვშიშობთ, განაგრძობს ამერიკელი ექსპერტი, რომ ირანელებს მართლა შეუძლიათ ამის მიღწევა... “ჯერ არ გაუგზავნიათ, მაგრამ შეუძლიათ გააგზავნონ ხალხი ერაყში ამერიკელებთან სამხედრო დაპირისპირებაში ჩასართველად. ეს რომ არ მოხდეს, ამის გამოც მიზანშეწონილია ვაშნიგტონის თეირანთან თანამშრომლობა”, დასძენს პერკოვიჩი.

სხვათა შორის, ამავე კვირაში ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ სცადა ირანთან მოლაპარაკება - საგულისხმო შედეგის გარეშე. დაბოლოს, ცნობა, რომელიც ოთხშაბათს სამხრეთი კორეიდან გავრცელდა: იქ ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ჰმართებთ “სტრატეგიული გადაწყვეტილების” მიღება - უარის თქმა ბირთვული შეიარაღების შექმნაზე, როგორც ეს ლიბიამ გააკეთა.
XS
SM
MD
LG