Accessibility links

logo-print

დახურეს სამცხე-ჯავახეთის პირველი ტელეკომპანია


სამცხე-ჯავახეთის პირველი რეგიონალური ტელეკომპანია, დიმიტრი ქიტოშვილის გადაწყვეტილებით, უნდა დაიხუროს.

დახურვის მიზეზი ლიცენზიის გასაგრძელებლად 2 თვის დაგვიანებით შეტანილი განაცხადია. ,,ლომსია”-ს ხელმძღვანელობა პირად დაინტერესებაზე საუბრობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. კომისიის ვერდიქტით უკმაყოფილონი არიან თანამშრომლებიც. ქიტოშვილის პოზიცია კი მკაცრია. იგი დახურვით ემუქრება ყველა იმ ტელეკომპანიას, რომელიც კანონს დაარღვევს.

სამცხე-ჯავახეთის პირველი რეგიონალური ტელეკომპანია ,,ლომსია”, რომელიც 1996 წლიდან ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან მხარეში მაუწყებლობს, შესაძლებელია დაიხუროს, რადგან მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადის 2 თვით დაგვიანებით შეტანის გამო ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ტელეკომპანიის დირექტორი ზაზა პეტრიაშვილი შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევას აპირებს. ,,ლომსია”-ს მფლობელი და, ამავე დროს, ქ. ახალციხის გამგებელი თამაზ პეტრიაშვილი, რომელიც 2001 წელს ნაციონალების სიით იყრიდა კენჭს, კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

[ზაზა პეტრიაშვილის ხმა] “კომისიამ 3 კვირა იმსჯელა ამ საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არ გაითვალისწინა ტელეკომპანიის საქმიანობა და მიღწევები და რეგიონის მდგომარეობა; აგრეთვე, იმ დონორი ორგანიზაციების დამოკიდებულება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და ენდობოდნენ ,,ლომსია”-ს.”

[თამაზ პეტრიაშვილის ხმა] “ჩემი აზრით, ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა და კანონი სხვანაირი აღმოჩნდა სხვა ადამიანებისათვის. საიდან მოდის და რატომ გაკეთდა, ჩემთვის უცნობია. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ისეთი რეგიონი, როგორიც სამცხე-ჯავახეთია, თუნდაც სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე, არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდათ ასე მოქცეულიყვნენ. ფაქტობრივად, მე ვთვლი, როგორც ქალაქის გამგებელი, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო და, საერთოდ, არ ვაპირებ დამორჩილებას.”(სტილი დაცულია)

მაუწყებლობისა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია პირად დაინტერესებას ,,ლომსია”-ს მისამართით კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ყველა ის ტელეკომპანია უნდა დაიხუროს, რომელიც კანონს დაარღვევს. დიმიტრი ქიტოშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე განიხილება საკითხი სხვა რეგიონალური ტელეკომპანიებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, ,,ლომსია”-ს ბედს
გაიზიარებენ:

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] “კანონი მოითხოვს, რომ ლიცენზიის ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე უნა შემოიტანონ განაცხადი გაგრძელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიცენზია არ გაგრძელდება. რაღაც აბსურდი გამოდის, მათი ნათქვამიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რა დაინტერესება უნდა მქონოდა, როცა, უბრალოდ, შევასრულე პირდაპირ ის, რასაც ითხოვს კანონი. დაინტერესება რომ მქონოდა, პირიქით, უნდა დამერღვია კანონი და დამეჭირა ,,ლომსია”-ს მხარე.”

ტელეკომპანიისათვის ლიცენზიის გაუქმებით უკმაყოფილონი არიან როგორც სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები, აგრეთვე, ,,ლომსია”-ს თანამშრომლები. ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი ორგანიზაციის მიღწევებსა და მაყურებლის სიმპათიებზე საუბრობენ:

[თეონა ქურდაძის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ თუ ტელეკომპანია ,,ლომსია” აღარ იარსებებს და ეთერში აღარ გავა, ეს გამოიწვევს მთელი ახალციხის ძალიან დიდ გულისტკივილს. დიდი დანაკლისი იქნება ქალაქისთვის.”

[მანანა ლონდარიძის ხმა] “ლომსია” პირველი არხია, რომელიც გაიხსნა სამცხე-ჯავახეთში და ადგილობრივი ახალი ამბები მოამზადა მოსახლეობისათვის.”

[ლულუ სახამბერიძის ხმა] “რა თქმა უნდა, ძალიან დაგვაკლდება, თუ დახურეს ტელეკომპანია ,,ლომსია”, რადგან ეს არის ჩვენი პირველადი საინფორმაციო წყარო.”

[ირმა პარუნაშვილის ხმა] “მთლად წარმოუდგენლად მიმაჩნია ,,ლომსია”-ს დახურვა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ის იყო - იყო კი არა და არის - სამცხე-ჯავახეთში პირველი ტელეკომპანია, რომელმაც პირველმა გამოთქვა მართლაც ოპოზიციური აზრი.”

ტელეკომპანია ,,ლომსია”-ს ხელმძღვანელობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG