Accessibility links

სააკაშვილმა აჭარის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები დაასახელა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აჭარის ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს სესიის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონის მიმართ გასატარებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

ამ პოლიტიკის ძირითადი პათოსი აჭარის, როგორც საკურორტო ზონის, სატრანზიტო კომუნიკაციებისა და აგრესიულ სოციალურ პოლიტიკაში უნდა გამოიხატოს. როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილს რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივები?

საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოწვევის აჭარის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამოსვლისას რეგიონში სოციალური სამართლიანობის აღდგენასა და ამ მხარის ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი თავის მიერ ადრე მიცემული დაპირების ერთგული რჩება და აქცენტს აჭარის საინვესტიციო მომხიბლაობასა და ”დიდი პრივატიზაციის” განხორციელებაზე აკეთებს. პრეზიდენტის თქმით, აბაშიძის რეჟიმს რეგიონის მთელი ეკონომიკური პოტენციალი თავის პირად ქონებად მიაჩნდა და აქაური მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებული იყო.

საქართველოს პრეზიდენტი აპირებს სწორედ სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისა და მუნიციპალური მშენებლობის განვითარებისათვის გამოიყენოს აბაშიძის კლანისათვის ჩამორთმეული აქტივების რეალიზაციიდან შემოსული თანხები და აცხადებს, რომ თუ ქონება ვერ გაიყიდა, იგი, სულხან მოლაშვილის აგარაკის მსგავსად, ყველაზე დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა სარგებლობისათვის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ ვერ გაიყიდება, მივცეთ კანონის დაცვით იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. უნდა მივცეთ იმის გამო, რომ ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში სწორედ ძველმა ხელისფლებამ ჩააგდო.”

პრეზიდენტის თქმით, უნდა გატარდეს გააზრებული პოლიტიკა ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან აჭარას უნიკალური შესაძლებლობები აქვს და ის გამოყენებული უნდა იქნეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მნიშვნელოვანია პოლიტიკის განხორციელება აჭარაში ინვესტორების მოზიდვის კუთხით. აჭარაში არის უნიკალური შესაძლებლობები. რატომ? იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო რეგიონი. მე თვითონ ინტენსიურ ლობირებას ვუწევ შუა აზიასთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან ჩვენს სატრანსპორტო კომუნიკაციებს და როცა დარწმუნდება ხალხი, რომ აჭარაში სიმშვიდეა, - და სიმშვიდე აქ არის; უბრალოდ, საუბარია მსოფლიოში როგორი აღქმაა, - აქ წამოვა ძალიან დიდი ფული.”

პრეზიდენტი ასევე საუბრობს რუმინეთთან სარკინიგზო ბორნის აღდგენაზე. ”ბათუმი-კონსტანცას გზა გახლავთ უმოკლესი გზა შუა აზიიდან ევროპისაკენ”, აცხადებს სააკაშვილი და ამ გზის ამუშავება, დატვირთვა და ხალხის დასაქმება პრეზიდენტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიაჩნია. სააკაშვილი ასევე საუბრობს თურქეთთან რეგიონის მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ცოტა ხნის წინ თურქეთში თავის ვიზიტსაც იხსენებს, როდესაც ქართული წარმოშობის თურქ ბიზნესმენებს აჭარაში საინვესტიციო საქმიანობისათვის მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდა.

აჭარის უზენაესი საბჭოს წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა, ფაქტობრივად, რეგიონის განვითარების იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა შესახებ ადრეც ჰქონდა განაცხადი გაკეთებული; განსხვავება ის არის, რომ ამჯერად მისი გამოსვლის ადრესატი, აჭარის მოსახლეობასთან ერთად, ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანო და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლება გახლდათ, რომელთაც თავად მოუწევთ ამ პრიორიტეტების რეალიზება.
XS
SM
MD
LG