Accessibility links

ევროპარლამენტი მხარს უჭერს პორტუგალიელ ჟოზე მანუელ დურაუ ბაროზუს


დღეს მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში განთავსებულ ევროპარლამენტში: მისი წევრები (მათი რიცხვი კი წელს ევროკავშირის 10 ახალი ქვეყნით გაფართოების შემდეგ 700-ს აღემატება) მიემხრნენ

ევროკომისიის მეთაურის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას. ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, ერთგვარი მთავრობა და მას, ევროპარლამენტარების ნებით, ჟოზე მანუელ დურაუ ბაროზუ უხელმძღვანელებს. [ბაროზუს ხმა] “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ახლა შევძლებ კომისიის თავმჯდომარის რანგში ვემსახურო ევროკავშირს. ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ევროპარლამენტი მიემხრო ჩემს დანიშვნას”, - თქვა ბაროზუმ კენჭისყრის შემდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ის 1 ნოემბერს შეცვლის რომანო პროდის. რამდენად წარმატებით გაართმევს თავს ახალ ამოცანებს - ამაზე საუბარი კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს. დღეს ბაროზუს შესახებ ზოგად ინფორმაციას გთავაზობთ.

ამ, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჟოზე მანუელ დურაუ ბაროზუ საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში თითქმის უცნობი ფიგურა იყო. 48 წლის იურისტი სათავეში ედგა ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ღარიბი ქვეყნის, პორტუგალიის მთავრობას, როცა მისი კანდიდატურა შეირჩა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტისთვის. რატომ?
როგორც ჩვენი კორესპონდენტი, ბრეფნი ორურკი აღნიშნავს, მოხდა ისე, რომ ბაროზუ აღმოჩნდა მისაღები კანდიდატი ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოებისათვის, მაშინ, როცა ბაროზუზე გაცილებით უფრო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, მავანმა და მავანმა ამათუ იმ მიზეზით დაიწუნა.

მაგალითად ბელგიის პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტატი - ის საფრანგეთისა და გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ მუღებელი აღმოჩნდა ბრიტანეთისათვის, როგორც “ანტიამერიკული ორიენტაციის” მოღვაწე და ევროპული ფედერალიზმის მომხრე. ბრიტანეთისათვის სასურველი კანდიდატი ბრიტანელივე კრის პატენი იყო - საგარეო ურთიერთობათა ამჟამინდელი კომისარი. მაგრამ პატენი ევროპის კონტინენტის დიდმა სახელმწიფოებმა დაიწუნეს.
რაც შეეხება პორტუგალიელ ბაროზუს: [მარკო ინჩერტის ხმა] “ის ამ მხრივ კომპრომისული კანდიდატია. მას შემდეგ, რაც რბოლას მთავარი კანდიდატები გამოეთიშნენ, ბაროზუ ასეთ, კომპრომისულ კანდიდატად უნდა მივიჩნიოთ”,- ამბობს იტალიელი პოლიტოლოგი მარკო ინჩერტი და დასძენს - ეს, შესაძლოა, ცუდი სულაც არ იყოს; მთავარია, როგორ გაუმკლავდება ბაროზუ ახალ მოვალეობებს.

იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ბაროზუს კომპეტენცია, გამოცდილება ამ ახალ მოვალეობებს, ჩვენმა კორეპსონდენტმა პორტუგალიელ ჟურნალისტს, ნუნიო ვინიას დაურეკა: [ვინიას ხმა] “მას საერთაშორისო ასპარზზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს: იყო პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუშაობდა აღმოსავლეთ ტიმორთან, აფრიკასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემაზე”.

ადვილი არც ევროკომისიის პრეზიდენტის საქმე იქნება. ევროკავშირი ესესაა 10 ახალი წევრით გაფართოვდა და მათ ინტეგრაციამდე ჯერ კიდევ შორი, დაბრკოლებებით სავსე გზაა გასავლელი. რთული ამოცანაა ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება, შემდეგ მისი რატიფიცირება...

ევროკომისიის პრეზიდენტი არის მთავარი ფიგურა, რომელსაც ძალების კონსოლიდაცია, პრინციპული გადაწყვეტილებებისა თუ კომპრომისების მიღწევა მოეთხოვება. [მარკო ინჩერტის ხმა] “ბაროზუ კარგი კოორდინატორი უნდა იყოს, კარგი ლიდერი, იმიტომ, რომ ამ გაფართოებულ ევროკავშირთან, მეტ ქვეყანასთან მუშაობა მოუწევს (ვიდრე მის წინამორბედებს).”
ასეთია, პოლიტოლოგ მარკო ინჩერტის შეფასება.

დაბოლოს, ბაროზუს პორტრეტის კიდევ რამდენიმე შტრიხი: მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი რამდენიმე ენას ფლობს, ევროპულ იდეას ერთგულობს და იმავდროულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებულ შტატებთან კარგ ურთიერთობას, ნატოს როლს. რაც შეეხება ევროპულ პოლიტიკას - ბაროზუ ზომიერ კურსს ანიჭებს უპირატესობას: არც ფედერალისტია და არც ნაციონალისტი და აუცილებლად მიიჩნევს სამართლიანობას ევროკავშირის დიდ და პატარა, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებთან მიმართებაში. საინტერესოა ისიც, რომ ბაროზუ თავიდანვე მიემხრო ომს ერაყში, რის გამოც ევროპარლამენტში მემარცხენეებისა და მწვანეების კრიტიკა დაიმსახურა. მაგრამ მათს წინააღმდეგობას შედეგი არ მოჰყოლია: პორტუგალიელ კანდიდატს უდიდესი ფრაქცია მიემხრო - კონსერვატიული ძალები. ეს იყო 413 დეპუტატის ხმები 251-ის წინააღმდეგ.

როგორ წარმოესახება თავისი როლი ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს, მისგანვე მოისმინეთ: [ბაროზუს ხმა] “ჩემი თავი ხიდების მშენებლის როლში წარმომიდგენია. ვფიქრობ, მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა მხოლოდ ერთი განზომილებაა პოლიტიკაში. არის სხვებიც. მემარცხენეებშიც და მემარჯვენეებშიც არიან მოდერნიზაციის მეტად ან ნაკლებად მომხრეები, ორივე ბანაკში არიან ევროპის მომხრეებიც და ევროკავშირის მოწინააღმდეგეებიც”.
XS
SM
MD
LG