Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოველი ქართველის თვალით დანახული რუსეთი, როგორც საქართველოს უაღრესად საშიში მეზობელი


“მითი ორი რუსეთის - კეთილი და ბოროტი რუსეთის - არსებობის თაობაზე სასაცილოა. სინამდვილეში არსებობს მრავალი წახნაგისგან შემდგარი, მაგრამ მაინც ერთი რუსეთი,

სადაც სამხრეთ კავკასიას უკვე დაკარგულად მიიჩნევენ -უსამართლოდ დაკარგულად - და ვერ ეგუებიან ამას. ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის უაღრესად საშიშია, იმიტომ რომ იქ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული,” - ასე ფიქრობს მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დავით მორჩილაძე. ამ რამდენიმე დღის წინ მას თბილისში შევხვდი და დღევანდელ რუსეთზე ვესაუბრე. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს იმის აღწერა, თუ რანაირად ხედავს მოსკოვში მცხოვრები და რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ქართველი ამ ქვეყანას, როგორც საქართველოსთვის საშიშ ერთ მთლიანობას.

[დავით მორჩილაძის ხმა] “რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რა სივრცეში ვხვდებით, როცა მივდივართ რუსეთში, ვერ ვხდებით, რანაირად იღებენ იქ გადაწყვეტილებებს და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ანუ რუსეთი ჩვენთვის არის ყამირი. “ჩვენში” ვგულისხმობ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას. მისთვის რუსეთი არის ტყე, რომელშიც ბილიკები არ იციან და არ იციან, რა ცხოველები დადიან იქ." (სტილი დაცულია)

დავით მორჩილაძე 10 წელია მოსკოვში ცხოვრობს, არის რუსეთის მოქალაქე, მუშაობს ფარმაცევტულ სფეროში, პარალელურად კი არის საზოგადოებრივი მოძრაობა “პრეობრაჟენიას” ლიდერი. ეს მოძრაობა დაკავებულია რუსეთში ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროში ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრებით, იმისათვის რომ ამ გზით იქ როგორმე დაძლეულ იქნეს ბოლშევიკური ცნობიერება, დერჟავნიკური ცნობიერება. საქმე რთულია, რამდენადაც რუსეთში თუ არსებობს საღი აზრი, მის პარალელურად არსებობს ეგრეთ წოდებულ “უსამართლობის” განცდაზე აგებული მასობრივი ცნობიერება. რიგითი და არა მარტო რიგითი რუსისთვის უსამართლობაა გერმანიის გაერთიანება, საბჭოთა კავშირის არარსებობა, გავლენის სივრცის შეზღუდვა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დასავლეთის ინტერესების გაძლიერება და ასე შემდეგ. დავით მორჩილაძე რუსეთში მიმდინარე პროცესებს კარგად იცნობს, ამჩნევს, რომ იქ მიმდინარეობს ბრძოლა ცნობიერების სფეროში, უთანასწორო ბრძოლა საღ აზრსა და ბოლშევიკურ ცნობიერებას შორის და მაინც ორი, კეთილი და ბოროტი, რუსეთის არსებობის თაობაზე შექმნილ მითზე ეცინება. ამ უზარმაზარ ქვეყანას ის ერთ მრავალფეროვან მთლიანობად განიხილავს, საქართველოსთვის საშიშ მთლიანობად, და ფიქრობს, რომ თუ საქართველო ვერ მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, შეიძლება წყალში ჩაყაროს მთელი ის შრომა, რასაც ქვეყნის საერთაშორისო სტატუსის გაძლიერებაში დებს.

[დავით მორჩილაძის ხმა] “მე ვიცი, რა უნდა რუსეთს საქართველოსგან, როგორც მამაკაცური საწყისის ქვეყნისგან. მოენატრათ მათ ჩვენი აქტიურობა, მიმონები მოენატრათ. ადრე თუ აქტიურობა იგრძნობოდა კულტურის სფეროში, დღეს აქტიურობას ითხოვენ ბიზნესის სფეროში, პოლიტიკაში, რაც არ არის.“

რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ასეთ აქტიურობას ითხოვენ ქვეყნისგან, რომელსაც ცუდად იცნობენ. “რუსეთში ქართველებს უყურებენ, როგორც არასერიოზულ ხალხს, რომელიც მუდმივად დასცინის რუსებს და მუდმივად ცდილობს რუსეთის დასუსტებას. იმავდროულად, ვერ ეგუებიან აზრს, რომ საქართველოზე გავლენას კარგავენ და არ შეუძლიათ ზუსტად გითხრან, რაში მდგომარეობს საქართველოში რუსეთის სტრატეგიული ინტერესი,“ - მითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

[დავით მორჩილაძის ხმა] “რუსეთის რეგიონებში როცა მქონია შეხვედრა უბრალო ხალხთან, გვადანაშაულებენ ჩეჩნეთის ომში ქართველებს; მაგათ ჰგონიათ, ამ ომში ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს მღვრიე წყლის შექმნა, ეს უვიცობა, საზოგადოება არ იცნობდეს საქართველოს, - გარკვეული პოლიტიკაა."

“უფრო დიდი პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ვითარდება. პუტინი რუსეთში ერთგვარი სახალხო პრეზიდენტია და ვერ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ აზრს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს,” - ასე ფიქრობს მოძრაობა “პრეობრაჟენიას” ქართველი ლიდერი. მისი აზრით, საქართველომ რუსეთიდან მომავალი აგრესია რუსეთის მიმართ პოლიტიკის შერბილებით კი არა, ამ ქვეყანასთან სისტემური პოლიტიკის აწყობით უნდა დაძლიოს. “ურიგო არ იქნებოდა რუსეთში საგანგებო დავალებათა ელჩის მივლინებაცო,”- ამბობს ის, თუმცა აქ, უმთავრესად, გულისხმობს მუშაობის დაწყებას იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მტრული საზოგადოებრივი აზრი როგორმე შეიცვალოს. რამდენად არის ეს შესაძლებელი, ძნელი სათქმელია. რუსეთისთვის ხომ ამდენ ხანს უცნობი დარჩა ქვეყანა, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.
XS
SM
MD
LG