Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესა, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლამტიკის გარდა, ზოგიერთ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ საკითხსაც შეეხო.

22 ივლისის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, “პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა - ლავროვის უწყებამ სააკაშვილის განცხადებას “ნერვული აშლილობა” უწოდა.”

გაზეთის თქმით, “ვიდრე ოფიციალური თბილისი და მოსკოვი პოლიტიკური განცხადებებით იქცევენ თავს, ოსური სამშვიდობო ბატალიონი რუსეთიდან ახალი სამხედრო ტექნიკით მარაგდება.”

წერილში აგრეთვე ნათქვამია: “დაგომისის ხელშეკრულება, რომელიც ისედაც არ იცავდა ქართული მხარის ინტერესებს იდეალურად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაშინდელმა სამხარეო ხელმძღვანელობამ საქართველოს საზიანოდ გამოიყენა. პირობითი საზღვარი ისე დაიდო, რომ ხუთი სოფელი, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების დროს ქართული მხარე აკონტროლებდა, ცხინვალის კონტროლირებად ზონაში მოხვდა.

დიდი ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის იმ ხელმძღვანელთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ხუთი სოფელი რამდენიმე წლის წინათ ოსურ მხარეს დაუთმეს.”

22 ივლისის გაზეთ “24 საათის” თქმით, “იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალობად აქცევს თავის განცხადებას დაგომისის 1992 წლის შეთანხმების შესაძლო დენონსაციის შესახებ, ეს არსებითად შეცვლის სიტუაციას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.”

გაზეთი წერს: “კერძოდ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთი იძულებული გახდება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამშვიდობო ძალები გაიყვანოს, რაც ოფიციალურ მოსკოვს რეგიონში დომინანტის როლს დააკარგვინებს. ხოლო თუ კრემლი გაჯიუტდება და კონფლიქტის ზონიდან “ცისფერჩაფხუტიანების” გაყვანაზე უარს იტყვის, დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ საერთაშორისო წრეების მიერ რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად გამოცხადდეს.
ვითარების ასეთი შეცვლა ხელს ნამდვილად არ აძლევს ოსურ მხარეს, რომლის წარმომადგენლებმაც უკვე გუშინვე გამოხატეს თავიანთი შეშფოთება: დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა უმალ პაციფისტის მანტია მოისხა და გამოთქვა ვარაუდი, რომ კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას აუცილებლად შეიარაღებული დაპირისპირების განახლება მოჰყვება.”

ამასობაში კი ცხინვალელი სეპარატისტები საომრად ემზადებიან. როგორც 23 ივლისის “მთავარი გაზეთი” აღნიშნავს, “ჯავაში დამთავრდა პარტიზანული ბაზის მშენებლობა.”

გაზეთი გვამცნობს: “ქართული სპეცსამსახურების მონაცემებით, ბაზაში უკვე შეიტანეს პროდუქტები და მედიკამენტები და ამჟამად იწყება საცეცხლე წერტილების გარშემო განლაგება.”

“თავად ცხინვალშიც საინტერესო მოძრაობა დაიწყო - კოკოითის მთავარი საველე მეთაურის (ე.წ. შს მინისტრის) გულიევის ერთ-ერთი მოადგილე გაემგზავრა მაიკოპში მორიგ მოხალისეთა პუნქტის გასახსნელად. სამი დღით ადრე კოკოითმა თავისი ნათესავები მაჰაჩყალაში ანალოგიური მისიით გაგზავნა. შეგახსენებთ, რომ სამასამდე დაღესტნელი უკვე იმყოფება ცხინვალის რეგიონში და მათი ბაზირების სავარაუდო ადგილი სოფელი გუფთაა. როგორც ჩანს, ეს რიცხვი კოკოითს არ აკმაყოფილებს და დაღესტნიდან უფრო მეტი დაქირავებულების ჩამოყვანა სურს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა (ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეამბოხე ხელისუფლების გამოკლებით) ყველანაირად ხელს უწყობს კოკოითის ემისრებს.”

ახლა კი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ზოგიერთ თემას შევეხებით. უსახსრობის გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

23 ივლისის გაზეთი “24 საათი” შეგვახსენებს, რომ “საქართველოსთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის უშიშროების იზოლატორიდან თენგიზ ასანიძე გათავისუფლდა, მაგრამ ევროსასამართლოს მიერ დაკისრებულ სანქციას საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს.”

გაზეთი წერს: “საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა აჭარის აწ უკვე ყოფილ ლიდერზე, რათა მისი მხრიდან ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მიეღწია, ამჟამად თავად ურჩობს.”

“არადა, ასანიძის უკანონო პატიმრობისთვის დაკისრებული 150 ათასი ევრო (პლუს 5 ათასი ადვოკატთა მომსახურებისთვის) სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გაღებული.
“ბიუჯეტს კი ერთი ადამიანისთვის მისაცემი ამხელა თანხა არ გააჩნია”, - ასეთი ახსნა-განმარტება მიიღო თენგიზ ასანიძემ, როდესაც საქმეში გარკვევა გადაწყვიტა.”

“8 ივლისის შემდეგ კი ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებულ 155 ათას ევროს საჯარიმო პროცენტები ემატება, - ყოველთვიურად საკმაოდ მაღალი, - ევრობანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს დამატებული საერთო თანხის სამი პროცენტი.”

გაზეთი აღნიშნავს, რომ “კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის პოლიტიკური სანქციები, რომლებიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულებას შეიძლება მოჰყვეს.”

ევროსასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენელი თიკო ბურჯალიანი არ გამორიცხავს, რომ “ასანიძის საქმის მოუგვარებლობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთვის ხმის შეწყვეტის მოთხოვნა მოჰყვეს, მეტიც, ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხიც კი დადგეს.”

21 ივლისის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმების შედეგად უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს თვითდასაქმებაზე ფიქრი მოუწევთ. ხელისუფლება მათ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და, შესაბამისად, იქ დასაქმებას ჰპირდება. უკვე უმუშევრად დარჩენილები კი ამ “შეთავაზებას” უიმედოდ უყურებენ და მთავრობის ქმედებას ხან აქციებით და ხანაც სხვა მეთოდებით აპროტესტებენ.”

-დააკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო იმ პირებს, რომლებმაც რეფორმის შედეგად სამსახურები დაკარგეს? -ამ კითხვით მიმართა გაზეთმა რამდენიმე რესპონდენტს. ერთმა მათგანმა განაცხადა: “პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში პირდაპირ მიუთითა, რომ სახელმწიფო უმუშევრების დასაქმებას მაშინ შეძლებს, როცა ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდება. დამეთანხმებით, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება მომავლის საქმეა.
სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომელთა შემცირების საკითხს ორი მხარე აქვს - აღარ იარსებებს ხელოვნურად გაზრდილი უწყებები და შტატები; მეორე მხრივ კი - ადამიანები უმუშევრები იქნებიან და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სამუშაო ადგილების შექმნა იყო.”

თბილისში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ და ნიაღვარმა, ხელისუფალთა განცხადებით, 4 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა დედაქალაქს. მთავარ პრობლემად მიჩნეულია ის, რომ ნაგვით ამოვსებულმა სანიაღვრე კოლექტორებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს. გაზეთების ინფორმაციით, წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა არანაირ კომპენსაციას არ მიიღებს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით.

23 ივლისის გაზეთი “24 საათი” კი გვამცნობს, რომ “თბილისის წლევანდელ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი ფენისთვის უფასო სასადილოების დასაფინანსებლად 769 ათასი ლარია გათვალისწინებული.”

გაზეთი წერს: “შარშანდელ ბიუჯეტს ეს თანხა ოდნავ აღემატება. ეს მატება იმდენად მცირეა, რომ კლიენტები უკეთესობას ვერ იგრძნობენ. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის: “სასადილოების წლევანდელი ბიუჯეტი ისეა გათვლილ-განაწილებული, რომ თავი და ბოლო ვერ გავუგეთ”, - აცხადებენ საკრებულოში თავიანთ მიერვე დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ.

თბილისის 2004 წლის ბიუჯეტმა, ქალაქის კეთილმოწყობისა და ახლად შობილი საპატრულო პოლიციის გარდა, არაერთ საბიუჯეტო უწყებას გაუცრუა იმედი. საკმაოდ ბევრი პროექტი დარჩა ქაღალდზე.”
XS
SM
MD
LG